ინტერვიუები

10:02 | 19.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელის ჩემპიონი კიდევ ერთი ქართველის მოლოდინში

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად, ჰაიფას “მაკაბი” ისრაელის ჩემპიონატზე ჩინებულ გამოსვლას განაგრძობს. სანაკრებო პაუზისას, გუნდმა ტოტოს თასზე ითამაშა და ბეერ-შევაში ნაჩვენები შედეგით (0:0) მიმდინარე სეზონში ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია გააცამეტა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ აღთქმული მიწის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ჰაიფელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტ გიორგი დარასელიას და ფორვარდ ლადო დვალიშვილს, ახალი წლიდან კიდევ ერთი ქართველი გაუწევს კომპანიას. “მსოფლიო სპორტმა” გიორგი დარასელიასთან საუბარი სწორედ სარწმუნოდ “ბეჭედდასმული” ტრანსფერით დაიწყო.
- ბატონო გიორგი, ცნობილია, რომ თქვენი კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატების საკითხს.
- განიხილავს და ალბათ, ყველაფერი ორივე მხარისთვის კარგად დამთავრდება.
- კონკრეტულად ვისზეა საუბარი?
- მოდით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმით შემოვიფარგლოთ, რომ ჰაიფაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხება, ვინაობაზე კი - ოდნავ მოგვიანებით.
- გუნდი ჩემპიონატზე კარგ შედეგს უჩვენებს, ლიგაში კი - ქულაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯერ გოლი არ გაგიტანიათ. ალბათ, სწორედ საგაისო პერსპექტივაზე აკეთებთ გათვლას, რადგან ახალი ფეხბურთელების დამატებას აპირებთ.
- “მაკაბის” პრეზიდენტი არც მალავს, რომ ჩვენთვის ლიგაზე მოხვედრა პროგრამა მაქსიმუმს აღემატებოდა. საკადრო გაძლიერება სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ ლიგაზე ჩატარებულმა შეხვედრებმა დაგვანახა - გუნდს უკანა და შუა ხაზებში გაძლიერება არ აწყენდა.
- როგორც ვიცით, ისრაელის ჩემპიონატში საახალწლო შესვენება არ იგეგმება - თქვენთან ახალი წელი უკვე სექტემბერში დადგა. როდისღა მოხდება სავარაუდო ახალწვეულების საქმეში შემოწმება?
- საბედნიეროდ, კომუნიკაციების სხვა მასშტაბები გვაქვს და ჩვენთვის სასურველი ფეხბურთელების შესაძლებლობები კარგად ვიცით. რაც შეეხება, მათ “ცოცხლად” ნახვას, ამისთვის არსებობს ჩვენთან “ვია ტოტოს” თასის გათამაშება. პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ტურნირი მხოლოდ ამ დატვირთვას ატარებს. იმიტომაცაა, რომ თუ მასზე ჩატარებული შეხვედრების ოქმებს გადახედავთ, გუნდები ჩემპიონატისაგან სრულიად განსხვავებულ შემადგენლობებს აყენებენ.
გასულ ორშაბათს, “ვია ტოტოზე” ბეერ-შევაში გასვლითი მატჩი გვქონდა და ჯგუფიდან მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც გვაწყობდა. ამიტომ, ძირითადი გუნდიდან თუ ვინმე ვათამაშეთ, ყველაზე მეტი, ერთი ტაიმი. ამ ძალებითაც ჩვენთვის მისაღებ შედეგს (0:0) მივაღწიეთ და დარჩენილ ორ შეხვედრას ახალი ფეხბურთელების გასასინჯად გამოვიყენებთ.
- შარშანდელთან შედარებით, ჩემპიონატის ჩატარების სისტემა შეიცვალა. თუ შეიძლება, ცოტა უფრო დაწვრილებით გვითხარით მის შესახებ.
- 2 წრის შემდეგ, პირველ ექვსეულში მოხვედრილ გუნდებს, დაგროვილი ქულები უნახევრდებათ. კენჭისყრით დადგენილი გრაფიკით ერთ წრედ ითამაშებენ და ჩემპიონი და პრიზიორებიც ამის შემდეგ გამოვლინდება.
- ვის მიიჩნევთ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად?
- ასეთებად 3 გუნდის დასახელება შეიძლება: იერუსალიმის “ბეითარი”, თელ-ავივის “ჰაპოელი” და “ბნეი იეჰუდა”.
- ნათანიის “მაკაბის” ლოთარ მათეუსის გუნდიდან წასვლამ “აწყინა”, თუ ძველებური დაფინანსება აღარ აქვს? - შარშანდელი ფავორიტი აუტსაიდერებშია.
- მათეუსიც იმიტომ წავიდა, კლუბს ფული რომ უთავდებოდა. სხვათა შორის, ამ სამიოდე წლის წინათ, სწორედ ამ გუნდის მეპატრონემ დაარღვია ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდების მფლობელთა შეთანხმება. ამ შეთანხმების მიხედვით, კლუბების წლიური ბიუჯეტი ფიქსირებულ თანხას არ უნდა აცილებოდა.
- “მაკაბი” ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს მიუნხენში თამაშობს. მეტოქის უკეთ შესწავლის მიზნით, ბუნდესლიგაში “ბაიერნის” უახლოესი შეხვედრის საყურებლად ხომ არ მიემგზავრებით?
- გერმანელები ძალიან კარგად გვყავს შესწავლილი და იქ ამ უქმეებზე წასვლის საჭიროება არაა. იმის თქმა შემიძლია, რომ “მაკაბი” როგორც “ბაიერნთან”, ისე “ბორდოსთან”, თავს არ შეირცხვენს. ჩვენ ახლა ვუყრით საფუძველს იმ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე მოხვედრას და იქ სულ სხვა შედეგის ჩვენებას ისახავს მიზნად. საამისო მზადყოფნას, უპირველესად, კლუბის პრეზიდენტისაგან ვგრძნობთ და ამას გულშემატკივარიც გაგებით ეკიდება.
 

ფრიდონ კერვალიშვილი   



 

0.067192