გერმანიის ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვი tageszeitung-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესოზე ლაპარაკობს. მაგალითად, მიხაელ ბალაკის ფაქტორზე, ბასტიან შვაინშტაიგერს ლიდერის თვისებებზე, ფილიპ ლამის წონად სიტყვაზე, “ბარსელონას” სრულყოფილებაზე...
- არ ბრაზდებით, როცა ესპანელი ფეხბურთელების ფოტოებს ათვალიერებთ, სადაც ისინი მსოფლიოს თასთან არიან ჩახუტებულნი?
- უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის. და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, რადგან ესპანელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. 2008 წლიდან მათი დონე სხვა ნაკრებებზე მაღლა დგას. მათ შემდეგ კი გერმანია მოდის, რითაც უნდა ვიამაყოთ. გასულ მუნდიალს ჩვენთვის სხვა გეგმით წავიყვანდი, მაგრამ ესპანეთს არ უნდა დავუკნინოთ მოგება, რადგან ჭკვიანური, მიმზიდველი და შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი აჩვენა.
- შვაინშტაიგერის დონე რამდენად ახლოსაა ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც ინიესტაა?
- “შვაინი” დღესაც მაღალ დონეზე დგას. ამ ფეხბურთელს შეუძლია მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა, რადგან აქვს ბურთის კონტროლის, ორთაბრძოლების მოგებისა და ზუსტი პასების უნარი. შვაინშტაიგერი პიროვნებაა, რომლის გუნდში ყოფნა უკვე სერიოზული რამაა. ბასტი ემოციური ლიდერია, მინდორზე და მის გარეთაც აკისრია პასუხისმგებლობა.
- ბასტის კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებელია, რომ უცხოურ კლუბში გადავიდეს?
- ძნელი სათქმელია. “ბაიერნი” ხომ ისედაც ყოველწლიურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში.
- ბევრი ექსპერტი ამბობს, დიდი ფეხბურთელობა თუ გსურს, სხვა ქვეყნის კლუბშიც უნდა ითამაშოო.
- ასე არაა. ხავი და ინიესტა საპირისპიროს ამტკიცებენ. შვაინშტაიგერი და ლამიც თავიანთ ქვეყანაში გახდნენ ვარსკვლავები. ბრწყინვალეა, როცა ფეხბურთელი მშობლიური კლუბის ერთგულად რჩება და სულ არ აქვს მათთვის მნიშვნელობა, როგორი გუნდი იწვევს და რა პირობებს სთავაზობს. ხავისთვის და ინიესტასთვის “ბარსა” ყველაფერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “შვაინი” და ლამი წასვლას თუ დააპირებენ, უნდა გავკიცხოთ. მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
- იოზილი და ხედირა კი წავიდნენ...
- მათთვის ეს სწორი ნაბიჯი იყო, რადგან “ვერდერი” და “შტუტგარტი” “ბაიერნივით” მუდმივად ვერ თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაში.
- თვლით, რომ “ბაიერნი” “ბარსელონასა” და “რეალის” დონის გუნდია?
- “ბაიერნი” ტოპ-ხუთეულში შემყავს. მიუნხენელები ხომ წლების მანძილზე წარმატებულად თამაშობენ ევროპაში და ტიტულებსაც იგებენ. ჩემი აზრით, დღეს ოთხი-ხუთი კლუბი თანაბარი დონისაა, მხოლოდ “ბარსაა” განსაკუთრებული. კატალონიური გრანდი ნამდვილი ეტალონია. გავიხსენოთ თუნდაც მათი ამასწინდელი მატჩი “რეალთან” - ეს პრაქტიკულად ფეხბურთის სრულყოფილება იყო.
- ბუნდესლიგური კლუბის გაწვრთნის პერსპექტივა მოგხიბლავდათ?
- როდესაც მივხვდები, რომ ენერგია მეცლება, თამამად ვიტყვი: “წავედი!” საბედნიეროდ, დღეს სხვა სიტუაციაში ვარ. მსოფლიოს ჩემპიონატის დროს დავრწმუნდი, რომ ამ ახალგაზრდა გუნდის განვითარება კიდევ შემიძლია. ჯერჯერობით, სიამოვნებას ვიღებ ჩემი სამუშაოთი.
- ლამი უკვე იქცა ნამდვილ კაპიტნად?
- ის კლოზესთან, მერტესაკერთან, ფრიდრიხთან და შვაინშტაიგერთან ერთად მიოეკუთვნება იმ პიროვნებებს, რომლებზეც საპასუხისმგებლო ტვირთის აკიდება არ შემეშინდება. როგორც კაპიტანი, ლამი საკითხების განსჯისთვის უმნიშველოვანესი ფიგურაა და მისი აზრი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
- ლამი მომავალშიც იქნება კაპიტანი?
- ჯერჯერობით, ასეა. ბალაკს ფორმის აღსადგენად დრო სჭირდება. ძალიან მინდა, “ბალა” მალე დაბრუნდეს, რადგან ათი წელია, რაც მნისვნელოვანი ფიგურაა გერმანულ ფეხბურთში და კარგა ხანს კაპიტანიც იყო. ვიცი, რომ მიხაელი თავმოყვარეა და ნაკრებში თამაშს კიდევ მოინდომებს.
- და როცა დაბრუნდება, კაპიტნის სამკლავურსაც მოირგებს?
- ამ თემაზე რაც სათქმელი იყო, უკვე ითქვა. ახლა კი მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
- 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ყატარს არგუნეს. თქვენი აზრი როგორია ამის შესახებ?
- ჭკვიანური, თანაც ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. არ ველოდი. ერთის მხრივ, კარგია, როცა ასეთი ქვეყნები ფეხბურთის განვითარების ბრწყინვალე შანსს იღებენ, მაგრამ პრობლემატური საკითხებიც დგას - მაღალი ტემპერატურა და ფეხბურთელთა ჯანმრთელობისთვის საჭირო მოთხოვნები. გასაგებია, რომ თამაშების დროს სტადიონს გააგრილებენ, მაგრამ ვარჯიშების დროს? 40 გრადუს სიცხეში ყოველდღე ვარჯიში წარმოუდგენელია.
მოამზადა ილია ნანობაშვილმა