ცოტა ხნის წინათ, ესპანურ პრესაში მეტად სახალისო ამბავი გავრცელდა, რომელიც მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს სატრფოს, ირინა შეიკს უკავშირდება. როგორც ესპანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, მშვენიერ ირინას დიდი კამათი, არც მეტი, არც ნაკლები, მადრიდში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოს თანამშრომლებთან, ჩვენებურად კი, “მანქანის ხელოსნებთან” მოუვიდა.
ეტყობა, ხელოსნები საქართველოშიც და ესპანეთშიც ერთნაირი - ცოტა უცნაური ხასიათის ადამიანები არიან და თუკი ”თავზე არ დაადექი”, ავტომობილს არ გაგიკეთებენ. მადრიდული ავტოსახელოსნოს თანამშრომელს ირინა შეიკი მოუტყუებია და როდესაც შეიკი დათქმულ დროზე პროფილაქტიკაში მივიდა, მისი კუთვნილი ”ლამბორგინი” შეკეთებული არ იყო.
ხელოსნის “ფეხებზემკიდიაობამ” რონალდუს სატრფო ძუ მგელივით გააცოფა და ირინა სერიოზულად ეჩხუბა მატყუარა ხელოსანსა და სახელოსნოს სხვა თანამშრომლებს. ვალში არც ხელოსნები დარჩნენ (რომლებმაც შემდგომში აღიარეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო ირინა შეიკი) და წავიდა ბილწსიტყვაობის კორიანტელი. როდესაც საბოლოოდ გაირკვა, თუ ვინ იყო ირინა შეიკი და ვის ეტრფოდა, ერთ-ერთ ხელოსანს (რომელიც ”რაიო ვალიეკანოს” ქომაგი ყოფილა) ბოდიშის მოხდის ნაცვლად, შეიკისთვის რონალდუსთან ისეთი ”ტკბილ-ტკბილი” სიტყვები დაუბარებია, აქ რომ არ ითქმის...