კალათბურთი

2:47 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

იუბილე: ნიკოლოზ დერიუგინი – 55

ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინი 30 აპრილს 55 წლის გახდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ნიკოლოზ დერიუგინს იუბილე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

სახელგანთქმული კალათბურთელი 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში დაიბადა. თამაში იქვე დაიწყო, 1977 წელს კი ქვეყნის საუკეთესო კლუბში, თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა, სადაც 1986 წლის ჩათვლით იასპარეზა. კარიერის მიწურულს იყო თბილისის “თბილისის”, “ვითას”, სდასუს, უნგრეთის “მაფის” და სლოვაკეთის “სლოვაკოფარმას” მოთამაშე.

1978-1985 წლებში ნიკოლოზ დერიუგინი საბჭოთა ნაკრების ცენტრი გახლდათ, 1995-1996 წლებში კი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად დერიუგინმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია: 1981 წელს – ევროპის, ხოლო 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიადაზე დერიუგინმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1977 წელს მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო ახალგაზრდებს შორის, 1977 და 1979 წლებში კი საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა.

1993 წელს დერიუგინი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.117331