ინტერვიუები

10:13 | 20.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

იოაჰიმ ლიოვი: “ჩვენი მიზანი ყოველთვის ფინალში გასვლაა”

ფეხბურთით იმდენად შეპყრობილ ქვეყანაშიც კი, როგორიც გერმანიაა, იშვიათად თუ ხდება, რომ ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვის დარი პოპულარობა მოიპოვოს. გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცი 3 თებერვალს 50 წლის იუბილეს ზეიმობს. მისი საფეხბურთო განსწავლულობა და პერსონალური თვისებები სრულიად შეესაბამება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გუნდის დონეს. გერმანულ ფეხბურთში ცოდნა და გამოცდილება ყველაზე მეტად ფასობს, მაგრამ წარმატების მიღწევის მოსურნე ადამიანი ასევე გამორჩეული უნდა იყოს პერსონალური ქარიზმით და ძლიერი პიროვნული თვისებებით. “ფრაიბურგის” ყოფილი შემტევი, კლუბის ისტორიაში დღემდე საუკეთესო მეგოლეა. მიუხედავად ამისა, სანაკრებოდ დონეზე ლიოვი 21 წლამდელთა გუნდს ვერ ასცდა. 50 წელს მიღწეული სპეციალისტი მწვრთნელობაში უფრო წარმატებული გამოდგა. თავის ცოდნას იგი გერმანიის ნაკრებს ჯერ კიევ იურგენ კლინსმანის ასისტენტობის დროს ახმარდა. ლიოვმა კლინსმანი ეროვნული ნაკრების პოსტზე 2006 წელს ჩაანაცვლა. მას შემდეგ, მისი გაწვრთნილი გუნდი შემტევ, მიმზიდველ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს. ამჟამად გერმანიის ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში მე-6 ადგილზე იმყოფება და მიმდინარე წლის ზაფხულში, სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს დიდ იმედებს უკავშირებს. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნში ყოფნის დროს ლიოვი ფიფას ოფიციალური საიტის წარმოამდგენელს გაესაუბრა.
- სამხრეთ აფრიკაში არაერთხელ ყოფილხართ. აქ, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ იოჰანესბურგის და კეიპთაუნის უკეთ გასაცნობად ჩამოდიხართ. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
- კეიპთაუნი ძალზე მომხიბლავი ქალაქია. ამ ლეგენდარულ ქალაქს დაუჯერებელი სილამაზე აქვს. ოკეანე, მთები და მომაჯადოებელი ატმოსფერო. აქ ხალხი გახსნილი და მეგობრულია. კეიპთაუნში არაერთ კულტურას აქვს თავი მოყრილი. იოჰანესბურგი ცოტათი განსხვავებულია.
- რა გეგმები გაქვთ მუნდიალის დაწყებამდე?
- მოსამზადებელ პერიოდს მალე დავიწყებთ. შესასწავლი გვაქვს მიკრო-კლიმატი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მატჩების მიმდინარეობაზე. ამგვარ დეტალებზე აქამდეც ბევრს ვმუშაობდით, მაგრამ რეალურად მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენთვის ახლა იწყება. ახლა შეგვიძლია კიდევ უფრო დეტალურად მოვემზადოთ, რადგან უკვე ვიცით, თუ ვის ვხვდებით და როდის.
- გავიხსენოთ 2009 წელი. იგი იყო მოვლენებით დატვირთული და გერმანიისთვის წარმატებით დასრულდა. ასე არაა?
- გასულ წელს პოზიტიურად ვაფასებ. საკვალიფიკაციო ეტაპი დაუმარცხებლად განვლეთ და რუსეთის ნაკრები ორჯერ დავამარცხეთ. საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, ასე რომ, ჩვენი წარმატება დიდად ფასობს.
- ბოლომდე კმაყოფილი ხართ გუნდით?
- დროდადრო იყო მატჩები, რომლებსაც გუნდი სუსტად ატარებდა, მაგრამ ეს ეროვნული ნაკრებისთვის ჩვეული რამაა. საერთო ჯამში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გასული წლის განმავლობაში გერმანიის ნაკრები დისციპლინის მაღალი დონით და ხარისხიანი თამაშით გამოირჩეოდა. დღეს ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს.
- ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით რა ასპექტებში გაძლიერდა გერმანიის ნაკრები?
- ვთვლი, რომ ტაქტიკაში სერიოზული პროგრესი განვიცადეთ. პროგრესირება გუნდმა ჯერ კიდევ 2004 წელს, იურგენ კლინსმანის დროს დაიწყო. ჩვენ შევეცადეთ გუნდში მცირე ცვლილებები განგვეხორციელებინა და იგი სხვა მიმართულებით წაგვეყვანა. 2006 წელს გუნდმა ძალზე კარგად იასპარეზა. შემდეგ იყო ევროპის 2008 წლის ჩემპიონატი, სადაც ფინალამდე გასვლა მოვახერხეთ. ახლა კი, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაუმარცხებლად ჩავატარეთ. ვთვლი, რომ პროგრესი აშკარაა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები. ლუკას პოდოლსკი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ფილიპ ლამი, პერ მერტეზაკერი – თითოეულ მათგანს ნაკრებში მინიმუმ 50-60 მატჩი აქვს ჩატარებული. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელებად ითვლებიან, მაგრამ უკვე გამოცდილები არიან. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი ვითარდება.
- გერმანია მესამე ადგილზე გავიდა 2006 წლის მუნდიალზე, მეორეზე ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე. შეგწევთ ძალა მოიგოთ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი?
- გერმანიის მიზანი ყოველთვის იყო ყველა ტურნირზე რაც შეიძლება შორს წასვლა და ფინალამდე მიღწევა. ასე იქნება ამჯერადაც. მაგრამ ტურნირზე იქნება არაერთი ძლიერი გუნდი. მაგალითად, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და ინგლისი. ამ გუნდებს ჩემპიონობის რეალური შანსები აქვთ.
- ჯგუფურ ეტაპზე თქვენი მეტოქეები იქნებიან სერბეთი, განა და ავსტრალია. საკმაოდ რთული ჯგუფია...
- ჯგუფი ძალიან რთულია. სერბეთს და განას რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე კარგი გუნდია ავსტრალიაც. მათი ბარიერის დასაძლევად დიდი შრომა დაგვჭირდება.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.115406