“მანჩესტერ სიტი”, “არსენალთან” გასამართ მატჩში, სტევან იოვეტიჩსა და ფერნანდოს ვერ დაიხმარს. ამ ინფორმაციას “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ავრცელებს.
იოვეტიჩს, ბოლო დროს, ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და ამის გამო, “არსენალთან” მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. პელეგრინიმ განაცხადა, რომ ჩერნოგორიელი შემტევის გამოჯანმრთელებას მინიმუმ 2 კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში ვერ ითამაშებს.
იოვეტიჩის მსგავსად, რამდენიმე კვირით უქმობა მოუწევს გუნდის ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფერნანდოსაც.
იოვეტიჩი და ფერნანდო იმ ფეხბურთელებს შორის შედიან, რომლებმაც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სამივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. პირველმა მათგანმა 2 გოლის გატანაც მოახერხა.