ევროპის ლიგაზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” სლოვაკეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტრნავას “სპარტაკი” ერგო. სლოვაკები კოპიტნარის აეროპორტში 13:30 წუთზე ჩარტერული რეისით დაეშვნენ. ისინი წყალტუბოში, სასტუმრო “წყალტუბო პლაზა”-ში დაბინავდნენ. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს კი 20:00 საათზე მოადგნენ, სადაც წინასამატჩო ვარჯიში ჰქონდათ დაგეგმილი. ვარჯიშის დაწყებამდე კი “სპარტაკის” დამრიგებელმა იურაი იარაბეკმა სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტებისათვის ხანმოკლე პრესკონფერენცია გამართა:
იურაი იარაბეკი: უპირველესად მინდა ყველას მოგესალმოთ. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართულ ფეხბურთს. ვიცით, თუ როგორ უყვართ აქ ფეხბურთი. ძალიან ბევრ სლოვაკურ გუნდს და ჩემს თანამემამულეს უთამაშია საქართველოში. ჩვენ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.
- მეტოქე გუნდზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- მე ვნახე “ზესტაფონის” ორი ამხანაგური შეხვედრა სლოვაკურ “პოდბრეზოვასთან” და უკრაინულ “შახტართან”. ვიცი, რომ ძალიან ტექნიკური მეტოქე გვეყოლება, რომელიც სწრაფ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. შევეცდებით ჩვენი ფეხბურთი დავუპირისპიროთ მოწინააღმდეგეს.
- ხვალისათვის რა ტაქტიკური სქემით აპირებთ თამაშს?
- მეტოქე გუნდიდან გამომდინარე გამოვიტანთ დასკვნებს. ყოველ შემთხვევაში, გვინდა ქომაგებს კარგი ფეხბურთი ვუჩვენოთ.
- საერთოდ, როგორ ფეხბურთს ანიჭებთ უპირატესობას?
- ცალსახად ვერ გიპასუხებთ. საერთოდ დიდად მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის შესწავლა. ისე შეგვიძლია ტექნიკურად გამართული ფეხბურთის თამაშიც და ძალისმიერიც, რომელიც მაღალ სისწრაფეებს ეფუძნება. საერთო ჯამში კი ის ფეხბურთია მისაღები, რომელსაც შედეგი მოაქვს.
- თქვენი გუნდი როგორ ფორმაში ხვდება ხვალინდელ პაექრობას?
- ჩემპიონატი ახალი დაწყებულია. სასურველ ფორმამდე ბევრი გვიკლია, თუმცა ვალდებულნი ვართ და გვსურს ევროპის ლიგის პირველი ბარიერი დავძლიოთ, თუმცა ეს ყველაფერი დიდი ბრძოლის და მატჩების სწორად წარმართვის შედეგად მოხდება.
პრესკონფერენციის შემდეგ სლოვაკმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის ვარჯიშს უხელმძღვანელა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სტუმრებმა რაიმე განსაკუთრებული გააკეთეს “დავით აბაშიძეზე”. მათ ორგანიზებულად ჩაატარეს მოთელვა. მერე ბურთან ერთადაც ივარჯიშეს. აშკარად გამოჩნდა ის, რომ ტრნაველები კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან. ბევრ მათგანს არც სისწრაფე დაეწუნება. საერთო ჯამში კი სლოვაკებმა საათიანი ვარჯიში მხიარულად დაასრულეს.
“ზესტაფონისა” და “სპარტაკის” დაპირისპირება 17 ივლისს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.