ფეხბურთი

16:55 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

იქ, სადაც ბარტეზი და სანაია არიან

 

ფრანგული “ლუზენაკი”, სადაც ქართველი მარცხენა მცველი ამირან სანაია თამაშობს, ნაციონალ ლიგაში (რანგით მესამე) პირველ ადგილზეა და ფაქტობრივად, გადასულია მეორე ლიგაში. 7 ტური დარჩა და სანაიას გუნდი 12 ქულით უსწრებს მეოთხეადგილოსანს, ლიგა2-ში კი 3 კლუბი გადადის.

საინტერესოა, რომ “ლუზენაკის” გენერალური დირექტორი საფრანგეთის ნაკრების, “მარსელისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე ფაბიენ ბარტეზი გახლავთ. მსოფლიოს ჩემპიონ ბარტეზს დიდი გეგმები აქვს და ამბობს, რომ მისი მიზანი “ლუზენაკის” არათუ ლიგა2-ში, არამედ უმაღლესში გადასვლაცაა.

გასულ ტურში სანაიას გუნდმა ფრედ (1:1) ითამაშა “პარიზთან” და ფრანგულ La depeche-ში სანაიასა და ბარტეზის კომენტარებიცაა, სადაც ისინი ამბობენ, რომ ეს ბოლო მატჩი აუცილებლად სწრაფად უნდა დაივიწყონ და ბოლო შეხვედრებიც ისე უნდა ჩაატარონ, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში გამართეს.

შეგახსენებთ, სანაიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი და ეროვნულშიც ხშირად იძახებდნენ. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა (მაშინ 18 წლისა იყო) ყატართან 2:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში, ბოლოს კი ექტორ კუპერის მწვრთნელობისას ითამაშა: ბულგარეთთან მწარედ გასახსენებელ მატჩში, რომელიც ქართველებმა 2:6 წააგეს.

0.130526