ერთი კვირის განმავლობაში “დორტმუნდმა” მიუნხენის “ბაიერნსა” და გელზენკირხენის “შალკეს” მოუგო, რითაც ზედიზედ მეორედ ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულის დაუფლება პრაქტიკულად გაინაღდა. “ბილდი” დორტმუნდელთა მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს გაესაუბრა და დიალოგი მილოცვით დაიწყო.
- ჰერ კლოპ, გილოცავთ ზედიზედ მეორედ ბუნდესლიგის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოპოვებას...
- ჯერჯერობით ჩემპიონობა განაღდებული არ გვაქვს, ამიტომაც ზეიმი ნაადრევად მიმაჩნია. თუმცა, გულწრფელად თუ ვიტყვი, წინა კვირის განმავლობაში პირველობის გასაფორმებლად წინ 2 უდიდესი ნაბიჯი გადავდგით და ამ შანსს ხელიდან ნამდვილად აღარ გავუშვებთ.
- 4 დღის განმავლობაში ჯერ უშუალო კონკურენტს, მიუნხენის “ბაიერნს” სძლიეთ, შემდეგ კი გელზენკირხენში, რურის დერბის მატჩში “შალკე” დაამარცხეთ. ძნელი წარმოსადგენია არაა, რაოდენ ამაღლებული სულიერ განწყობაზე იქნებით...
- ამაღლებულ განწყობასთან ერთად, შვება ვიგრძენი. ისე კი, ნუ დავივიწყებთ “ვოლფსბურგთან” ჩატარებულ შეხვედრას. სწორედ ამ 3 მატჩს მივიჩნევდი მიმდინარე სეზონის გადამწყვეტ და ყველაზე მძიმე დაპირესპირებებად. ხსენებულ პაექრობებში “დორტმუნდმა” თავისი პოტენციალი პრაქტიკულად სრულად წარმოაჩინა. კლუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი სათამაშო კვირა წარმატებით მოვილიეთ.
- რურის დერბიში გამარჯვება როგორ აღნიშნეთ?
- ჩვეულებრივად. ისევე როგორც წელიწადის სხვა შაბათი საღამო, ამ დღის დასკვნითი ნაწილი ჩემ საყვარელ დივანზე მოკალათებულმა გავატარე. სპორტულ გადაცემებს მივადევნე თვალი, შემდეგ კი დასაძინებლად გავეშურე. ბოლო მატჩებმა დიდძალი ენერგია დამახარჯინა, გადავიღალე და ვფიქრობ, დასვენებას ვიმსახურებდი.
- გასულ კვირაში ყველაზე მეტად რომელმა მომენტმა გაგახარათ?
- ჩვენი მეკარის, რომან ვაიდენფელერის მიერ პენალტის აღებამ. ეს ყველაზე მეტად ამაღელვებელი ეპიზოდი გახლდათ. როდესაც რობერტ ლევანდოვსკის გოლი გაჰქონდა, კონცენტრირებული გვერდით არბიტრზე ვიყავი. ლაინსმენს ვაკვირდებოდი და როცა მან ალამი არ ასწია, გამიხარდა, თუმცა, ისეთი ბედნიერი ნამდვილად არ ვიყავი, როცა ვაიდენფელერმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დარტყმული ბურთი ხელებში გააქვავა.
- მთელი სეზონის განმავლობაში გულშემატკივრები და სპეციალისტები “დორტმუნდსა” და “ბაიერნს” ერთმანეთს ადარებენ. თქვენი გუნდი რა ასპექტით ჯობს იუპ ჰაინკესის კოლექტივს?
- მიუნხენის “ბაიერნს” დიდ პატივს ვცემ. სეზონის დასკვნით ეტაპზე მის ფეხბურთელებს დიდძალი ენერგია წაართვა ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა. თანაც, ქვეშეცნეულად, ბავარიელები ჩვენთან დაპირისპირების დროსაც კი მადრიდის “რეალთან” სამომავლო შეხვედრებზე ფიქრობდნენ. ბუნდესლიგის ფინიშზე “დორტმუნდი” უფრო მეტად კონცენტრირებულად და მყარი ნერვებით გამოიყურება.
- კრისტიან ნერლინგერი დღემდე ამტკიცებს, რომ “ბაიერნი” გერმანიის ნომერ პირველი კლუბია. ეთანხმებით მიუნხენელთა გენერალური მენეჯერის თვალსაზრისს?
- დიახ. “ბაიერნი” რამდენიმე ათწლეულია, გერმანული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს წარმოადგენს. ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ჩემპიონთა ლიგაზე სუსტად გამოვედით...
- გერმანიის თასის ფინალში ხართ გასულები, რომელშიც მოწინააღმდეგედ “ბაიერნი” გელოდებათ. აპირებთ დუბლის გაკეთებას?
- ჯერ მხოლოდ მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” შეხვედრაზე ვფიქრობ. სათასო ფინალისთვის მზადებას მხოლოდ ამ მატჩის შემდეგ შევუდგებით.
- ამასწინათ ოტმარ ჰიტცფელდმა განაცხადა, რომ “ბაიერნთან” შედარებით “დორტმუნდი” უფროა მოწყურებული ტიტულების დაუფლებას. იზიარებთ იმ ადამიანის აზრს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მიუნხენელებსაც მოაგებინა და დორტმუნდელებსაც?
- გამარჯვებისკენ სწრაფვა “ბაიერნსაც” არასდროს აკლდა. მას ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვუსურვებ. ბუნდესლიგას რაც შეეხება, ჩვენ უფრო სტაბილური თამაში ვაჩვენეთ. ბოლოს და ბოლოს, 25 მატჩი ზედიზედ წაუგებლად ჩავატარეთ.
- თქვენი გუნდი უაღრესად ჟინიანად თამაშობს. ამ თვისებას ფეხბურთელებს უნერგავთ, თუ ეს თვისება დორტმუნდელ მოთამაშეებს თანდაყოლილი აქვთ?
- ვისურვებდი ყველა სფეროში ისეთივე პროფესიონალები იყვნენ, როგორი სპორტსმენებიც “დორტმუნდის” ფეხბურთელები არიან.
- მინდორზე გასვლის წინ რას ეუბნებით თქვენ მოთამაშეებს?
- ყოველი მატჩის წინ მათ საბრძოლველად განწყობა ნამდვილად არ სჭირდებათ. ისინი უჩემოდაც კარგად გრძნობენ, რურელ მაყურებელს ყველაზე მეტად რა გაახარებს. გულშემატკივარიც მისდამი ჩვენეულ დამოკიდებულებას კარგად გრძნობს. სამწუხაროდ, ვერც პოლიტიკურ სიტუაციას გამოვასწორებ და ვერც ეკონომიკურს, სამაგიეროდ, ჩვენი გუნდი ახერხებს მატჩის მსვლელობისთვის განკუთვნილი დროის განმავლობაში ადამიანებს სიხარულის გრძნობა განაცდევინოს.
გოჩა კაჭარავა