ინტერვიუები

16:30 | 13.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: “ჩემპიონთა ლიგა სათავგადასავლო შვებულება არაა”

ბუნდესლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული და თასის მფლობელი კლუბის, “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, გუნდის დანაკარგზე და მომავალი სეზონის პერიპეტიებზე კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.
-    ბატონო კლოპ, ამბობენ, საპასუხისმგებლო მატჩში განცდილი მარცხი, გუნდს დიდი ხნის განმავლობაში მიყვება. როგორაა საქმე, როდესაც გუნდი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმარჯვებს, ორჯერ ხდება ჩემპიონი და იღებს თასს?
-    გამარჯვებებით გამოწვეული ეიფერია მალე გადის. სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიხსენებ დღეს, როდესაც პრობლემები მქონდა. გამარჯვებებს პოზიტიური განწყობა მოაქვს. თავისთავად, უსიამოვნო მომენტებისთვის მზად უნდა იყო, რათა მერე მათ იოლად გაუმკლავდე.
-    ამ საკითხზე მოთამაშეთა მიდგომა როგორია?
-    ბიჭებმა ამ კითხვას პასუხი დიდი ხნის წინ გასცეს, კონკრეტულად კი, მაშინ, როდესაც უკვე ჩემპიონის რანგში, მომდევნო სამი თამაში მოიგეს. მათ დიდი წნეხი მოიშორეს, მაგრამ წინდაწინ ზეიმს არ შეყვნენ და არც თამაშები დათმეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
-    გაზეთების სათაურების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრესიული ჩანხართ - “კლოპს მესამე ჩემპიონატის მოგება სურს”, “კლოპი ლიოვს დასცინის”, “კლოპმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა”...
-    მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ვისწავლე, რომ ენა არ უნდა ატრიალო, რადგან ნებისმიერი არასწორედ ნათქვამი, უსწრაფესად ვრცელდება. ადამიანები ამ გაზეთის სათაურების მიხედვით იფიქრებენ - “ეს ვინ იდიოტია”. მაგრამ ასეთ ამბებს ვერ გაექცევი. ხანდახან დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი და შესაძლოა, რაღაც ზედმეტი დამცდეს. ეს პირადად ჩემთვისაც თვალში საცემია. თუკი ასეთი რამეები დაიბეჭდა, ესე იგი დამნაშავე ვარ. მაგრამ ჩემი ბრალი არაა, რომ ზოგიერთი სათაური სიმართლეს არ შეესაბამება. საბედნიეროდ, ჩემი მოთამაშეები მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ვეუბნები.
-    არ შეგიძლიათ ამ ყველაფრისთვის თავის არიდება?
-    არა, რადგან ვალდებული ხარ, ყველა მასობრივ საინფორმაციო საშუალებას მოემსახურო და ეს ასეც უნდა იყოს. ყველას გვიყვარს ეს თამაში და ფაქტია, პრესის გარეშე ფეხბურთი ვერ იარსებებდა. სწორედ ამიტომ, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.
-    მას შემდეგ, რაც “ბაიერნის” სპორტულ დირექტორად მათიას ზამერი დაინიშნა, ის სერიოზულად უმიზნებს ჩემპიონობას. არ  გაფიქრებთ ეს ფაქტი?
-    100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ახლა “ბაიერნი” მხოლოდ წინ იყურება. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ამ დანიშვნას. მაგრამ ნურც იმას დაივიწყებთ, რომ ჩემპიონატში მხოლოდ “ბაიერნი” და “დორტმუნდი” არ თამაშობენ. საჩემპიონო რბოლას მესამე, მეოთხე გუნდი აუცილებლად შეუერთდება და ეს გათამაშებას მეტ ხიბლს შესძენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ სეზონშიც მიმზიდველი თამაში ვაჩვენოთ. ამ წელს გამარჯვება გარანტირებული არ გვაქვს და არც ადამიანები უნდა იყვნენ გულდაწყვეტილი ჩვენი თამაშის ხილვით. როდესაც ადამიანი 300 კილომეტრს გადის შენი თამაშის სანახავად, მას გული არ უნდა დაწყვიტო. სამმა დიდებულმა გამარჯვებამ, ჩვენი ცეცხლი კი არ უნდა ჩააქროს, ის უფრო კაშკაშა უნდა გახადოს.
-    ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში უფრო მაღალ მიზნებს ისახავთ, ვიდრე გასულ წელს?
-    ვფიქრობ, ახლა უფრო რეალურია ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა. ჩვენ შეგვიძლია იქ წარმატების მიღწევა. განვლილი ტურნირიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილი შევითვისეთ.
-    კაგავასა და ბარიოსის წასვლის გამო, ორი გამორჩეული ფეხბურთელი დაკარგეთ. ალბათ, უფრო მეტად გული კაგავას წასვლამ დაგწყვიტათ.
-    მე მართლაც ვტიროდი (იცინის), მაგრამ, არა მხოლოდ სინჯის წასვლის გამო. ჩვენ დავკარგეთ ლუკასი, ტონი და სილვა, ფლორიან კრინგე. ყველა მათგანი ძალიან კარგი ბიჭია და ბოლომდე შეასრულეს დავალებები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სინჯი მაინც გამორჩეული იყო. წასვლისას ისიც ტიროდა და ჩვენც. მას კეთილი სურვილებით დავშორდდით. ლუკასიც მსოფლიო კლასის თავდამსხმელია. მისთვის რთული იყო იმის ყურება, როგორ თამაშობდნენ მის პოზიციაზე სხვები. როდესაც ლუკასს თავის გამოჩენის შანსი მიეცა, მან ჰეთ თრიკი შეასრულა.
-    როგორ ფიქრობთ, კაგავა ინგლისის პრემიერლიგაშიც წარმატებით ითამაშებს?
-    დიახ. მას საოცარი ნიჭი აქვს, რომელიც ევროპის ნებისმიერ ლიგას შეესაბამება. დანარჩენს დავინახავთ. კაგავასგან მხოლოდ საუკეთესო მოგონებები დაგვრჩა. ვინ იცის, ეგებ ჩვენი გზები ოდესმე კიდევ გადაიკვეთოს. შესაძლოა, ის ოდესმე მიხვდეს, რომ დორტმუნდში თამაში ისეთივე კარგია, როგორიც მანჩესტერში. მაშინ ის ჩვენთან დაბრუნდება და კიდევ შვიდი-რვა წელიწადი ითამაშებს (იცინის).
-    ისევ ჩემპიონთა ლიგაზე: მიაგენით მიზეზს იმისას, თუ ერთი და იგივე გუნდი რატომ იყო ლიდერი ჩემპიონატში და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილზე გავიდა?
-    მთლიანობაში, ჩემპიონთა ლიგაზე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ არასაკმარისი თანმიმდევრობით როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. გვსურდა უკეთ გვეთამაშა, მაგრამ დაახლოებით 80 პროცენტს ვერ ავცდით, ეს ციფრი კი, ჩემპიონთა ლიგისთვის არასაკმარისია. ხშირად ვურტყამდით კარში, მაგრამ იშვიათად ვიტანდით, იმავე “მარსელმა” კი, პრაქტიკულად ყველა შანსი გამოიყენა.
-    რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ეს სეზონი უკეთესი იქნება?
-    ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ჯერაც განსაკუთრებულია. მაგრამ ის არა სათავგადასავლო, არამედ ტოპ-კლასის შეჯიბრებაა, სადაც თავს განსაკუთრებულად ვიგრძნობთ. გუნდებმა, რომელთაც ბუნდესლიგაში ვაჯობეთ, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშეს - “ბაიერნი” ფინალში გავიდა, “შალკე” ნახევარფინალში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ფინალში, ან ნახევარფინალში ჩვენც გავალთ. უბრალოდ, წელს უფრო თავდაჯერებული ვიქნებით, ვიდრე შარშან, როდესაც ამ ტურნირზე ახალბედები ვიყავით. ვფიქრობ, ეს უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.161998