ამერიკის მე-3 საფეხბურთო ლიგაში სეზონი გაიხსნა და თავისი პირველი მატჩი გამართა დეიტონის „დატჩ ლაიონსმა“, რომლის სრულუფლებიანი წევრი ცოტა ხნის წინ „გაგრას“ ექს კაპიტანი ირაკლი ხუციძე გახდა. „ჰოლანდიელმა ლომებმა“ სასტარტო მატჩში პიტსბურგის „რივერსჰაუნდს“ უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
პირველი ტაიმის 28-ე წუთისთვის დეიტონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, არბიტრმა ელი გარნერი გააძევა მოედნიდან. ამის მიუხედავად, 44-ე წუთზე გიბსონ ბარდსლიმ მასპინძლები დააწინაურა, თუმც, როგორც აღმოჩნდა, სულ სამიოდე წუთით - სტუმრებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გაათანაბრეს. გამარჯვების გოლი კი დეიტონელთა ფორვარდმა რემკო კლაასმა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მიითვალა.
რაც შეეხება ირაკლი ხუციძეს, იგი „დატჩ ლაიონსის“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ქართველმა ნახევარმცველმა 80 წუთი დაჰყო მოედანზე.
27 აპრილს, მე-2 ტურში დეიტონელები სტუმრად „ტამპა ბეისთან“ ითამაშებენ.