ჩოგბურთი

10:47 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული ფინალი კიცბუელში

ესპანელი მარსელ გრანოლიერსი ATP-ის ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ტურნირის ფინალის პირველი სეტი 0:6 წააგო, მაგრამ მაინც მოახერხა შეჯიბრების მთავარი პრიზის მოგება. ამგვარი რამ კი პირველად 2010 წელს მოხდა - რუსმა ნიკოლაი დავიდენკომ დოხაში გადამწყვეტი მატჩის პირველი პარტია “მშრალი ანგარიშით” დათმო რაფა ნადალთან, მომდევნო სეტებში კი 7:6, 6:4 იმარჯვა.

ავსტრიის ქალაქ კიცბუელის ტურნირის ფინალში რეიტინგსიის 53-ე ნომერმა გრანოლიერსმა საწყისი სეტი არგენტინელ ხუან მონაკოსთან 0:6 წააგო, შემდეგ კი ინიციატივა ხელთ იგდო, დასკვნითი 2 სეტი 7:6, 6:4 მოიგო და შეჯიბრების მთავარ პრიზთან ერთად 250 სარეიტინგო ქულა და 74 ათასი ევრო დაიმსახურა. ფინალი 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში 27 წლის გრანოლიერსის ანგარიშზე 9 ეისია, მონაკოსთან მისი ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 3:1 გახდა. 2011 წლიდან მოყოლებული გრანოლიერსმა პირველი ტიტული მოიგო, სულ კი მას 4 ტურნირზე უმარჯვია.

“ასეთი დრამატული ფინალის შემდეგ ტურნირის მოგება მეტად ამაღლებულ ხასიათზე მაყენებს. თავიდან ცუდად ვთამაშობდი, ვნერვიულობდი, მონაკოს კი ლამის ყველაფერი გამოსდიოდა. მეორე სეტში ხუანს კვლავ კარგი შანსი ჰქონდა და დიდწილად გამიმართლა, როდესაც მან ეს შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა. მესამე სეტში კი სათამაშო და ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ჩემ მხარეს იყო”, - განაცხადა ნაფინალევს გახარებულმა გრანოლიერსმა.

0.113811