გულშემატკივრის სვეტი

12:19 | 12.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ის, რაც სოკრატესზე მახსოვს..

გასულ კვირას დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ზედიზედ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი სოკრატესი, არცთუ ხანდაზმული, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც ეს კაცი ბრაზილიისა და ევროპის სტადიონებზე სასწაულებს სჩადიოდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სოკრატესის თამაში არ მახსოვს, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ნაცნობები, რომლებიც სოკრატეს აღმერთებდნენ. სოკრატესი დიდი იყო, ბევრისშემძლე და ქომაგთა გულთა მპყრობელი, მაგრამ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ყველა ბრაზილიელისათვის სანუკვარი მსოფლიოს ჩემპიონობა არ ღირსებია. 1982 და 1986 წლებში, როდესაც სოკრატესი მუნდიალებზე “სელესაუს“ კაპიტნობდა, მაშინდელი ბრაზილიის ნაკრები შესანიშნავი გუნდი იყო, მაგრამ ერთხელ პაოლო როსის შურისმაძიებელმა საოცარმა ბუნებამ, მეორედ კი ბრწყინვალე ფრანგულმა კრებულმა, სოკრატესი და მისი თანაგუნდელები მსოფლიოს ჩემპიონობის გარეშე დატოვა. თუმცა, იმ თაობის ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოში დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ეს დიდწილად სწორედ სოკრატესის თამაშითა და პიროვნული თვისებებით იყო განპირობებული.
როდესაც სოკრატესი ბრაზილიიდან ევროპაში გადმობარგდა, ყველასდა გასაკვირად, სათამაშოდ არა რომელიმე ევროპული გრანდი, არამედ მოკრძალებული კლუბი – ფლორენციის “ფიორენტინა“ შეარჩია. 80-იანი წლების ფლორენციული კლუბი ამბიციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა და სოკრატესსაც იმედი ჰქონდა, რომ სწორედ ამ პატარა კლუბთან ერთად მიაღწევდა დიდ მიზნებს. მაგრამ ისევე, როგორც სანაკრებო კარიერაში, ევროპულ საკლუბო გარჯაშიც იღბალი მუდამ სოკრატესის პირისპირ იდგა. თუმცა, ფლორენციელებს დღემდე ახსოვთ სოკრატესი და ბრაზილიის შემდეგ სოკრატესის გარდაცვალებამ გული ყველაზე მეტად სწორედ ფლორენციელებს დასწყვიტა. ფლორენციელებს მიაჩნიათ, რომ სოკრატესი “ფიორენტინასთვის“ შეიძლება იგივე გამხდარიყო, რაც შემდგომში მარადონა გახდა “ნაპოლისათვის“. აშკარა იყო, რომ საოცარ ბრაზილიელს ამის შესაძლებლობებიც ჰქონდა, ნიჭიც და მონდომებაც. მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან უსამართლობა სამართლიანობასა და ლოგიკაზე წინ დგება.
სოკრატესი და ქართველები... დასაწყისში კი ვთქვი, რომ სოკრატესის თამაში არ მახსოვს-მეთქი (თუმცა, ინტერნეტის საშუალებით, ალბათ, ჩემზე უმცროსი ასაკის ქომაგებსაც გინახავთ სოკრატესისდროინდელი მატჩები), მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან კარგად მახსოვს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ბრაზილიას ქომაგობდნენ და სოკრატესი განუზომელი შესაძლებლობების ადამიანად მიაჩნდათ. მაგალითად, შემიძლია გავიხსენო პაპაჩემის ძველი ნაცნობი, ტრამვაის ვატმანი ბატონი ვოვა, რომელიც უმრწმესი ასაკიდან ბრაზილიის ნაკრების ქომაგი იყო და ერთ საღამოს, ტრამვაის პარკისაკენ მიმავალი, პაპაჩემსა და მგზავრებს ერთად უმტკიცებდა, რომ ჩვენს პლანეტაზე შობილთაგან, პელეზე, გარინჩასა და სოკრატესზე მაგარი ადამიანი ჯერ არავინ იყო და თუ ეს სამეული არ მოგწონდა, მაშინ ფეხბურთზე ხმის ამოღებაც კი, სირცხვილი იყო. მახსოვს უკვე სტუდენტობისას, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ იაფფასიან სახინკლეში (ჩემი სტუდენტობის დროს ვაკეში იაფფასიან სასადილოებსაც ნახავდა კაცი) გაცნობილი შავულვაშაც, ჭეშმარიტად კავკასიური გარეგნობისა და ქურთული წარმოშობის ბიძა, რომელსაც გულზე საკუთარი ხელით გაკეთებული ბრაზილიის ნაკრების ემბლემა ეკიდა და ირწმუნებოდა, რომ სოკრატესი თვით პელეზე მაგარიც კი იყო. უბრალოდ, სოკრატესს თანაგუნდელებმა ვერ და არ გაუმართლეს იმედები. მინდა კიდევ პატივცემული ნოე ვახსენო. ნოე ჩემზე ხუთიოდე წლით უფროსი ბიჭი იყო, რომელთანაც მოზრდილობისას ფეხბურთთან დაკავშირებით არაერთხელ მიკამათია. ისე, ცოტა უცნაური საფეხბურთო გემოვნება კი ჰქონდა იმ ბიჭს. ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს ერთად გულშემატკივრობდა და ირწმუნებოდა, რომ ამ ორი ქვეყნის ერთმანეთზე “მტრად გადაკიდებით“ ევროპელები სარგებლობდნენ. ნოე “ნაპოლისაც“ სწორედ მარადონას ხათრითა და ტრფობით გულშემატკივრობდა, თორემ იტალიური ფეხბურთი მაინცადამაინც არ უყვარდა. ერთხელ, როდესაც სოკრატესზე ჩამოვარდა სიტყვა, ნოეს სახე შეეცვალა, მამამისისათვის კოლოფიდან აცინცლული სიგარეტის დაჭმუჭნული ღერი ჯიბიდან ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა და დაბრძენებული კაცივით ოხვრას ამოაყოლა: “ეჰ, როგორ მინდოდა სოკრატესიც “ნაპოლიში“ გადასულიყო, მაგრამ ვინ დამიჯერა...“ ეს ყველაფერი ისე თქვა, თითქოსდა სულ ნოეს დაჯერება-არდაჯერებაზე ყოფილიყო მსოფლიო ფეხბურთის ბედი დამოკიდებული.
ალბათ, თქვენც ბევრი რამის გახსენება შეგიძლიათ დიდ სოკრატესთან დაკავშირებით. სოკრატესის მსგავსი ლეგენდები ყველას ხომ მუდამ გვახსოვს და ყოველი მათი ნაბიჯი უკვე ისტორიაა! სოკრატესი ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მასზე დარჩა ისტორიები და ლეგენდები. ალბათ, სწორედ ამით განსხვავდება დიდი ფეხბურთელი სხვებისგან...


ლევან სეფისკვერაძე


 

0.119585