მადრიდის გარეუბანი, ლას-როსასი, ესპანეთის ნაკრებების ტექნიკური ცენტრი, ფედერაციის ოფისი, შეხვედრა ფერნანდო იეროსთან, ანხელ მარია ვილიართან... აქედან ძნელი გამოსაცნობი არაა, როგორი შთაბეჭდილებები წამოჰყვებოდათ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს და ზოგადად, ქართული დელეგაციის წევრებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ნიკა ჩხეიძემ “მსოფლიო სპორტს” მადრიდული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
შეხსენებისთვის, კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრებმა მადრიდის გარეუბან ლას-როსასის “სიუდად დელ ფუტბოლზე”, 22 და 24 თებერვალს, ორი ამხანაგური მატჩი გამართა ესპანელ თანატოლთა ნაკრებთან. ჯერ 1:2 წააგო, მერე კი 0:0 გაეყარა, რაც მთლიანობაში, ნორმალური შედეგია – ახლა ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების ძალა რომ დავიწუნოთ, უხერხული გამოვა.
მოკლედ, ჩხეიძის ნაუბარი:
მსოფლიო თასის ორიგინალთან
ძალიან თბილად მიგვიღეს. ისეთი პირობები გვქონდა, თითქოს, ესპანური გუნდი ვყოფილიყავით. იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, მადრიდის ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზეა. ეს არის ესპანური ფეხბურთის ცენტრი, სადაც ეროვნულიდან დაწყებული, ყველა ასაკობრივი ნაკრები ვარჯიშობს ხოლმე. პლუს, ლას-როსასში არის ესპანეთის ფეხბურთის მუზეუმი, იქ დევს მსოფლიო თასის ორიგინალი. ეს რომ არ გვენახებინა ჩვენი ბიჭებისთვის, არ შეიძლებოდა. მუზეუმში შესვლისას დიდხანს უნდა დარჩე, რათა დაინახო და იგრძნო ესპანური ფეხბურთის ისტორია. ყველაფერი გამოფენილია, ყველაფერია მოთხრობილი.
... ლას-როსასში ყოველ დილით, 9 საათზე იკრიბებიან ესპანეთის ყველა ნაკრების მწვრთნელები – დაწყებული ვისენტე დელ ბოსკედან, დამთავრებული 16-წლამდელთა დამრიგებლით. ჯერ დღის დაგეგმვა ხდება და შემდეგ სამუშაო იწყება, რომელიც 18 საათამდე გრძელდება.
ტური “სანტიაგო ბერნაბეუზე”
მასპინძლებმა მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზეც” მიგვიწვიეს. ეს იყო ტური. ვნახეთ სტადიონის გასახდელი, ტრიბუნები, მინდორი, მოკლედ, ყველაფერი - ის სკამიც, სადაც ჟოზე მოურინიო ზის ხოლმე. ძალიან მაგარი სტადიონია.
... ჩვენ იმავე სასტუმროში ვცხოვრობდით, რომელშიც ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრები იყო. ბიჭებს უხაროდათ - როგორია, იმ ოთახში დაბინავდე, სადაც იკერ კასილიასი და სხვები ცხოვრობდნენ.
ფერნანდო იერო – მის გარეშე არაფერი ხდება
ჩვენ რომ ესპანეთში ჩავედით, ფერნანდო იეროს დამსახურებაა. მადრიდის “რეალისა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა უშუალო პიროვნებაა, მაგრამ დიდი ავტორიტეტი აქვს. იერო ტექნიკური დირექტორიცაა და ნაკრებებსაც ის კურირებს. დელ ბოსკე სწორედ მისი დანიშნულია. იეროს პირადად ვიცნობდი, ბევრი ვისაუბრეთ და თითქმის ყველაფერს მოჰყვა ესპანური ფეხბურთის ინფრასტრუქტურაზე.
... ესპანეთში საფეხბურთო იდეოლოგია სხვაგვარია, წლების წინ დაიწყეს რეფორმები და ერთ-ერთი ასეთია ტალანტების წარმოჩენის სისტემა. ქვეყანაში 19 რეგიონია, სათითაოდ ყველა რეგიონში მივლენილი ჰყავთ მწვრთნელები და იქ რომ ტურნირები ტარდება, საუკეთესოებს არჩევენ - თითო პოზიციაზე 9-10 ფეხბურთელს.
... მათი 17-წლამდელთა ნაკრები (და სხვა ასაკობრივებიც) იმ სისტემით თამაშობს, როგორც ეროვნული ნაკრები. ერთიანობაშია მოქცეული.
დელ ბოსკეს და ვილიარის თვალწინ
გამიხარდა, რომ ჩვენმა ბიჭებმა არაფერი დაუთმეს მასპინძლებს. პირველ მატჩშიც შეიძლებოდა არწაგება, ბაჩანა არაბულს ერთი-ორი კარგი შანსი ჰქონდა. ბარსელონელი ჟერარდ დელუფო – ეს ფეხბურთელი დავიმახსოვროთ. ძალიან გამოირჩეოდა, სულ სხვანაირად თამაშობდა და დარწმუნებული ვარ, ახლავე თავისუფლად ითამაშებდა უფროსების გუნდში. სხვებიც ძლიერები ჰყავდათ ესპანელებს, მაგრამ დელუფო თითქოს სხვა პლანეტაზე იყო.
... ეს ორი თამაში დიდი სკოლა იქნება ჩვენი 17-წლამდელებისთვის. შემდეგი გასვლა საფრანგეთშია, სადაც ელიტ-რაუნდის მატჩები გაიმართება და საფრანგეთის გარდა, ბელარუსი და ნორვეგია გვეყოლება მეტოქეებად. სხვათა შორის, ჩვენ მატჩს ინგლისის და ბელგიის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელები დაესწრნენ. ისინი ესპანეთის ჯგუფში მოხვდნენ ელიტ-რაუნდში. საერთოდ, იქ ყველამ შეაქო ჟორჟიკაშვილის ნაკრები.
16-წლამდელთა ესპანეთი-საქართველოც იქნება
მეორე თამაშის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანხელ მარია ვილიარი მოვიდა, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მიესალმა. ვილიარი 1988 წლიდან მუშაობს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და თუ როგორ მუშაობს, მშვენივრად ჩანს. ამასთან, ვილიარი ხომ უეფას პირველი ვიცე-პრეზიდენტიცაა. ვილიარმა მომავალშიც აღვითქვა თანამშრომლობა და სფფ-ის ხელმძღვანელებთან გულთბილი მოკითხვა დაგვაბარა.
... რაც შეეხება ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაც ხინეს მელენდესს, ძალიან ცნობილი სპეციალისტია და საქართველოშიც ყოფილა, უეფადან მწვრთნელთა განათლების სისტემიდან. სხვათა შორის, უკვე ვისაუბრე, რომ წლეულსვე, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებიც ჩავა მადრიდში და ესპანელ თანატოლთა ნაკრებს შეხვდება. საუბარია გელა შეყილაძისა და ლევან ხომერიკის გუნდზე.
... და კიდევ, ჩვენ მატჩებს დელ ბოსკემაც უყურა, ოღონდ ჩემთან და იეროსთან ერთად არ მჯდარა. თავისი ადგილი ჰქონდა და იქიდან უცქერდა.
ილია ნანობაშვილი