ირაკლი სირბილაძე პირველად გამოიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 29 წლის ტანმაღალ ფორვარდს ფინურ “ინტერში” შედეგიანი თამაში დაუფასდა, ასე რომ, მის სანაკრებო დებიუტს 15 აგვისტოს ლუქსემბურგ-საქართველოს ამხანაგურში ველით.
“მსოფლიო სპორტი” სირბილაძეს ფინეთში დაუკავშირდა:
- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. მთავარია, ეს შანსი გამოვიყენო. ყველანაირად ვეცდები. ცოტა ხანსაც რომ მომიწიოს თამაშმა, უნდა გამოვიჩინო თავი.
- ელოდით გამოძახებას?
- სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო. ახლა უკვე გავიაზრე.
- კარიერაში საუკეთესო წლები საკმაოდ გვიან დაგიდგათ. პირველად 29 წლისა გამოგიძახეს ნაკრებში. ცოტა არ იყოს, იშვიათი შემთხვევაა. რის ხარჯზე ასეთი პროგრესი ბოლო წლებში?
- გეთანხმებით, საუკეთესო სეზონს ახლა ვატარებ. იყო გარკვეული პრობლემები, რაც მაბრკოლებდა, ფინეთშიც მეორე ლიგიდან დავიწყე და ეტაპ-ეტაპ წავიწიე წინ. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ შრომა არასოდეს არ დამზარებია. ალბათ, ამან მოიტანა ის შედეგი, რომ გვიან მოვხვდი ნაკრებში. მე არც ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია.
- თუ არ ვცდებით, წლეულს “ინტერში” ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარეთ.
- დიახ, ასეა. წუთიც არ დამისვენია. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ასე არაა. აქ სულ მოძრაობაში უნდა იყო, სხვაგვარად არაფერი გამოგივა.
- წლეულს, შესაძლოა, ფინეთის ჩემპიონიც გახდეთ. “ინტერი” ლიდერია ჩემპიონატში. რამდენად რთული იქნება დარჩენილი ტურები?
- რთული ნამდვილად იქნება, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი დაშავებული გვყავს. მაგალითად, კარში მეორე გოლკიპერი გვიყენია, ახალგაზრდა, გამოუცდელი ბიჭია. ძირითადი მეკარე ნაოპერაციებია. ტრავმა მიიღო და ერთი თვე ვერ ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიკა ოიალა. ასე რომ, საკადრო პრობლემებია. მიუხედავად ამისა, ჩემპიონობის მშვენიერი შანსი გვაქვს და იმედიანად ვიყურები წინ.
- ბომბარდირობას უმიზნებთ?
- ლიდერი 2 გოლით მისწრებს. ასე რომ, ძალიან მინდა ბომბარდირობა და შანსიც მაქვს. რა თქმა უნდა, გოლის გატანა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ვეცდები, ლუქსემბურგშიც გავიტანო. ეს სხვა სიხარული იქნება.
- “ინტერმა” ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიურ “ტვენტესთან” სტუმრად 1:1 ითამაშა, ხოლო შინ 0:5 წააგო. მართალია, “ტვენტე” თქვენს გუნდზე ძლიერია, მაგრამ ასეთი ანგარიში მაინც რამ გამოიწვია?
- აშკარად ძლიერი იყო “ტვენტე”, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ უაზრო გოლები გავუშვით დასაწყისში. წეღანაც ვთქვი, ძირითადი მეკარე გვაკლდა. მოკლედ, არ წაგვივიდა თამაში.
- “ინტერში” თანაგუნდელებმა რა გითხრეს, როცა თქვენი ნაკრებში გამოძახების ამბავი შეიტყვეს? თან, ფინეთი საქართველოს მეტოქეა მომდევნო შესარჩევში.
- გაუხარდათ და მომილოცეს. მთავარია, ჯერ ლუქსემბურგთან ვითამაშო კარგად.
ილია ნანობაშვილი