საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელმა მეტოქე ჩეხეთმა გუშინ სპორტის სასახლეში ივარჯიშა. ჩეხებს დიდი დანაკლისი აქვთ იან ვესელის სახით, გუნდში ასევე არ იქნებიან გასულ ევრობასკეტზე მყოფი გამორჩეული მეფარეები – პეტრ ბენდა და პაველ ჰოუსკა.
ჩეხებმა საათნახევრის განმავლობაში ივარჯიშეს, რის შემდეგაც მოედანი ქართველებმა დაიკავეს. ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ გასულ სეზონში ესპანურ “კახასოლში“ თანაგუნდელები – ბექა ბურჯანაძე და ტომაშ სატორანსკი. ეს უკანასკნელი კარიერულ ზეასვლას განაგრძობს. ჩეხ გამთამაშებელს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ესპანურმა “ბარსელონამ“.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, სატორანსკისთან ერთად ჩეხეთის ნაკრების ყველაზე გამოცდილსა და სახელიან წევრ ირჟი ველშს გავესაუბრეთ.
- ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. საკვალიფიკაციო ეტაპი ამ მატჩით იწყება და ეს, გუნდებს დამატებით ზეწოლის ქვეშ აქცევს. ჯგუფში ჩვენი სამი ოპონენტისგან საქართველო ყველაზე ძლიერია. ჩვენ აქ, თბილისში ვთამაშობთ და საკუთარი კედლების ფაქტორი ბევრს ნიშნავს.
- საქართველოს ნაკრები თქვენთვის კარგადაა ნაცნობი...
- საქართველოს 2 წლის წინ ლატვიაში საერთაშორისო ტურნირზე შევხვდით, შარშან კი ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ, თუმცა ის სულ სხვა იყო. ახლა ორივე გუნდი სხვა სიტუაციაშია. თქვენც გაკლიათ რამდენიმე მოთამაშე, ჩვენ კი სულაც სამი მეფარე – იან ვესელი, პაველ ჰოუსკა და პეტრ ბენდა არ გვეყოლება. ჩემი აზრით, ეს იქნება ორი განსხვავებული ფორმაციის გუნდის დაპირისპირება, რომელშიც იმედია, მოგება ჩვენ დაგვრჩება.
- ტანმაღალი მოთამაშეები გაკლიათ და ალბათ, აქცენტს სწრაფ თამაშზე გააკეთებთ...
- სწრაფ თამაშზე აქცენტის გაკეთებას არა მხოლოდ საქართველოსთან, მთელი ტურნირის მანძილზე ვაპირებთ, რადგან ესაა ჩვენი სტილი. სიმაღლის ძლიერ დეფიციტსაც არ განვიცდით – ჩვენ გვყავს 216 სანტიმეტრი სიმაღლი ანდრეი ბალვინი, თუმცა მას ალბათ გაუჭირდება ზაზა ფაჩულიას, თოკო შენგელიას და ვიქტორ სანიკიძეს გარემოცვაში თამაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სახიფათოა. სხვადასხვა კოზირებთან ერთად, სანიკიძეს მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა ეხერხება.
- რას იტყვით ჩვენს ჯგუფზე?
- ფურცელზე ფავორიტები საქართველო და ჩეხეთი არიან, მაგრამ არ შეიძლება პორტუგალიისა და უნგრეთის ჩამოწერა. პორტუგალიას ჩვენ წინა საკვალიფიკაციოში 2012
ამის შემდეგ, ტომაშ სატორანსკის ჯერიც დადგა.
- რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია, შესაბამისად გუნდში არაერთი ახალგაზრდაა. არიან გამოცდილი მოთამაშეებიც, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. თუ ჩვენი თამაში წაგვივიდა, გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ.
- კარგად იცნობ ბექა ბურჯანაძეს, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში ესპანურ “კახასოლში“ თამაშობდი. რას იტყვი მასზე?
- იგი ძალიან მებრძოლი, თუმცა შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდაა. მაღლ დონეზე თამაშს ახლა იწყებს და ნაკრებში ყოფნაც მისთვის დიდი გამოწვევაა. ბექა ძალიან კარგი პიროვნებაა, ის უზომოდ შრომისმოყვარეა.
- როგორ შეაფასებ შანსებს?
- საქართველოში თამაშებზე ბევრი ხალხი დადის. ვიცი, რომ ახლაც ასე იქნება, გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებს მხურვალედ უქომაგებს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვთრგუნოს. ვფიქრობ, ორივე გუნდს მოგების თანაბარი შანსი აქვს. კარგია, რომ საქართველოში პირველ მატჩს ვთამაშობთ და არა – ბოლოს.
- ცოტა ხნის წინ “ბარსელონაში“ გადახვედი. ევროპის გრანდში შენს როლს როგორ ხედავ?
- “ბარსელონასთან“ მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდა, ძალიან მინდოდა, ყველაფერი წარმატებით დასრულებულიყო და ასეც მოხდა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოვხვდი, სადაც დამკვიდრება იოლი არ იქნება. გასულ სეზონში “კახასოლში“ 30 წუთზე მეტს ვთამაშობდი, მაგრამ კატალონიურ კლუბში ვიცი, ასე რომ არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმ ნდობის გასამართლებლად, რაც ბარსელონელებმა გამომიცხადეს.
- შენ ნბა-ს გუნდშიც ხარ დრაფტირებული და არ აპირებ ოკეანგაღმა თამაშს?
- უახლოესი 2 წლის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც “ბარსელონასთან“ კონტრაქტი მაკავშირებს, ნბა-ში წასვლაზე არ ვიფიქრებ. ზოგადად კი მინდა ამერიკაში გადასვლა, თუმცა ეს პერსპექტივა დღევანდელი გადმოსახედიდან შორია.
www.gbf.ge