ახლა ტელევიზორებსა და კომპიუტერებს მიმსხდრებს რომ გიყურებთ, სულ ძველი დრო მახსენდება. სად იყო მაშინ იმის შესაძლებლობა, რომ სავარძელში მოკალათებულიყავი და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან გადმოცემული საფეხბურთო რეპორტაჟისთვის გეცქირა. ფეხბურთის ცქერა თუ გინდოდა, სტადიონზე უნდა წასულიყავი. ცოტა ფულიც თუ გქონდა, სხვა ქალაქშიც წაყვებოდი შენს გუნდს და ეს იყო. ხანდახან მინდა ხოლმე, რომ მეც თქვენს გვერდით დავჯდე კომპიუტერის წინ და მეც თქვენსავით ვუყურო თამაშებს მთელი მსოფლიოდან, მაგრამ გული რაღაცნაირად არ მიშვებს. ვერ შევეჩვიე ასეთ რამეებს და რა ვქნა...
მაშინ 15 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც იმ დასაწვავ ურუგვაიში სულ პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. სკოლის დამთავრების ფუფუნება ვის გვქონდა მაშინ? ბიძაჩემის საცხობში ვმუშაობდი და აღებულ გროშებს ვაკოწიწებდი, სტადიონზე შესასვლელი ბილეთების თანხა რომ მომეგროვებინა. კინაღამ გული გამისკდა, როცა მათიასმა (აცხონოს ღმერთმა, ამ ხუთი წლის წინ გარდაიცვალა) მითხრა – ჩვენი ნაკრები ფინალში გავიდა და ამ საღამოს გემებით მივდივართ მონტევიდეოში ფინალზე დასასწრებადო. მონტევიდეოში წასასვლელი ფული, რა თქმა უნდა, არ მქონდა და მამაჩემსაც ბევრი არაფერი ჰქონდა, ასეთ “არაფრისმომცემ” ამბავზე წასასვლელად რომ დავეფინანსებინე. ბიძაჩემისა კი მომერიდა. ცოტა უჟმური კაცი იყო ცხონებული.
სეირის საყურებლად ბაირესის პორტში მაინც წავყევი მათიასს. სამი პატარა გემი იყო ჩამომდგარი. გემბანზე ასული ადამიანები არგენტინის დროშებს აფრიალებდნენ და საშინელი ხმაური იდგა. ნანახით გაშტერებულმა პატარა ბიჭმა, ვერც კი გავიგე, იმდენ ხალხში როგორ დავკარგე ჩემი მეგობარი მათიასი. ხალხის ტალღა კი გემებისკენ მიიწევდა... ბილეთები არ იყიდებოდა. გემებზე ასასვლელ კიბეებზე მეზღვაურები იდგნენ და მათ იქვე აწვდიდნენ ქაღალდის ფულს ურუგვაიში წასვლის მსურველები.
უცებ თითქოს გონება დამებინდა. დამავიწყდა მამაჩემიც, ბიძაჩემიც, უფულობაც, ჩემი საქმეც და ისიც, თუ რატომ ვიყავი პორტში მისული. ერთ მაღალ კაცს ავედევნე უკან და იმდენ ხალხში მეზღვაურებმა ვერც კი შემამჩნიეს, ისე კოხტად ავიპარე ერთ-ერთი გემის ბაქანზე. ჩემთვის ვის ეცალა? ხალხი დიდ ყაყანში იყო გართული. ზოგი იქვე სვამდა ღვინოს, ზოგი კი ჩამოსაჯდომ კოხტა ადგილებს ეძებდა. როდესაც გემი ღია ზღვაში გავიდა, მაშინღა გავითავისე, რაც ვქენი და ცოტა სინდისის ქენჯნამაც კი შემაწუხა. დედაჩემი ალბათ გადაირეოდა, საღამოს სახლში რომ არ მივიდოდი. მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ნახვის სურვილი მაინც ყველაფერს წონიდა.
ქარიანი დღე იყო და ტალღები ჩვენს საცოდავ გემს სულ აქეთ-ქით ისროდა. რის ვაი-ვაგლახით მივაღწიეთ მონტევიდეოს პორტამდე. პორტში ძალიან ცოტა ხალხი იყო და აშკარა იყო, რომ არ გველოდნენ. ნაპირზე დიდი ჟრიამულითა და სიმღერ-სიმღერით გადავედით. სტადიონზე მისასვლელად ტრანსპორტის დაქირავების “ზედმეტი” თანხა არავის ჰქონდა და სტადიონამდე 20-კილომეტრიანი გზა სულ ფეხით გავიარეთ. გზად შემხვედრი ურუგვაელები დიდი სიხარულით ნამდვილად არ გვხვდებოდნენ. პოლიციელები კი უკან ისე მოგვდევდნენ, როგორც მაწანწალა ძაღლებს დასდევენ საძაგელი მეძაღლეები.
ამ ინტერნეტებისა და ტელევიზორების გამოისობით, მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩი ალბათ თქვენ ჩემზე ბევრჯერ გინახავთ. სიმართლე რომ ვთქვა, იმ წაგებულ თამაშზე ბევრად დიდი სანახაობების მომსწრე ვარ, მაგრამ პირველი ყოველთვის პირველია! მაშინ ჩვენ მართლა ვერ ვხვდებოდით, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის დიდი დასაწყისის ნაწილები გავხდით.
მერე იყო დიდი ჩხუბები ჯერ სტადიონზე, შემდეგ პორტში და ბოლოს ეს ყველაფერი ბუენოს აირესში დიდი სახალხო გამოსვლებითა და მთავრობის გადადგომით დასრულდა. პოლიტიკა არასოდეს მიზიდავდა და დღესაც არ ვიცი ზუსტად, ის უხეირო მთავრობა მართლა ჩვენი, გულშემატკივრების პროტესტის გამო გადადგა თუ სხვა რამ მიზეზიც არსებობდა. მთავარი სულ სხვა იყო. ჩვენ არგენტინელები ვიყავით და ჩვენ ჩვენი ქვეყნის ფეხბურთი გვიყვარდა. მთავარი ხომ სწორედ ესაა!
P.შ. 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე ბუენოს აირესიდან ჩასულთაგან არგენტინელი ქომაგი ვიქტორინო ხონეგა უკანასკნელი იყო, რომელმაც დღემდე იცოცხლა. იგი სამი წლის წინ, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ ვიქტორინო ბაბუას ხსოვნას მინდა მივუძღვნა ეს სვეტი.