საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ციკლში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და იტალიურ ტრენტოში მასპინძლებთან 69:85 დამარცხდა.
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ გასულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ რიკი ჰიკმანს, რომელიც თანამემამულე ლუკ ზელერთან ერთად საქართველოს ეროვნულ გუნდში სულ ახლახანს გამოჩნდა.
იტალიელებთან მატჩში კოკოშკოვმა არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე გააკეთა, ჰიკმანს კი სავარაუდოდ მომავალ შეხვედრებში გამოსცდის. რაც შეეხება ზელერს. მისი ნაკრებში დარჩენის შანსი ისედაც მიზერული გახლდათ (ევრობასკეტისთვის განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული მოთამაშის შეყვანა შეიძლება), იტალიელებთან ნულქულიანი თამაშის კვალად კი, იმედია, სათანადო დასკვნებს მწვრთნელებიც გამოიტანენ...
ტრენტოს ტურნირის ფავორიტად შერაცხულ იტალიელებთან მატჩში კოკოშკოვმა ასეთი სასტარტო ხუთეული დააყენა: ბოისა, ცინცაძე, შერმადინი, მარკოიშვილი, სანიკიძე. საბოლოოდ, ქართველთაგან ყველაზე უკეთ გიორგი შერმადინი წარმოჩინდა, რაც ზაზა ფაჩულიას არყოფნაში განსაკუთრებით სასიამოვნო უნდა იყოს.
შერმადინმა, რომელიც მომავალ ევრობასკეტზე სავარაუდოდ, ნაკრების ძირითადი ცენტრი იქნება, 5-დან 4 ორქულიანი და 10-ვე (!) საჯარიმო ჩააგდო, 18 ქულას კი 12 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა და სარგებლიანობის კოეფიციენტის (27) მიხედვით, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
10-ქულიან ზღვარს უწიეს ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი ცინცაძემაც, მანუჩარ მარკოიშვილს კი სროლა არ წაუვიდა. სტამბულის “გალათასარაის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამაშიდან 12-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა და 7 ქულას დასჯერდა.
თუკი თამაშის მიმდინარეობას დავუბრუნდებით, აღსანიშნავია, რომ იტალიელები “გაქცევას” იმ შემთხვევებში ახერხებდნენ, როდესაც კოკოშკოვს მოედანზე სათადარიგო მოთამაშეები შეყავდა. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებში სამარქაფოები გუნდის ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩებიან, დავა-კამათს არ ექვემდებარება...
თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს ნაკრებს მოახლოებულ ევროპის პირველობაზე, კიდევ უფრო ნათლად დღევანდელ შეხვედრაში გამოჩნდება. ამჯერად, ქართველთა მეტოქე პოლონეთის ეროვნული გუნდი იქნება, რომელთან დაპირისპირებაც ქართველებს ევრობასკეტზეც მოუწევთ.
პირველ ტურში პოლონელები
საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში. ტრენტო (იტალია). 1500 მაყურებელი
იტალია – საქართველო 85:69 (21:10, 17:18, 26:15, 21:26)
იტალია: კუზინი (10 წ. 1 ქ. 5 მ.), დატომე (21 წ. 10 ქ. 4 მ.), როსელი (18 წ. 4 ქ. 3 მ.), ჩინჩიარინი (21 წ. 8 ქ. 4 მ.), ბელინელი (18 წ. 21 ქ. 3 ჩ.); კავალიერო (5 წ.), მანჩინელი (17 წ. 4 ქ. 3 პ.), პოეტა (5 წ. 4 ქ.), მელი (27 წ. 6 ქ. 8 მ.), ვიტალი (5 წ. 4 ქ.), დინერი (14 წ. 5 ქ. 3 მ. 4 პ.), მაგრო (3 წ.), ჯენტილე (18 წ. 8 ქ.), არადორი (18 წ. 10 ქ.).
მწვრთნელი: სიმონე პიანიჯიანი.
საქართველო: ბოისა (12 წ.), ცინცაძე (31 წ. 12 ქ. 8 პ.), შერმადინი (23 წ. 18 ქ. 12 მ.), მარკოიშვილი (30 წ. 7 ქ.), სანიკიძე (27 წ. 12 ქ. 4 მ.); ფაცაცია (20 წ. 1 ქ.), მეტრეველი (5 წ. 2 ქ. 3 მ.), ცქიტიშვილი (9 წ. 6 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (10 წ. 5 ქ.), ლეჟავა (13 წ. 2 ქ.), ფხაკაძე (9 წ. 2 ქ.), ზელერი (10 წ.).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
ორქულიანები: 31/50 – 12/29; სამქულიანები: 4/14 – 6/24; საჯარიმოები: 11/14 – 27/33; მოხსნები: 32 (7 შეტევაში) – 32 (10); პასები: 14 – 12; შეცდომები: 14 – 20; ჩაჭრები: 10 – 7; ფოლები: 25 – 18;
პოლონეთი – ისრაელი 65:81 (13:21, 18:18, 16:20, 18:22)
პოლონეთი: ზამოისკი (23 წ. 11 ქ.), პონიტკა (24 წ. 11 ქ. 6 მ.), კოშარეკი (16 წ. 2 ქ. 3 პ.), იგნერსკი (24 წ. 9 ქ.), კარნოვსკი (18 წ. 8 ქ. 7 მ.); ვიშნიევსკი (9 წ.), ჩილინსკი (15 წ. 4 ქ.), შუბარგა (16 წ. 4 ქ. 4 მ.), კულიგი (5 წ.), ვაჩინსკი (19 წ. 5 ქ. 4 მ.), ჰრიჩანიუკი (22 წ. 6 ქ. 4 მ.), გიელო (10 წ. 5 ქ.);
8 აგვისტო
20:00 საქართველო – პოლონეთი
22:30 ისრაელი – იტალია
9 აგვისტო
20:00 საქართველო – ისრაელი
22:30 პოლონეთი – იტალია
მანუჩარ მარკოიშვილის ჩატენვა, რომელიც თამაშის საუკეთესო მომენტად იქნა აღიარებული
http://www.youtube.com/watch?v=-mV4hDJdtDA
მატჩის მომენტები
https://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=ffVb2yI9Fk8