არაერთხელ საუკეთესოდ აღიარებული ფეხბურთელის და ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი უპოპულარულესი ადამიანის - ლეო მესის გაცნობაზე ვის არ უოცნებია... ჰოდა, ახლა ყველას უკვე იოლად შეეძლება ამ ოცნების ასრულება. თუკი კაცი 5 ათას ევროს გადაიხდის, ლეო მესის არამხოლოდ გაიცნობს, არამედ მასთან ერთად თევზაობის საშუალებაც კი მიეცემა.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი თვეში ერთხელ მოაწყობს თავისუფალ დღეს, როდესაც ნებისმიერ მსურველთან ერთად სათევზაოდ წავა. მსურველების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ადამიანს. დანარჩენ მსურველებს კი ლეო ჰპირდება, რომ შემდეგ თვეებში გაიცნობს და წაიყვანს სათევზაოდ.
როგორც ვთქვით, მესის გულშემატკივრებს ყოველივე ეს 5 ათასი ევრო დაუჯდებათ, თუმცა, ამ თანხიდან ლეო კაპიკსაც კი არ იღებს - მთელი შემოსული თანხა გაეროს ბავშვთა ფონდში გადაირიცხება და შიდსით დაავადებულ პატარებს მოხმარდება. იმედია, ამგვარ საჭირო და კეთილშობილურ საქმეში მესის სხვა ფეხბურთელებიც მიბაძავენ.