ფეხბურთი

22:31 | 16.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი სტუმარი მენეჯერი

ლორიაზე, კაკაბაძეზე, არაბულზე, მეკარისთვის აუცილებელ იტალიურზე

საქართველოში იტალიელი მენეჯერი რიკარდო ჩერველატი გახლავთ ჩამოსული. ის საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ესწრება და ზოგადად, აქაურ ფეხბურთელებზე ინფორმაციას იღებს. საერთოდ, საქართველოს თამაშებს ძალიან აკლია ევროპული ქვეყნებიდან ყურადღება და ამიტომაცაა, რომ გართულებულია ჩვენი მოთამაშეების ტრანსფერები.

ჩერველატის, საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" შევხვდით. აღმოჩნდა, რომ იტალიელი საკმაოდ ინფორმირებულია ქართულ ფეხბურთზე და ერთი-ორი სატრანსფეროდ საინტერესო ახალგაზრდაც დაასახელა:

- თქვენი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რა არის?

- მსურს, რომ გავეცნო აქაურ სიტუაციას. რა თქმა უნდა, იტალიაში ქართველი ფეხბურთელების შესახებ იციან, თუმცა მაინც მწირი ინფორმაციაა. სამი დღეა, რაც აქ ვარ. დავესწარი 'ზესტაფონი"-"დინამოსა" და "ჩიხურა"-"დილას", ასევე, თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" დუბლების მატჩს.

- შთაბეჭდილებები?

- დონეს რაც შეეხება, ურიგო არაა. ვატყობ, საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდების სიმრავლეა. დუბლების თამაშშიც გამოჩნდა. აქაც, ვუყურებ "საბურთალოს" გუნდებს და კარგი ბიჭები არიან. ბავშვებზეც იმავეს ვიტყვი.

- ყველა უცხოელი ახალგაზრდებს გვიქებს...

- დიახ, ევროპაში ასეა ცნობილი, რომ ქართველებს ტალანტები ჰყავთ. ხშირ შემთხვევაში, შემდგომში მათი ზრდა ჩერდება. არ ვიცი, რატომ. ალბათ, არის რაიმე მიზეზები, თუმცა ნიჭიერმა ფეხბურთელმა ოდესმე მაინც უნდა მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

- როგორც თქვით, ეს ზოგადი ხასიათის ვიზიტია. თუმცა შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც გაინტერესებთ, ბაჩანა არაბულია.

- არაბულიც მოვინიშნეთ. იტალიაში იციან არაბულის შესახებ. ასევე, კარგად ვიცით თქვენი 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელების შესაძლებლობები. ერთი მათგანი, რომან ჭანტურია, ამჟამად "ემპოლიშია". 

- რაც ჩამოხვედით, ყველაზე მეტად ვინ მოგეწონათ ქართველი ახალგაზრდებიდან?

- არცთუ ცოტანი, თუმცა მოდით, ნუ ჩამომათვლევინებთ. ერთს ვიტყვი: თბილისის "დინამოს" დუბლების მარჯვენა მცველი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა - ოთარ კაკაბაძე.

- ის შარშან ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზეც გამოირჩეოდა.

- ხედავთ, ალღომ არ მიმტყუნა. ტყუილუბრალოდ არავის ვაქებ. ასევე, გიორგი ლორიაზე უნდა ვთქვა. თავად მეკარე ვიყავი, "ბოლონიასა" და "სპეციაში" ვთამშობდი და ვიცი მეკარის ავ-კარგი. ლორია კარგი გოლკიპერია.

- ლორიამ ნაკრებში რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. რომელიმე იტალიური კლუბიდან ხომ არ ყოფილა მის მიმართ თუნდაც დაინტერესება?

- ინტერესი არ ვიცი. რეალური შემოთავაზება კი, მეეჭვება და აი, რატომ: იტალიაში დოგმასავითაა - მეკარემ იტალიური ენა უნდა იცოდეს, რათა თავისუფლად შეეძლოს კარნახი და არ შეექმნას კომუნიკაციის პრობლემა. ეს ტენდენცია ათწლეულობით გრძელდება და ვფიქრობ, სწორია.           

- შესაძლოა, რომელიმე ქართველი ზაფხულში წაიყვანოთ იტალიაში?

- გამორიცხული არაა, თუმცა აქ ერთი მომენტია: სერია B-ში არაევროკავშირელებზე ლიმიტია, ამიტომაც, ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა იყოს, რომ იქ ითამაშოს. ამიტომაც არჩევენ უფრო ურუგვაიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან. თუმცა, კიდევ გეუბნებით, არაა გამორიცხული, ქართველი ფეხბურთელები იტალიაში მოხვდნენ.

- კახა კალაძეს პირადად იცნობთ?

- ჩვენი გზები გადაკვეთილა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მეგობრები ვართ. კალაძე "მილანის" ერთ-ერთი სახე იყო წლების განმავლობაში.

- მშვენივრად იწყებდა კარიერას ლევან მჭედლიძეც - 6 წელიწადზე მეტია, რაც იტალიაშია და მის შესახებ გეცოდინებათ.  

- მისი ზრდა შეჩერდა. ახლა 23 წლისაა და ვფიქრობ, გაუჭირდება ხელახალი ნახტომის გაკეთება. თავიდან, როცა მჭედლიძე იტალიაში გამოჩნდა, ყველას ეგონა, რომ ვარსკვლავი გახდებოდა. დაწყება მართლაც შთამბეჭდავი ჰქონდა. არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, ფაქტს ვამბობ: სამწუხაროდ, წინსვლა ვერ მოახერხა.

- "საბურთალოს" სკოლასთან ხელშეკრულების გაფორმებას ხომ არ აპირებთ?

- ჯერ არ ყოფილა ამაზე საუბარი. მოდით, ამას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დავარქვათ.

- და ბოლოს, ვიცით, რომ თქვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უფრო მუშაობთ. იტალიას ყოველთვის ჰყავდა 19-20 წლის ნიჭიერი ახალგაზრდები, მათ შორის, დღესდღეობით ელ-შაარავია გამორჩეული. კიდევ ვის დაასახელებთ?

- "მილანის" მარცხენა მცველი დე შილიო ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ასევე გამოვარჩევდი 1995 წელს დაბადებულ მეკარეს, პიერლუიჯი გოლინის. ის "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხება.

0.129275