ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი ანუ ისკო გუშინ მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალის” გულშემატკივრებს წარუდგინეს. “ვალენსიასა” და “მალაგას” 21 წლის ყოფილი წევრი ჟურნალისტებსაც გაესაუბრა და მასმედიელთა კითხვებს უპასუხა.
შეკრებილ აუდიტორიას ისკომ შემდეგი სიტყვებით მიმართა, შემდეგ კი დასმულ კითხვებს უპასუხა: “უპირველესად, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსულ უკლებლივ ყველა გულშემატკივარს მადლობა მსურს გადავუხადო. მათ დამატებითი მუხტი და მოტივაცია შემძინეს. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოვედი, იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები. ამასთან, “რეალის” ბრწყინვალე ფეხბურთელებისგან ბევრს ვისწავლი და ტიტულებსაც მოვიხვეჭ”.
- სხვა კლუბებისგან წინადადება არ გქონდათ?
- რასაკვირველია, მქონდა, მაგრამ მადრიდის “რეალისთვის” უარის თქმა შეუძლებელია. მანუელ პელეგრინი თავისთან მეპატიჟებოდა, მაგრამ როგორც კი მადრიდელებმა მომმართეს, “რეალის” წინადადება უყოყმანოდ დავყაბულდი. ვესაუბრე პელეგრინისაც, რომელმაც ძალიან თბილად მოიხსენია “რეალი” და მეც ავუხსენი, ჩემი გადაწყვეტილების მოტივაცია. 21 წლის ვარ და კასტილიურ გრანდში სათანადოდ გამოსვლისთვის მზად ვარ. ამჟამად იმ გუნდში ვარ, რომელში მოხვედრაზეც ვოცნებობდი.
- როგორ გგონიათ, “რეალში” დამკვიდრება არ გაგიჭირდებათ?
- პლანეტის საუკეთესო გუნდში ფეხის მოკიდება ძალიან ძნელია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების საფუძველი და იმედი რომ არ მქონდეს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლაზე არცკი დავფიქრდებოდი. რომელ პოზიციაზე მომწონს ყველაზე მეტად თამაში? მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი მითითება შევასრულო და იმ ადგილზე ვითამაშო, კონკრეტულ შეხვედრაში გუნდისთვის ყველაზე ეფექტური რომ იქნება. ამასთან, თუკი “რეალმა” ჩემი ტრანსფერი განახორციელა, კლუბის ხელმძღვანელებს ჩემი შესაძლებლობებისა სწამთ.
- “რეალში” არსებულ მძაფრ კონკურენციას არ უფრთხით?
- ამგვარი დონის კლუბებში ყოველთვის უდიდესი კონკურენციაა, მაგრამ მე მადრიდში მტკიცე გადაწყვეტილებით მოვედი – სასტარტო შემადგენლობის წევრი უნდა გავხდე. კარგად მესმის, რომ ამის გაკეთება მეტად რთული იქნება და “რეალის” ძირითადში ადგილს ხონჩით არავინ მომართმევს, თუმცა, ჩემი მხრიდან გამოჩენილი მონდომების შედეგად, მწვთნელებს დავარწმუნებ, ისკოზე დაყრდნობა რომ შეიძლება. ჩემი ამოცანა ტიტულების მოპოვება, თამაშისგან სიამოვნების მიღება და გულშემატკივრების გახარებაა.
- პრეზენტაციისას მადრიდის “რეალის” მაისური ჩაიცვით, მაგრამ დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ საკლუბო გერბს არ აკოცეთ...
- კლუბში ახალი გადასული ვარ და დარწმუნებული ვარ, მადრიდის “რეალის” გერბის კოცნის უფლებას მინდორზე კარგი თამაშის შემდეგ მოვიპოვებ.
- მოგწონთ “რეალის” სათამაშო სტილი?
- მადრიდელები ყოველთვის მიმზიდველ ფეხბურთს უჩვენებდნენ მაყურებელს, გულშემატკივრებს ბევრი გატანილი გოლითა და მოგებით ახარებდნენ. ასევე გაგრძელდება სამომავლოდაც.
- “ბარსელონაზე” რას გვეტყოდით?
- რაც თავი მახსოვს, “მალაგას” ვქომაგობდი, ახლა “რეალის” წევრი ვარ და არაფერს დავიშურებ ამ კლუბის საკეთილდღეოდ. პირველივე მატჩიდან არავის შეეპარება ეჭვი ჩემი “რეალისადმი” ერთგულებაში.
- რატომ აირჩიეთ 23-ე ნომერი?
- ამ ნომრით უწინ დევიდ ბექჰემი თამაშობდა. იგი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და ზუსტად 10 წლის წინათ სწორედ ამ მაისურით მოხდა მისი წარდგენა “სანტიაგო ბერნაბეუს” მაყურებლის წინაშე. რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს და მეც არჩევანი 23-ზე გავაკეთე. თანაც, ჩემი ძმის დაბადების დღეს ემთხვევა.
- ამბობენ, “რეალში” თქვენი გადაბირების იდეა ზინედინ ზიდანს ეკუთვნოდა...
- ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, როდესაც ფეხბურთელით ზინედინ ზიდანი ინტერესდება. მისი ავტორიტეტი საყოველთაოდაა ცნობილი. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილებაც ხომ ანგარიშგასაწევია – მადრიდის “რეალში” გამოსვლა მსურდა.
- “რეალის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტიზე რას გვეტყოდით?
- აბა, რა უნდა ვთქვა – იტალიელმა სპეციალისტმა სერია A, პრემიერლიგა, საფრანგეთის პირველობა მოიგო, მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. ყოველივე ეს მის მაღალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს.