ლატვიასთან წაგებამ და მალტასთან ფრემ ქართველ გულშემატკივრებს გული მოუკლა. მატჩებში, რომელშიც ყველა 6 ქულის აღებაზე ლაპარაკობდა, ერთი ძლივს ავიღეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსებს ვინღა ჩივის, ისე ჩანს, ბოლოსწინა ადგილზე დავასრულებთ ევროშესარჩევ ჯგუფს. 33 წლის ალექსანდრე იაშვილი ორივე შეხვედრაში მე-2 ტაიმის საწყის წუთებში შეცვალეს და ორივე შემთხვევაში ჩანდა მისი გამწარებული სახე, როცა სათადარიგოთა სკამისკენ მიდიოდა...
“მსოფლიო სპორტი” იაშვილს გერმანიაში დაუკავშირდა და ინტერვიუდან შეიტყობთ, რომ ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეორე ბომბარდირი (13 გოლი) ნაკრებიდან წასვლაზე დაფიქრებულა:
- ჯერ, ბოლო ორი მატჩის შეფასებას გთხოვთ.
- სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა მდგომარეობაშიც ვარ. არ ვიცი, ამ სიტყვას რა ჰქვია... ორივე მატჩი მოსაგები იყო. ლატვიასთანაც ისეთი თამაში წავიდა, შეგვეძლო, პირველივე ტაიმში მოგვემთავრებინა საქმე და მეორეში მშვიდად ვყოფილიყავით. ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ვინარჩუნებდით და... ესეც დასრულდა. ბოლო შანსი მქონდა, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთამაშა, მაგრამ ოცნება ოცნებად დამრჩა. რამდენი წელია, ფეხბურთს ვთამაშობ... როცა მთელი ცხოვრება ნატრობ ფინალურ ეტაპზე გასვლას და ერთ დღესაც ხვდები, რომ ამას ვერ მოახერხებ, საშინელი გრძნობაა.
- რატომ ბოლო შანსი? ნაკრებიდან წასვლას აპირებთ?
- საბერძნეთთან თამაშის შემდეგ დაველაპარაკები თემურ ქეცბაიას. ვნახოთ... ბოლო თუ არა, ერთ-ერთი ბოლო შანსი ნამდვილად იყო. მალე 34 წლის ვხდები და მგონი, ნელ-ნელა მოვიდა დრო.
- ისე, ქართულ ფეხბურთში თითქმის არ ყოფილა პრეცენდენტი, რომ მოთამაშე კლუბში აგრძელებდეს კარიერას და ნაკრებიდან მიდიოდეს – მითუმეტეს, ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზეა ლაპარაკი... ცხელ გულზე ხომ არ ამბობთ?
- ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად დავფიქრდი და ვნახოთ. ცოტა დრომ გაიაროს და გადავწყვეტ.
- ლატვიასთანაც და მალტასთანაც შეცვლისას, ძალიან გამწარებული გახვედით მოედნიდან...
- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ განვიცდი წარუმატებლობას. არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო ასეთ შედეგს.
- ფაქტია, ბოლო მატჩებში შედეგიც გაცუდდა და თამაშის ხარისხიც. რატომ? არადა, ხორვატიასთან შინ მოგების შემდეგ, 9 ქულა გქონდათ და თითქოს, დადებითი მუხტი უნდა გადასულიყო მომდევნო შეხვედრებზე.
- ხარისხი დაეცა-მეთქი, ვერ ვიტყვი. ხორვატიაში რომ რთულია თამაში, ორი აზრი არ არსებობს. ვიგებდით და ბოლოს დავმარცხდით. პოლონეთში საკმაოდ გვქონდა საგოლე მომენტები და წავაგეთ. ლატვიაზე უკვე ვთქვი და მალტასთანაც მოსაგები თამაში იყო. შედეგი როცა არაა, იქ უკვე იწყება მიზეზების ძებნა, თორემ მალტასთან რომ შინ 1:0 ძლივს მოვიგეთ, არავის უთქვამს, ცუდი თამაში იყოო. სხვა საქმეა ამბიცია, მაგრამ ორი წლის წინათ ვინმეს რომ ეთქვა, საქართველო ზედიზედ ათ თამაშს არ წააგებსო, არასერიოზულს დაუძახებდნენ.
- და მაინც რა იყო შედეგის გაუარესების მიზეზი?
- გოლს თუ ვერ გაიტან, ვერ მოიგებ. აქამდე ისე ხდებოდა, იშვიათად ვუშვებდით და ცოტა გაგვქონდა. ბოლო ორ მატჩში კი მომენტები ძალიან ბევრი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და აი, შედეგიც. სამწუხაროდ, საქართველოში უცებ იციან ცაში აყვანა და მერე, უცებ, ხელს ჩაიქნევენ-ხოლმე. არიქა, კატასტროფააო.
- რა თქმა უნდა, რადიკალიზმი არ შეიძლება...
- სწორედ ეგ რადიკალიზმი დავინახე ლატვიასთან წაგების მერე. მხარში დგომა ყველას სჭირდება. ამ წელიწადნახევარში ნაკრები რაღაცას დაემსგავსა და ფეხბურთია, სულ ვერ გაგრძელდებოდა წაუგებელი სერია.
- საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე ამბობდით. მხოლოდ უიღბლობის ბრალია თუ უკლასობისაც?
- საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც საგოლე მომენტების რეალიზაცია შეუძლიათ. იმაზე უარესი მდგომარეობიდან გაუტანიათ, ვიდრე ლატვიასთან ჰქონდათ. ეგაა, ზოგჯერ არის დღეები, მთელი დღე რომ ითამაშო ფეხბურთი, შეიძლება, ერთხელაც ვერ შეაგდო. ჩვენ კი არა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებსაც ემართებათ ასე.
- მალტასთან შეხვედრაში ისე ჩანდა, თითქოს ფეხბურთელები შებორკილები იყავით. ალალად გვითხარით, მალტელებთან ისეთივე მონდომებით გახვედით მოედანზე, როგორც სხვა მატჩებში?
- რა თქმა უნდა. არ მეგულება ნაკრებში ფეხბურთელი, რომელსაც მონდომება აკლდეს. ეგაა, ლატვიასთან წაგების მერე, ფსიქოლოგიურად ძნელი იყო.
ილია ნანობაშვილი