მოახლოებული ახალი სეზონის სტარტის წინ ესპანელი ჟურნალისტები მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას იოჰან კრუიფს გაესაუბრნენ და “მფრინავ ჰოლანდიელს” წამყვან ევროგრანდებში, “ბარსელონაში”, “რეალში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნში” მომხდარ ცვლილებებზე სთხოვეს საკუთარი აზრის გამოთქმა.
- “ბარსელონამ” ნეიმარი შეიძინა. ადრე აღნიშნეთ, რომ ბრაზილიელს ლეო მესისთან ტანდემში თამაში გაუძნელდება. სადღეისოდაც ამ პოზიციაზე რჩებით?
- ჟურნალისტები ხშირად იმას წერთ, რასაც თქვენ ფიქრობთ და მე არ მითქვამს. თქვენი კოლეგები დარწმუნებულები არიან, რომ სანდრო როსელის წინააღმდეგ ვმოქმედებ, მაგრამ, გარწმუნებთ, ეს აბსურდია. უბრალოდ, მე საკუთარი აზრი მაქვს და რადგანაც რომელიმე ფაქტზე ჩემი პოზიცია გამაჩნია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, ვინმეს ან რაიმეს მოწინააღმდეგე ვარ. ნეიმარს რაც შეეხება, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ. ბრაზილიელს მაღალი კლასის ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ მოერგება იგი “ბარსელონას” სათამაშო მექანიზმს. მხოლოდ ეს ვთქვი და ჩემ თვალსაზრისს ისეთი კუდი გამოაბეს, თითქოს ნეიმარის “კამპ ნოუზე” მოსვლის კატეგორიული წინაღმდეგი ვიყავი. თუმცა, გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენ.
- საქმე მხოლოდ თქვენ გამონათქვამებში არაა. კარგად გვახსოვს კონფლიქტური სიტუაციები, რომლებიც გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის, სამუელ ეტო’ოს, დავიდ ვილიას, ბოიან კრკიჩის ირგვლივ შეიქმნა. საბოლოოდ ეს ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ, “ბარსელონა” დაეტოვებინათ. ნეიმარის მოსვლის შემდეგ მსგავსი ამბავის გამეორების საშიშროების წინაშე ხომ არ დადგება გუნდი?
- საქმე ისაა, რომ ლეო მესი დიქტატორია. დიდწილად ეს ბუნებრივიცაა, რადგან მსოფლიოში საუკეთესო ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანი გარკვეულწილად დიქტატორია. მესი უდიდეს წნეხს განიცდის – მისგან ყოველ უიკენდზე სასწაულს ელიან და ითხოვენ. ამის განსახორციელებლად ლეოს გარკვეული პირობები ესაჭიროება, რომელთაგან უმთავრესი ისაა, რომ მესის პარტნიორები სათამაშო ეპიზოდების უმრავლეს ნაწილში არგენტინელის ნება-სურვილს უნდა დაჰყვნენ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მესი სხვა ფეხბურთელებთან შედარებით უფრო მაღალი კლასის მოთამაშეა. ასეთებს კი განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ მატჩის დროსაც და მინდორს გარეთაც.
- გამოდის, მესისა და ნეიმარის ერთდროულად მინდორზე ყოფნა რისკთანაა დაკავშირებული...
- დიახ, ასეა. მესისთან ნეიმარის ტანდემი წარმატებული ან იქნება, ან არა. შანსი 50-50-ზეა. “ბარსელონამ” ნეიმარის ტრანსფერით გარისკა.
- თქვენ გარისკავდით?
- მე ნეიმარის “კამპ ნოუზე” მიყვანით არ გავრისკავდი.
- მადრიდის “რეალი” გარეტ ბეილის ტრასფერზე ფიქრს არ ეშვება. უელსელი კასტილიელთათვის კარგი შენაძენი იქნებოდა?
- ბეილი ძალიან მომწონს. ბრიტანული ფეხბურთი ესპანელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ კუნძულელ მოთამაშეებსა და მთლიანობაში გუნდებს ბევრი დადებითი თვისება აქვთ.
- ამბობენ, ბეილის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიყვანა კრიშტიანუ რონალდუს პოზიციებს შეასუსტებსო. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- საფეხბურთო მინდორი იმდენად დიდია, რომ რონალდუსა და ბეილის მატჩის დროს ერთდროულად ადგილი და სათანადო ფუნქცია მოეძებნებათ. დანარჩენი უშუალოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- კარლო ანჩელოტის მთავარმწვრთნელად დანიშვნა “რეალისთვის” დადებით მომენტად მიგაჩნიათ?
- მადრიდელებს ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავთ, უბრალოდ, მათ ერთ კოლექტივად შეკვრაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი ამას მოახერხებს. იტალიელს შთამბეჭდავი სამოთამაშეო და სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა და მან მშვენივრად იცის გუნდის მართვა.
- “მანჩესტერ იუნაიტედს” ალექს ფერგიუსონის გარეშე რა ბედი ელის?
- არ მგონია, მანჩესტერელებს კრიზისული პერიოდი დაუდგეთ. ფერგიუსონი საკუთარ გადაწყვეტილებებში ყოველთვის თანმიმდევრული იყო და კვლავინდებურად “იუნაიტედის” კურატორის რანგში მოგვევლინება. “მანჩესტერ იუნაიტედი” კარგად ორგანიზებული კლუბია.
- მიუნხენის “ბაიერნი” პეპ გვარდიოლასთან ერთად თავისი ისტორიის ახალ ეტაპს იწყებს?
- პეპი დიდი მოთამაშე იყო, ასეთივე მწვრთნელად ჩამოყალიბდა და ბრწყინვალე ადამიანია. იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება, რომ “ბაიერნს” კარგად მოერგება და მიუნხენურ გრანდს დიდ სარგებლობასაც მოუტანს. მეტად მნიშვნელოვანია, “ბაიერნის” საკლუბო ხელმძღვანელობა წარსულის ისეთი ვარსკვლავებისგან შედგება, როგორებიც კარლ ჰაინც რუმენიგე, ული ჰიონესი, ფრანც ბეკენბაუერი, მათიას ზამერი არიან. მათ მშვენივრად იციან კლუბის და გუნდის მართვა, არ იბნევიან, როდესაც 100 ათასი მაყურებელი ერთდროულად ტაშს გიკრავს ან გისტვენს. ასეთ ადამიანებთან მხარდამხარ მუშაობა განუზომლად სასარგებლოა და წარმატების მოტანის დიდ შანსს გაძლევს. ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა, რის გამოც პეპმა არჩევანი “ბაიერნზე” გააკეთა.
- “ბარსელონა” გვარდიოლას კორექტულად დაემშვიდობა?
- ამ საკითხში ყველას თავისი აზრი აქვს. პირადად მე არ მომეწონა კლუბის მიერ პეპთან დაშორების არჩეული ფორმა. გვარდიოლა სხვაგვარ დამშვიდობებას იმსახურებდა. ჩვენ ხომ მოთამაშისა და დამრიგებლის რანგში “ბარსელონას” მარგალიტთან გვქონდა საქმე.
- როგორ გგონიათ, ესპანეთი მომავალი წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს?
- ყველას მშვენივრად მოგეხსენებათ, ესოდენ მაღალ დონეზე დიდხანს შეყოვნება რაოდენ ძნელი ამბავია. ვისენტე დელ ბოსკეს მიერ გაწეულ სამუშაოს ფანტასტიკურს ვუწოდებდი. მას კარგად აქვს გასიგრძეგანებული საკუთარი მისია ეროვნული გუნდის ჩამოყალიბების და მართვის საქმეში. მიაქციეთ ყურადღება, “რეალისა” და “ბარსელონას” საკლუბო ქიშპობა “ფურია როხას” თამაშისას ოდნავადაც არ იგრძნობა.
- საფეხბურთო დამრიგებელი უპირველესად მწვრთნელი უნდა იყოს თუ ფსიქოლოგი?
- სანაკრებო მწვრთნელმა სამუშაოს საორგანიზაციო მხარე უნდა გასწიოს და შედეგზე პასუხი აგოს. არაა საჭირო, დელ ბოსკემ ჩავის ფეხბურთის თამაში ასწავლოს, მისი ფუნქცია მოთამაშის გუნდის მექანიზმში სათანადოდ ჩასმაა.