ინტერვიუები

19:54 | 6.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი კლიმიაშვილი: “არ გამიკვირდება, 20 წლის შემდეგ, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის პრეტენზია რომ ჰქონდეს”

უზბეკურ ტაშკენტის “ფახთაქორში” გადასვლის შემდეგ, ირაკლი კლიმიაშვილმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა და  ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. უზბეკური ინტერნეტ-გამოცემა interfutbol.uz-ის თქმით, ქართველმა ნახევარმცველმა გუნდის ყოფილი ლიდერი ოდილ ახმედოვი სრულფასოვნად შეცვალა, რასაც მოედანზე ამტკიცებს. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც კლიმიაშვილმა ხსენებულ გამოცემას მისცა.
- “ფახთაქორთან” შეთანხმებას როგორ მიაღწიეთ? ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გადამწყვეტი ფაქტორი რა გახდა? რჩევა ვის ჰკითხეთ?
- 24 თებერვალს მახაჩყალის “ანჟისთან” 3,5 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. თურქეთში შეკრებაზე ყოფნისას მწვრთნელის ნდობა გავამართლე, მაგრამ ეს ცოტა იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი. ამის მიზეზი ძალიან დიდი კონკურენცია იყო. იმ ასაკში ვარ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე. ამ დროს “ფახთაქორმა” მიმიწვია. სხვათა შორის, თურქეთში შეკრებაზე, რომ ვიყავი ტაშკენტელები მაშინაც მიწვევდნენ, მაგრამ მაშინ “ანჟი” ავირჩიე. მეორედ გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მივიღე. ჩემთვის მთავარია ვითამაშო და სათადარიგოთა სკამზე არ ვიჯდე. “ფახთაქორში” ამის შესაძლებლობას მაძლევენ. 29 ივლისს კლუბთან ოთხთვიანი კონტრაქტი გავაფორმე. მანამდე ჩემს მეგობრებს, კახა მახარაძეს და მიხეილ ალავიძეს ველაპარაკე, რომლებიც უზბეკეთის ჩემპიონატში თამაშობენ. მათ მითხრეს, რომ “ფახთაქორის” არჩევისას არ შევმცდარვარ.
- “ფახთაქორიდან” ოდილ ახმედოვის წასვლის შემდეგ გაჩნდა კითხვა – მის მაგივრად გუნდის ლიდერის ადგილს ვინ დაიკავებდა? თქვენ ამის შანსი გაქვთ. ამასთანავე, 25-ნომრიანი მაისურით თამაშობთ, რომლითაც ახმედოვი გამოდიოდა.
- ოდილის შეცვლა ძალიან რთულია. მას გუნდში წამყვანი პოზიცია ეკავა. მე ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ მწვრთნელებისა და გულშემატკივრების იმედი გავამართლო. არჩეული ნომერი კი, ჩემზე დადებითად მოქმედებს.
- გუნდში არსებული ატმოსფერო და შექმნილი პირობები გაკმაყოფილებთ?
- რა თქმა უნდა. მე კარგად შემხვდნენ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ამ გუნდში დიდი ხანია ვთამაშობ.
- “ანჟიში” რა პოზიციაზე თამაშობდით?
- ნახევარდაცვაში. უფრო მეტად თამაში თავდამსხმელების უკან მიწევდა. ამ პოზიციაზე თამაში თავად მომწონს.
- “ფახთაქორში” გადასვლის შემდეგ, ამ თემაზე გუნდის მთავარ მწვრთნელ რავშან ხაიდაროვთან საუბარი გქონდათ?
- დიახ. რავშან აკმალოვიჩმა მითხრა, რომ ჩემთვის სასურველ პოზიციაზე მეთამაშა და თავდამსხმელებს დავხმარებოდი.
- საქართველოსა და უზბეკეთის ჩემპიონატებს შორის რა განსხვავებაა?
- შედარება ძნელია. ამჟამად, ამ ქვეყნების ჩემპიონატები განვითარების საკუთარ გზას გადიან. მართალია, უზბეკეთი აზიაშია, მაგრამ ევროპულზე ნაკლებ ფეხბურთს არ აჩვენებს. აქ ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ სპორტის ამ სახეობას. ფეხბურთი ჩვენთანაც უყვართ, მაგრამ ისე ძლიერად არა, როგორც უზბეკეთში.  
- თქვენთან საბავშვო ფეხბურთი რა დონეზეა განვითარებული?
- ახლა საქართველოში ძირითადი აქცენტი ხარისხიანი საფეხბურთო მოედნების რიცხვის გაზრდაზე კეთდება. ტალანტები მხოლოდ კარგ მოედნებზე იზრდებიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეს იდეა აიტაცა. გააქტიურდა კლუბებთან არსებული საფეხბურთო აკადემიების საქმიანობა. არ გამიკვირდება, რომ 20 წლის შემდეგ, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოხვედრის პრეტენზია ჰქონდეს.  
- 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან, საფრანგეთთან, ბელარუსსა და ფინეთთან ერთად მოხვდა. ერთგვარი “სიკვდილის ჯგუფია”...
- იმედი ბოლოს კვდება... გეთანხმებით, ჯგუფიდან საფრანგეთისა და ესპანეთის გასვლის შანსი ძალიან დიდია. არ უნდა დავივიწყოთ ბელარუსი. თუმცა, ჩვენი დამარცხებაც იოლი არ იქნება. ქართველი ფეხბურთელები ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წინაშე მაღალი მიზნებია დასახული.
- თქვენი ვარცხნილობა უზბეკეთის ეროვნული ნაკრებისა და “დნიპროს” მცველის ვიტალი დენისოვისას ჰგავს...
- ამის შესახებ უკვე მითხრეს. ჩემი ვარცხნილობა მომწონს.
- “ფახთაქორის” ხელმძღვანელობა კონტრაქტი გახანგრძლივებას თუ შეგთავაზებთ დათანხმდებით?
- რატომაც არა? ამის ალბათობა ძალიან დიდია.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- ამჟამად, სასტუმროში ვცხოვრობ. ამიტომ, უფრო მეტად ინტერნეტს ვუზივარ. ჯერ ქალაქს ცუდად ვიცნობ. ხანდახან მაღაზიებში დავდივარ საყიდლებზე. ტაშკენტი ძალიან მომწონს. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თბილისში. აღმოჩნდა, რომ უზბეკეთი და საქართველო ერთმანეთს ძალიან ჰგავს – ხალხი, კულტურა.
- ვინ ან რამ გაგაოცათ?
- უზბეკების აღწერას სიტყვები არ სჭირდება. მსოფლიოში უკეთეს ხალხს ვერ ნახავთ.

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა რავშან ხაიდაროვმა interfutbol.uz-თან საუბარში კლიმიაშვილი ასე დაახასიათა:
 “ირაკლისთან მოლაპარაკებას წლის დასაწყისში ვაწარმოებდით. მაშინ მან “ანჟი” აირჩია. მახაჩყალურ კლუბთან მოლაპარაკების შემდეგ, ის სეზონის ბოლომდე იჯარით ავიყვანეთ. რა დონის ფეხბურთელია, მოედანზე მისი თამაშიდან ჩანს. ირაკლის დიდი იმედი მაქვს. მან დაამტკიცა, რომ ოდილ ახმედოვის ღირსეული შემცვლელია”.
 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.076089