ინტერვიუები

18:25 | 30.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ახალი “დინამო”: დევდარიანი, შახოვი...

”აი, დადგა ცვლილებების დღეც”, – ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტებთან საუბარი თბილისის “დინამოს” მფლობელმა რომან ფიფიამ.
“დინამოში” ესპანელი მწვრთნელის, ალექს გარსიას ნდობის კრედიტი ამოიწურა, ის გუნდიდან გაშვებულია, მის ნაცვლად კი გიორგი დევდარიანი დაინიშნა. გარსიასთან ერთად გაათავისფლეს ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი, ხოლო მესამე ესპანელი, კლუბის აკადემიის კურატორი ანდრეს კარასკო, ჯერჯერობით, გუნდში რჩება. უფრო სწორად, კარასკოს გადასაწყვეტია, დარჩება თუ არა გუნდში.
ცვლილებებია ხელმძღვანელობაშიც: გენერალურ დირექტორად სანდრო შახოვი დაინიშნა, რომელიც “დინამო არენას” დირექტორი გახლდათ. რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს, მან კლუბში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გადაინაცვლა.
ეს რაც შეეხება მთავარს, მაგრამ ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, რატომ გაუშვეს გარსია ახლა, როცა გუნდს, ფაქტობრივად, დასრულებული აქვს ესპანური შეკრება. ბუნებრივია, დევდარიანისთვისაც რთული იქნება სხვა მწვრთნელის ხელში შეკრებაგავლილი “დინამოში” მუშაობა – ყოველ შემთხვევაში, საწყის ფაზაში მაინც.
ამ ყველაფერს პასუხი გაეცა. “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ფიფიამ და დევდარიანმა ისაუბრეს:
- ფიფია:  - მე და პოლოლიკაშვილს საერთო პროექტი გვაქვს, რაც “დინამოსთან” კავშირში არაა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ზურაბისთვის მეტი დრო მიგვეცა. რაც შეეხება შახოვს, კარგი მენეჯერია და მჯერა, თავისი ნაბიჯებით უფრო ეფექტურს გახდის “დინამოს” სამუშაო პროცესს. გიორგი ნემსაძე კვლავაც სპორტული დირექტორია. დევდარიანი კი თქვენს წინაშეა და თავად გიპასუხებთ.
- რამ განაპირობა გარსიას გაშვება? ანუ, რა იყო მთავარი მიზეზი?
- ფიფია: - გარსია საუკეთესო, წესიერი პიროვნებაა. პიროვნულად მასთან არავითარი პრეტენზია არ მქონია, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმ მიზნებისთვის, რაც კლუბს ჰქონდა და აქვს დასახული.
- დევდარიანი კარგი მწვრთნელია და რეპუტაციაც შესაბამისი აქვს, მაგრამ სარისკო ხომ არ არის ამ დროს მისი დანიშვნა? “დინამო” ხომ მას არ ჰყოლია შეკრებაზე...
- ფიფია:
- გარსიას დათხოვნა ჩემი პრეროგატივაა. ვიმეორებ, კლუბის მიზნები ყველაზე მაღლა დგას. როდესაც რუსეთში ვიყავი კლუბის (“სოკოლის”) პრეზიდენტი, მაშინაც არაერთხელ მომიწია მწვრთნელის გაშვება. ერთხელ თურქეთში იყო გუნდი შეკრებაზე და მაშინ გავათავისუფლე მწვრთნელი. გარსიას სამი კვირის წინ გამოვუცხადე ნდობა და პირობებზეც შევთანხმდით, მაგრამ ეს პირობები მისგან არ შესრულდა. ამიტომაც, ლოგიკური იყო მეფიქრა, რომ დარჩენილი პერიოდი “დინამოს” კარგს არ მოუტანდა.
- დევდარიანი: - რა თქმა უნდა, მწვრთნელისთვის შეკრების წინ გუნდის ჩაბარება უფრო ხელსაყრელია. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. “დინამოს” დუბლებში ვმუშაობდი და უფლება არ მქონდა, წინადადებაზე თავპატიჟი დამეწყო, ჩემი ოცნების კლუბს არ დავდგომოდი გვერდში. ისე კი, ყველა ჭკუათმყოფელ მწვრთნელს ურჩევნია, რომ შეკრებამდე ჩაიბაროს გუნდი.
- გარსიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ნიშნავს, რომ “დინამო” ფინანსურად ზარალდება? ანუ, გარსიას ხომ საკონტრაქტო თანხა ეკუთვნის...
- ფიფია:
- რა თქმა უნდა, ზარალდება.
- ესპანელი ფეხბურთელების საკითხი როგორ იქნება?
- ფიფია:
- ეს უკვე დევდარიანის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, გიორგი საღად განსაზღვრავს, რა და როგორ უნდა იყოს.
- იანვრის დასაწყისში განაცხადეთ, რომ გარსიას სეზონის ბოლომდე ტოვებდით. რა პირობები ვერ შეასრულა მწვრთნელმა?
- ფიფია:
- არ დავმალავ, იანვრამდეც არაერთხელ მქონია აზრი, გარსია გამეშვა. ხშირად მესმის, მწვრთნელს უნდა ვაცადოთო. კი, მაგრამ კახა კაჭარავამ რაღა დააშავა, მას რატომ არ ვაცადეთ? მით უმეტეს, ახლა გაცილებით დიდი ბიუჯეტია. გარსიას შანსი მიეცა და ვერ გამოიყენა. ახლა დევდარიანს აქვს შანსი.
- თქვით, გარსიასთან პირობებზე შევთანხმდით და ეს პირობები მისგან არ შესრულდაო. კონკრეტულად?
- ფიფია:
- მოვილაპარაკეთ, რომ უნდა გაძლიერებულიყო სამწვრთნელო ბაზა, სერიოზულად უნდა მისდგომოდნენ ფიზმომზადების საკითხს. არანაირად არ მაწყობდა ის სიტუაცია, რაც შეკრებისას იყო.
- შახოვის გენერალურ დირექტორად დანიშვნა მოულოდნელია. მას ხომ წმინდა საფეხბურთო გამოცდილება არ აქვს – რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- ფიფია:
- არც პოლოლიკაშვილს ჰქონდა, ეკონომისტი და ბიზნესმენი გახლდათ. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც საფეხბურთო გამოცდილება გქონდეს ამ პოსტზე. ერთს დავამატებ, მე და პოლოლიკაშვილი არსად მივდივართ.
- “დინამომ” რამდენიმე მოთამაშე გაანათხოვრა. კიდევ სხვებიც ხომ არ იქნებიან გაშვებულნი?
- დევდარიანი:
- უკეთეს ფეხბურთელებს “ბარსელონა” და “რეალიც” ეძებენ, ეს ცოცხალი პროცესია და გაგრძელდება კიდეც. ჯერჯერობით, გუნდში მყოფი ფეხბურთელები დარჩებიან. ეგაა, გუნდი ფიზიკურად ვერ არის მყარად, ხოლო რაც შეეხება შემტევ პოტენციალს, ამ მხრივ კარგად იმუშავეს გარსიამ და მისმა გუნდმა. გარკვეული ცვლილებები მაქვს იდეაში. მთავარია, რომ სრული თავისუფლება მაქვს ამ მხრივ.
- დაგვიანებული ხომ არ არის გარსიას გაშვება?
- ფიფია:
- ცოტა დაგვიანებულია. არ მოგატყუებთ - რასაც ვფიქრობ, გეუბნებით. თუმცა დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, გიორგი ხვალ უკვე გუნდთან ერთად იქნება და მოსამზადებელი შეკრების ბოლო მატჩშიც გაუძღვება “დინამოს”.
- “დინამოს” შემადგენლობა დაუბალანსებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ნახევარდაცვაში და შეტევაში თითო პოზიციაზე ორი ფეხბურთელია, დაცვაში კი უჭირს გუნდს. ამ დროს, ზამთრის შესვენებაზე მცველი არ დაგიმატებიათ...
- დევდარიანი:
- მხოლოდ გუშინ გადაწყდა, რომ “დინამოს” მწვრთნელი გავხდებოდი და მთელი ღამე არ მიძინია. არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ პასუხისმგებლობის გამო. დაცვის პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია. არ დაგვავიწყდეს, “დინამოს” დუბლებშიც არიან პერსპექტიული ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს უმატებენ.
- “დინამოში” სანდრო გურულის გადასვლა ჯერ არ გადაწყვეტილა?
- ფიფია:
- ამ მხრივ ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული.
- 19-წლამდელთა ნაკრებს გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი ელის და ამ გუნდს ისევ დევდარიანი გაწვრთნის თუ კახა კაჭარავა?
- დევდარიანი:
არა, მაისამდე კიდევ ორი ტურნირია, ელიტ-რაუნდზეც მე გავწვრთნი ნაკრებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამ საკითხს გაგებით მოეკიდა და ზაფხულამდე 19-წლამდელების მწვრთნელიც ვიქნები.
- “დინამოს” დუბლებში ვინ იქნება მწვრთნელი?
- ფიფია:
- ამაზე ორი-სამი დღე გვაცადეთ და ვიტყვი.
ასე რომ, დევდარიანი ხვალ უკვე “დინამოსთან” ესპანურ შეკრებაზე იქნება.

 

ილია ნანობაშვილი

 

0.133029