ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი და სპეციალისტი იოჰან კრუიფი, რომელმაც თავის დროზე, კატალონიურ “ბარსელონას” არაერთი წარმატება მოუტანა, კლუბმა 8 აპრილს საპატიო პრეზიდენტად დანიშნა. ჰოლანდიელი ამას უდიდეს პატივად მიიჩნევს და საკუთარი შთაბეჭდილებები კლუბის ოფიციალურ საიტს გაუზიარა. ამასთან, მან “ბარსელონას” მომავალზე ისაუბრა და თვლის, რომ ის, ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია, მადრიდის “რეალთან” საჩემპიონო რბოლას კი, დასრულებად ჯერ არ მიიჩნევს.
- რას ნიშნავს თქვენთვის “ბარსელონას” საპატიო პრეზიდენტად დანიშვნა?
- ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. პატივი, რომელიც მთელს კარიერაში ყველაზე მეტად გამორჩეულია.
- როდესაც ამ თანამდებობის დაკავება შემოგთავაზეს, რა გაიფიქრეთ? დაფიქრდით მიგეღოთ თუ არა ეს შეთავაზება?
- ყველაფერი, რაც იმდენად მნიშვნელოვანია, როგორიც ეს თანამდებობაა, მოსაფიქრებლად დროს მოითხოვს. ის სხვა თანამდებობებისაგან სრულიად განსხვავებულია და ამიტომ, განსაკუთრებულ დაფიქრებას მოითხოვს. საპატიო პრეზიდენტად დანიშვნა, ადამიანისთვის წარსული დამსახურების დაფასებაა. ადამიანები იცვლებიან, თუმცა მე საკუთარი თავის მწამს. ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და მუდამ მზად ვარ დასახმარებლად. ამიტომ, როდესაც კლუბმა ზემოთნახსენები თანამდებობის დაკავება შემომთავაზა, არავითარი პრობლემა არ შემქმნია და არც დიდხანს ფიქრი დამჭირვებია.
- ფეხბურთელობისას, თქვენ 70-იან წლებში გულშემატკივართა მენტალიტეტი შეცვალეთ, შემდეგ კი იყო “ოცნების გუნდი”. როგორ შეძელით ეს ყველაფერი?
- “ბარსელონაში” ფრანკოს ეპოქის დროს მოვედი. აქედან მოყოლებული, ახალი თაობა მოვლენებს სულ სხვაგვარად აღიქვამდა, ისინი სხვაგვარად ფიქრობდნენ, ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალნი იყვნენ. ამრიგად, ახალგაზრდა კატალონიელმა ფეხბურთელებმა იცოდნენ, როგორ უნდა ემუშავათ ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც იყვნენ კუმანი და ლაუდრუპი, რომელთაც სულ სხვა აღზრდა ჰქონდათ. სწორედ ასეთი მაგალითის ქონამ გაუადვილა მათ ახალი ეპოქის დაწყება, რადგანაც მათი მენტალილეტი უკვე სულ სხვაგვარი იყო.
- გვარდიოლამ თქვა, რომ თქვენ მისი “იდეური მამა” ხართ, ჟოან ლაპორტამ კი განაცხადა, რომ სწორედ თქვენ შექმენით ის სათამაშო სტილი, რომელსაც “ბარსელონა” ახლა აჩვენებს. გვარდიოლას ახლანდელი გუნდის წარმატებაში, თავს “თანამოზიარედ” ხომ არ გრძნობთ?
- არა, ეს წარმატება სრულად გვარდიოლას ეკუთვნის. გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტიც: რას წარმოადგენს პიროვნება და როგორ თამაშობდა ის. “ბარსელონას” მწვრთნელი კლუბის სახეა. თუ ეს ადამიანი ჭკვიანი და განათლებულია, იცის როგორ ავარჯიშოს ახალგაზრდები, მაშინ მას ფანტასტიკური შედეგის ჩვენება შეუძლია. მაგალითისთვის ფრანკ რაიკაარდი ავიღოთ, ის იყო ჯენტლმენი და კლუბი სულ უფრო დიდი და დიდი წარმატებების გზაზე დააყენა.
- გვარდიოლა და რაიკაარდი სათამაშო სქემას ცვლიდნენ, თუმცა, პეპმა თქვა, რომ ყველა ეს სქემა, ერთი საერთო წერტილიდან მომდინარეობს.
- არასდროს არ უნდა ჩაიციკლო ფიქსირებულ იდეაზე. სქემა მთავარი არაა. უნდა გყავდეს უნარიანი, ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც ადვილად მიხვდებიან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სწორად. როდესაც მწვრთნელი ვიყავი, რომარიოსთან ერთად სხვა სქემით ვთამაშობდით, ლაუდრუპთან კი სხვა მონახაზით, არადა, ორივე მათგანი ცენტრალური თავდამსხმელი იყო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არიან ერთმანეთისგან დაშორებული ფეხბურთელები. თუ შეგიძლია ბურთის ფლობა, მაშინ არასდროს არ მოგიწევს გარისკვა, რადგანაც ბურთი შენ გაქვს და პრობლემებიც არ შეგექმნება.
- თქვით, რომ გვარდიოლა “ბარსელონას” სახეა. რას იტყვით ლაპორტას შესახებ? კლუბის ისტორიაში ის საუკეთესო პრეზიდენტია?
- მან სრულიად შეცვალა კლუბი. რაღა თქმა უნდა, შეცდომები ნებისმიერი მოვლენის თანმდევია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, რა მდგომარეობაში იყო კლუბი 2003 წელს და რა ხდება ახლა, თვალნათელია, რომ ჟოანმა ყველაფერი რადიკალურად შემოაბრუნა. არის მოვლენები, რასაც არ ვეთანხმებოდი, იყო ისეთებიც, რაც გეგმის მიხედვით არ გამოვიდა. გარკვეულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ვფლობ, რადგანაც მე კლუბს მხოლოდ მარკეტინგის სფეროში ვეხმარებოდი.
- ცოტა ხნის წინ, გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ბარსელონას” მწვრთნელად მომავალ სეზონშიც რჩება. როგორ ფიქრობთ, დიდხანს იქნება ის მწვრთნელი?
- პეპემ განაცხადა, რომ დარჩენა უნდა და ეს, აბსოლუტურად ლოგიკურია. ეს, მისი ქალაქი და კლუბია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან, შესაძლოა, წასვლა გადაწყვიტოს, ეს, კლუბის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან მისთვის გადაწყვეტილებების მიღების შეზღუდვა იქნება. სწორედ ამიტომ, მას ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ის მართალია. თუ გვარდიოლას აქ აღარ მოეწონება, მაშინ “ბარსელონაში” აღარ დარჩება. პეპმა იცის, რომ კლუბი კარგად უნდა იყოს ორგანიზებული. ის, რამაც უკანასკნელი ხუთი წელი კარგად იმუშავა, შესაძლოა, მომავალში აღარ გამოდგეს. აუცილებელია, თვალყურის დევნება იმაზე, თუ როგორ მართავენ კლუბს. ახლა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პრეზიდენტის არჩევნები კარზეა მომდგარი და არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდება. ლაპორტა საწვრთნელ პროცესში არასდროს ჩარეულა, სრულად ენდობა მწვრთნელებს, სხვა ესპანურ კლუბებში კი, პრეზიდენტები ყველა პროცესში ჩართულნი არიან.
- გვერდიოლამ რჩევა თუ გკითხათ, როგორ უნდა მოეგო “სანტიაგო ბერნაბეუზე”?
- არა. ის ძალიან ჭკვიანია და კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. მას კარგად ესმის, რომ დედამიწის ზურგზე, გამარჯვების 100 პროცენტიან გარანტიას არაფერი იძლევა. მადრიდის შემთხვევაში, უბრალოდ, მატჩით უნდა დატკბე. იქ თამაშის ყველას ეშინია, მაგრამ ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ. წაგება და მოგება თამაშის შემადგენელი ნაწილებია.
- ამ სეზონში, “რეალი” ზეწოლის ქვეშაა?
- ეჭვგარეშეა. “ბარსელონა” ისეთივე ზეწოლის ქვეშაა, როგორც ყოველთვის, “რეალს” კი იმ დანახარჯის გამართლება მართებს, რომელიც ზაფხულში გასწია. “ბარსელონას” გაუმართლა, რადგანაც ტალანტებს თავად ზრდის, ეს კი, ახალი ფეხბურთელების შეძენისგან დიდად განსხვავდება.
- “რეალთან” მოგების შემდეგ, თავს ჩემპიონებად თვლით?
- რა თქმა უნდა, არა. წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსაგები. ყველა მატჩი ნულოვანი შედეგით იწყება, რაც თეორიულად იმის მანიშნებელია, რომ ორ ქულას კარგავ. ყოველი თამაშის მოსაგებად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, რადგანაც მას, შენთვის არასასარგებლო მდგომარეობით იწყებ. რეალურად “რეალს” სამი ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ის ოთხის ტოლია, ამრიგად, 21 შესაძლებლიდან 18 ქულა უნდა ავიღოთ, ერთმა გაუთვალისწინებელმა ფრემ კი, შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
- შეძლებდა მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად გახდომას, სხვა კლუბში რომ ეთამაშა? მაგალითად, “ესპანიოლის” თავკაცი მიიჩნევს, რომ პრიმერა დივიზიონს ნებისმიერი გუნდი მოიგებდა, თუკი შემადგენლობაში არგენტინელი ეყოლებოდა.
- მესი განსაკუთრებული ტალანტია, მაგრამ გუნდის შემადგენლობაში 11 მოთამაშეა და ნებისმიერი მათგანი მნიშვნელოვანია. მესიმ, შესაძლოა, ოთხი გოლი გაიტანოს, მაგრამ ვალდესი თუ არ გადაარჩენს საკუთარ კარს და ხუთ ბურთს გაუშვებს, მაშინ 4:5 დამარცხდები. გუნდი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. ჩვენი გუნდი კარგადაა დაბალანსებული და მწვრთნელს ყველა ხაზში საჭირო მოთამაშეები ჰყავს. მაგალითად, ხავის ბურთთან ერთად სწრაფად გადაადგილება შეუძლია და რადგან შემადგენლობაში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები მრავლად არიან, მესის საკუთარი კოზირების გამოყენების საშუალება ეძლევა. სწორედ ამაშია გუნდის ძალა.
- ხომ ვერ გვეტყვით, რატომ არ იწვევენ ესპანეთის ეროვნულ გუნდში ვალდესს?
- ვერაფრი გამიგია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მეკარეები, ვისაც ეროვნულ გუნდში ეძახიან, ძლიერები არიან. კასილასზე და რეინაზე აუგს ვერავინ იტყვის, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო რომელიმე მათგანი თუ დაშავდება, ვალდესს მათი ღირსეული შეცვლა უპრობლემოდ შეუძლია. ვალდესის უპირატესობა ისაა, რომ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს, ესპანეთის ნაკრების თამაშის სტილი კი, “ბარსელონას” სათამაშო სტილს ძლიერ წააგავს. ნაკრების მეკარესაც იშვიათად უწევს თამაშში ჩართვა. როგორ გინდა დაამტკიცო საუკეთესო რომ ხარ, თუ ბურთთან იშვიათად გიწევს შეხება? ვალდესს თამაშში სულ 10-ჯერ თუ უწევს ბურთთან შეხება, მაგრამ ამას ყოველთვის კარგად აკეთებს. ვფიქრობ, უახლოეს მომავლში, ნაკრებში აუცილებლად დაუძახებენ.
- “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია?
- ის ფავორიტი გასული სეზონის შემდეგ არის. რომში, თასის აღებამდე, საკუთარი თამაშის ხარჯზე, ის უკვე იყო ფავორიტი. სექტემბრის თვიდან, პირველი მატჩის ჩატარებიდან, ისინი ახლაც ფავორიტები არიან.
- თქვენის აზრით, “ინტერთან” მომავალი შეხვედრა, დიდად განსხვავებული იქნება სხვა თამაშებისგან?
- დიახ, იტალიელები ხომ სულ სხვა სტილის ფეხბურთს თამაშობენ. იტალიური კლუბები ძლიერები არიან, მაგრამ არა დაუმარცხებლები.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა