პაწია გიბრალტარის ნაკრებმა უეფას ეგიდით ისტორიული, პირველი მატჩი ჩაატარა და ყველას გასაოცრად სლოვაკეთთან 0:0 ითამაშა. ბრიტანეთის იმპერიის გუნდის ასეთი შედეგი მით უფრო საოცარია, რომ ისინი ფეხბურთელებს სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით აგროვებდნენ. ერთადერთი ცნობილი კაცი “სტოკ სიტის” ყოფილი მცველი დენი ჰიგინბოთამია, რომელიც გიბრალტარელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ალენ ბულას ბიძაშვილი ყოფილა.
სლოვაკებთან მატჩი პორტუგალიურ “ესტადიო დუ ალგარვეზე” გაიმართა, რადგან უეფას სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გიბრალტარში სტადიონს რეკონსტრუქციას უკეთებენ.
რამდენიმე ასეულმა გიბრალტარელმა, ქვეყნის პირველ მინისტრ ფაბიან პიკარდოსთან ერთად სამხრეთ პირინეის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 4 საათი იმგზავრა პორტუგალიამდე და მატჩის შემდეგ, შედეგით კმაყოფილებმა დიდადაც გაიხარეს. მართლაც გასაკვირია, სლოვაკეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია, თანაც წინა კვირას პოლონეთში მასპინძლებს 2:0 მოუგო და გიბრალტარელებთან ყველა ორნიშნა ანგარიშს ელოდა. მაგრამ... …
სხვათა შორის, გიბრალტარზე პრეტენზია ესპანელებსაც აქვთ, რომელიც 1704 წელს მათ ანგლო-ჰოლანდიურმა საზღვაო ძალებმა გამოსტაცეს და 1713-ში მფლობელობაში ბრიტანეთს გადასცეს.
გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია 1895 წელს დაარსებულა, ფიფაში კი ინგლისის დახმარებით განაცხადი 1997 წელს შეუტანიათ. ფიფამ ეს ამბავი უეფას გადასცა. წლები გავიდა და ცოტა ხნის წინათ გიბრალტარი უეფას 54-ე წევრი გახდა. ახლა იქაურები მოუთმენლად ელიან მომავალი ევრო 2016-ის წილისყრას. მანამდე კი, გაისად თებერვალში, საკუთარ განახლებულ “ვიქტორიას” სტადიონზე ფარერებისა და ესტონეთის მასპინძლობა დაუგეგმვთ.