ფეხბურთი

14:13 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი სირბილაძე: "ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში მარტო ჰოკეი უყვართ"

 

ფინეთის ჩემპიონატი სრულდება, ერთი ტური დარჩა. ირაკლი სირბილაძის "ინტერი" შარშან ჩემპიონობისთვის თუ იბრძოდა და მეორეზე გავიდა, ახლა მეცხრე პოზიციაზეა. 31 წლის ქართველმა ფორვარდმა შარშან 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი 9 ბურთი აქვს აქტივში.

"მსოფლიო სპორტი" სირბილაძეს ფინეთში დაუკავშირდა და ეროვნული ნაკრების თემაზეც ესაუბრა:

- ამ სეზონში თქვენს თამაშს როგორ შეაფასებთ?

- მიზეზთა გამო, წლეულს შარშანდელივით კარგი სეზონი არ გვქონდა. ფეხბურთელთა ბირთვი წავიდა და ორი კაცის გარდა, არავინ მოუყვანიათ. მეტწილად ახალგაზრდები გადმოიყვანეს დუბლებიდან და ეს შედეგზეც აისახა. რაც შეეხება პირადად ჩემს თამაშს, 9 გოლი გავიტანე და მგონი, ცუდი არ არის.

- კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ "ინტერთან" და რაიმე შემოთავაზება თუ გაქვთ?

- ახლა, ოქტომბრის ბოლოს მიმთავრდება სეზონი. რეალური წინადადებები უცხოეთიდან არა, მაგრამ ფინეთიდან კი მაქვს. "ინტერს" სურს, რომ ახალი კონტრაქტი გამიფორმოს. შესაძლოა, დავრჩე. ჯერ არ გადამიწყვეტია, დრო მაქვს მოსაფიქრებლად.

- ქართული კლუბებიდან არ გქონიათ წინადადება? და რომ გქონდეთ, ჩამოხვალთ?

-  არ მქონია საქართველოდან და რომც მქონდეს, მანდ თამაშს არ ვაპირებ. ნამდვილად არ მაქვს საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი.

- რატომ?

- ყველა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, საქართველოდან სადმე წავიდეს სათამაშოდ. ჩემი აზრით, მანდ ჩამოსვლაზე, უკიდურესი სიტუაცია თუ არ აქვს, არავინ არ ფიქრობს. ანუ, სანამ შეუძლია უცხოეთში თამაში. საქართველოს ჩემპიონატი წინ არ მიდის და რამდენიმე კლუბის გარდა, ყველას ფინანსური პრობლემა აქვს. როდის რომელი კლუბი დაიშლება, არავინ იცის.

- ფინეთში ყოფილა რომელიმე კლუბის დაშლის საშიშროება?

- რაც აქ ვარ, ასეთი რამ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებზე არ გამიგია. შესაძლოა, ბევრ გუნდს არ აქვს დიდი ბიუჯეტი, მაგრამ სტაბილურობას არ უჩივიან. ხელფასების დაგვიანება და მსგავსი რაღაცეებიც არ ხდება.

- ფინეთში საქართველოს ჩემპიონატისგან მკვეთრად განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობენ. შეგუება არ გაგჭირვებიათ?

- როცა ჩამოვედი, მეოთხე ლიგის გუნდში მომიწია დაწყება, მაგრამ უცებ გადავედი ჯერ მეორეში, მერე უმაღლესში და შედეგიანადაც ვთამაშობ. არ გამჭირვებია, იოლად შევეგუე.

- ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარეთ, თუმცა ყაზახეთთან თამაშის შემდეგ აღარ ყოფილხართ გამოძახებული. ის თამაში არ მოეწონა მწვრთნელს?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ალბათ, მწვრთნელი უკეთ იტყვის. ის წყვეტს, ვის დაუძახოს და ვის – არა.

- ნაკრებში რაც ითამაშეთ, რა დაგამახსოვრდათ? და როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი ცუდი შედეგი?

- ვფიქრობ, უკეთესი შედეგი უნდა გვეჩვენებინა და მესამე ადგილზე გავსულიყავით. ბიჭები ყველა მატჩში ბოლომდე იბრძოდნენ, თავს არ ზოგავდნენ. მიზეზი, ალბათ, არის რაღაც-რაღაცეები, შეცდომებიც ბევრი იყო თამაშში. იმედია, მომავალში უკეთეს შედეგს აჩვენებს ნაკრები და ჯგუფიდან გასვლასაც შეძლებს. მჯერა, ამ ფეხბურთელებით ბევრად კარგი შედეგი შეიძლება გვქონდეს.

- ფინეთში რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოსთან მოგებას?

- სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ფინელებმა თამაშით გვაჯობეს და დამსახურებულად მოიგეს. აღნიშნეს, ერთი გოლი არ ჩაგვითვალესო. მატჩის წინ არ ეგონათ, რომ მოიგებდნენ, რადგან ჩვენს ნაკრებზე კარგი წარმოდგენა ჰქონდათ. მანამდე ხომ ფრანგებთან ფრე ვითამაშეთ.

- საერთოდ, ფინეთი ზამთრის სახეობების ქვეყანაა, მაგრამ ფეხბურთს რამდენად ექცევა ყურადღება? ბავშვებში იგრძნობა ფეხბურთისადმი დიდი სიყვარული?

- ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში მარტო ჰოკეი უყვართ. ასე ნამდვილად არაა. საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზეც იგრძნობა ინტერესი. ბავშვებსაც ხშირად ნახავთ, ფეხბურთს რომ თამაშობენ. საერთოდ, სახელმწიფო ყველანაირად ხელს უწყობს ფეხბურთის განვითარებას. პრობიბები ყველას აქვს: დიდი იქნება თუ პატარა.

- მოედნები როგორია?

- აქ მაგის პრობლემა არაა. რომელ ლიგაშიც არ უნდა თამაშობდეს გუნდი, კარგი მინდორი აქვს. ეკიპირება, კვება – ამაზეც არაა ლაპარაკი. ეს აქ ელემენტარულია. ბავშვთა სკოლებიც საკმაოდ ბევრია.

- მოკლედ, ფინეთში კმაყოფილი ხართ. რამე არის, რაც არ მოგწონთ?

- დიახ. რა თქმა უნდა, მეტი მინდა, უკეთეს ლიგაში გადასვლაზე უარს არ ვიტყოდი. ალბათ, 10 წლის წინათ რომ ჩამოვსულიყავი, ახლა სულ სხვაგვარად მექნებოდა საქმე, მაგრამ არაუშავს. რასაც მივაღწიე, ღმერთს ვუმადლი. რა არ მომწონს? თითქმის სულ ცივა, თუმცა ამასაც ვეჩვევი. სხვა რა გზა მაქვს.

... აქვე მინდა, რომ 17-წლამდელთა ნაკრებს წარმატება ვუსურვო ელიტ-რაუნდზეც. ნოდარ აკობია, უპირველესად, ძალიან კარგი პიროვნებაა და ძლიერი სპეციალისტიც. იმედი მაქვს, მისი ნაკრები ბევრს მიაღწევს, მისი ნაკრების ფეხბურთელებს კი კარგ კლუბებში მოხვედრას ვუსურვებ.

... ასევე ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს და თემურ ქეცბაიას. ცალკე უნდა ვთქვა ზურაბ ხიზანიშვილზე: მას რაც შეეძლო, ბოლომდე იხარჯებოდა და ნაკრებისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ჩემი აზრით, დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშევი და ვისურვებდი, ბევრი ქართველი მოხვდეს ისეთ კლუბებში, როგორშიც ზურა თამაშობდა. ხიზანიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ნაკრებიდან წასვლას რაც შეეხება, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ისე კი, ვფიქრობ, კიდევ შეეძლო ნაკრებში თამაში. წარმატებას ვუსურვებ საკლუბო კარიერაში და პირად ცხოვრებაში.

0.124632