მას შემდეგ, რაც აპენინებზე ცნობილი გახდა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები პოლონეთ-უკრაინაში გასამართ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის, ირლანდიისა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ჩ ჯგუფში მოხვდა და ისიც გაირკვა, რომ “სკუადრა აძურა“ ჯგუფში თავის მატჩებს პოლონეთის ქალაქებში - პოზნანსა და გდანსკში ჩაატარებს, ფეხბურთის მოყვარულმა იტალიელებმა უკვე აქედანვე დაიწყეს ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი.
როგორც იტალიური პრესა ირწმუნება, კიევში გამართული კენჭისყრისა და იტალიის მეტოქეების გარკვევის შემდეგ, ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიის მასშტაბით პოლონეთის ტურისტული რუკის 50 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. აღმოჩნდა, რომ იტალიაში ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 ათასამდე ცალი ასეთი რუკა იყო გაყიდული. ამ რამდენიმე დღეში კი, იტალიაში პოლონეთისადმი განუზომლად დიდი ინტერესი გაჩნდა.
იტალიის დედაქალაქ რომში მდებარე ერთ-ერთი საგამომცემლო სახლის მფლობელის, ვინმე ჯოვანი კაზადელოს თქმით, ახლა იტალიაში პოლონეთის რუკას ფაქტობრივად ვერსად იშოვნით და მისმა საგამომცემლო სახლმა წიგნის მაღაზიებიდან უკვე მიიღო ახალი შეკვეთები, რაც მისი ბიზნესისთვის შესანიშნავი სიახლე გახლავთ. ეტყობა, ემოციური იტალიელები ევროპაში ყველაზე მოუთმენელი ხალხი აღმოჩდნენ და ალბათ, ერთი სული აქვთ, 2012 წლის ზაფხული როდის დადგება.