ინტერვიუები

12:21 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

იუბილარი ლევანი: "40 წლამდე არ მგონია, მაგრამ სანამ შევძლებ, ვითამაშებ"

რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ლევან კორღალიძე დღეს იუბილარია - 33 წლის გახდა. ლატვიის 6-გზის ჩემპიონი, 4-გზის თასის მფლობელი და ასევე, მოლდოვის ჩემპიონი "მეტალურგში" გასული წლის ბოლოს ჩაირიცხა, ახლა კი ტრავმა აქვს და როგორც თავად გვითხრა, დაახლოებით ერთ თვეში შესძლებს თამაშს.
"მსოფლიო სპორტი" კორღალიძეს ესაუბრა:

- თურქულ შეკრებაზე ახლდით "მეტალურგს", თუმცა არ გითამაშიათ.
- 30 იანვარს მივიღე ტრავმა, "ვიტ ჯორჯიასთან" ამხანაგური თამაშისას დავშავდი. თურქეთში წავედი, მაგრამ სულ ორი დღე ვივარჯიშე და ვეღარ შევძელი. მუხლის ტრავმა მაქვს. ვარჯიშს მალე დავიწყებ, დაახლოებით ერთ თვეში კი თამაშს შევძლებ.
- ფეხბურთელისთვის ძალიან რთულია ტრიბუნიდან თამაშის ყურება...
- ძალიან. სჯობს, სტადიონის გარეთ გახვიდე. ტრიბუნიდან ყურება საშინელებაა.
- "მეტალურგის" რომელი მატჩი მოგეწონათ თურქეთში?
- ბოლო მატჩს გამოვარჩევდი, ნოვოკუზნეცკის "მეტალურგთან" მოგებას. კორეელებთან გამარჯვებაც კარგი იყო. საერთოდ, ჩვენი გუნდი მომეწონა, ბიჭები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. გიორგი ყიფიანი ისეთ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს, რომელიც ჩემს გემოვნებაშია - დაბალი პასი, ტექნიკური თამაში, იმპროვიზაცია.  ძნელად შესასრულებელია, მაგრამ ვფიქრობ, ფეხბურთის ხიბლი სწორედ ამაშია. მაგალითად, როცა "ზესტაფონში" ვიყავი გია გეგუჩაძის დროს, სწორედ ასე ვთამაშობდით.
- "მეტალურგი" ქვედა ექვსეულშია, თუმცა გავარდნის საფრთხე არ ემუქრება. სატურნირო უმოტივაციობა რთული არაა?
- თასზე ვართ დარჩენილები და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თანაც, მომდევნო სეზონისთვის უკვე სხვა მიზნები გვექნება. მანამდე გუნდი წინ წავა, დაიხვეწება.
- როგორც გამოცდილსა და 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს, ალბათ, ახალგაზრდებისთვის რჩევების მიცემაც დაგევალათ.
- როდესაც საჭიროდ ჩავთვლი, რა თქმა უნდა, ასე ვიზამ. ჩემი გამოცდილება და პროფესიონალიზმი მაძლევს საშუალებას, რომ ახალგაზრდებს მივუთითო. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ვიცი, ეს მათ არ ეთაკილებათ.
- ჟინი და მოტივაცია ძველებურად გაქვთ?
- დიახ. როცა შევატყობ, რომ ამის ძალა აღარ მექნება, წავალ. ისე, არ მგონია, 40 წლამდე ვითამაშო. "მეტალურგში" იმიტომ მოვედი, რომ საქართველოშიც მოვიგო ტიტული. ლატვიაში 6-ჯერ ჩემპიონი გავხდი, 4-ჯერ თასი მოვიგე, მოლდოვის ჩემპიონობაც მოვიპოვე. საქართველოს დროა... ისე, 2010 წელს "ზესტაფონში" მქონდა იმედი ჩემპიონობის, თუმცა მესამეზე გავედით. რუსთავის "ოლიმპმა" და თბილისის "დინამომ" გაგვისწრეს.     
- "სკონტოში" წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყავით, გუნდი ლატვიის ჩემპიონი ხდებოდა და საინტერესოა, უფრო მაღალი დონის კლუბში რატომ ვერ გადახვედით?
- 2004 წელს კიევის "დინამო" მიწვევდა. საკმაოდ წარმატებული სეზონი მქონდა. დსთ-ის თასზე ფინალში გავედით და თბილისის "დინამოსთან' წავაგეთ. ტურნირის 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დამასახელეს. მალევე, კიევში ვალერი ლობანოვსკის თასის გათამაშება დაიწყო, პირველ შეხვედრაში კიევის "დინამოს" ვხვდებოდით და მძიმე ტრავმა მივიღე, რის შემდეგაც 6 თვე გამიცდა. ასე ჩამეშალა კიევური ვარიანტი. მქონდა კონკრეტული წინადადებები "ალანიადან" და "როსტოვიდან", მაგრამ ამ შემთხვევაში თანხაზე ვერ შეთანხმდენენ "სკონტოსთან". რიგელებთან მოქმედი კონტრაქტი მქონდა და საკმაო თანხა მოითხოვა.
- 2004 წელს დსთ-ის თასზე, როგორც მახსოვს, თბილისის "დინამოს" ჯგუფის შეხვედრაში გოლი გაუტანეთ.
- დიახ, ის მატჩი 2:2 დასრულდა. 1:1 იყო და 2:1 გავხადე ანგარიში. შემდეგ კი, "დინამოსთან" ფინალი 1:3 წავაგეთ. ნახევარფინალშიც გავიტანე გადამწყვეტი გოლი. "სკონტოში" კარგი წლები გავატარე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მოლდოვაში სხვა აღიარება მქონდა.   
- "დაჩიას" ჩემპიონობას გულისხმობთ?
- არამხოლოდ ჩემპიონობას. გარდა იმისა, რომ სასწაული მოვახდინეთ და "შერიფის" ჰეგემონია დავამხეთ, მოლდოვის თვის ადამიანად დამასახელეს და გადმომცეს პრიზი, რომელსაც ჰქვია "მარადონა ტროფი". საფეხბურთო სამყაროდან, მოლდოვაში თვის ადამიანი მხოლოდ მე, იგორ დობროვოლსკი და "შახტარის" მეორე მწვრთნელი სპირიდონი გავხმდარვართ. სხვა არავინ.
- ისე, რა კლუბია ასეთი "შერიფი", რომ მას ვერავინ ვერაფერს "უბედავს"?        
- ინფრასტრუქტურა, ფინანსები... 2004 წელს "შერიფმა" ბაზა რომ ააშენა, იმ დროს ევროპის 5 საუკეთესო ბაზას შორის შედიოდა. წლობით გაანგარიშებული პროგრამა აქვთ, ძლიერი ლეგიონერები ჩამოჰყავთ. 2010/2011 წლების სეზონში 9 ქულით გავუსწარით. ის სეზონი მართლაც გამორჩეული იყო ჩემთვის: "დაჩიამ" 66 გოლი გაიტანა, აქედან 13 მე შევაგდე, 16 საგოლე პასიც გავაკეთე.
- თქვენი ერთ-ერთი გოლი ხომ გადამწყვეტი იყო? "შერიფთან" გატანილს ვგულისხმობ.
- დიახ, ეს იყო ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე. ორი ქულით ვუსწრებდით "შერიფს" და შინ 0:1-ს ვაგებდით, 88-ე წუთზე შორეული დარტყმით გავათანაბრე. 1:1 დასრულდა, ამის შემდეგ კი "შერიფი" მოეშვა და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ საქმე. არადა, რომ წაგვეგო, დარწმუნებული ვარ, "შერიფი" დარჩენილ თამაშებს მოიგებდა და შანსი არ გვექნებოდა. ამიტომაც დაასახელეს ჩემი გოლი "დაჩიას" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად.
- ეროვნულ ნაკრებში სულ 3 მატჩი ჩაგიტარებიათ. გული არ გწყდებათ, რომ უფრო ხშირად ვერ თამაშობდით?
- როცა მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, მეგონა, გამომიძახებდნენ. ვფიქრობ, შანსს მაინც ვიმსახურებდი.  

 


 

თეგებიკორღალიძე
0.115508