რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ კრასნინკოვი კლაიპედაშია და საკუთარი ნაკრების ვარჯიშებზე სისტემატიურად დადის. ერთ–ერთი შეხვედრისას საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქის ხელმძღვანელს გამოველაპარაკე და აი, რა ისაუბრა კრასნინკოვმა...
– ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად ვის თვლით?
– სლოვენიას და საქართველოს...
– და რუსეთი?
– რა თქმა უნდა, რუსეთიც.
– თავიდანვე რატომ არ ახსენეთ რუსეთის ნაკრები?
– ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ცხადია. ჩვენი ნაკრები რამენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ფავორიტად მიიჩნევა ამ ტურნირზეც.
– რას იტყვით ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებზე?
– საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ჯგუფიდან საქართველო, ბულგარეთი, ან ბელგია გავიდეს. 6 გუნდიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია.
– რა იცით საქართველოს შესახებ?
– ქართველებს კარგი ღვინო გაქვთ, ვიცი „ბორჯომი“ და ასევე დიდი
არტისტი ბუბა კიკაბიძე.
– და ქართული კალათბურთის შესახებ რა გსმენიათ?
– ვიცი, რომ კარგი ნაკრები ჩამოაყალიბეთ. საკმაოდ შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ. ნაკრების თითქმის ყველა წევრი ლეგიონერია და წამყვან ლიგებში თამაშობენ.
– რუსეთი და საქართველო აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს...
– როგორც ვიცი, სულ 3 მატჩი უთამაშიათ ერთმანეთში რუსეთსა და საქართველოს, მაგრამ ეს საკმაოდ ადრე იყო.
– საქართველომ და რუსეთმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს - 2003 წელს იტალიაში, ამხანაგურ ტურნირზე, საქართველომ რუსეთს 10 ქულით მოუგო. და რა აზრის ხართ ჩვენი ნაკრებების მომავალ შეხვედრაზე?
– ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. როგორც ვთქვი, საქართველოს საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს და თუკი ყველაფერს არ გავიღებთ, შესაძლოა, გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ. წინასწარ ძნელია რამის თქმა. ერთი კი ცხადია - ძალიან დაძაბული მატჩი იქნება.
– რამდენად კარგათ გყავთ საქართველოს ნაკრები შესწავლილი?
– მე არა და, ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, იმედია, შესწავლილი ეყოლება მომავალი მეტოქე - ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები.
– როგორც ვიცი, საქართველო–რუსეთის მატჩის სხვა, არასპორტულ მხარეზეც აკეთებენ აქცენტს...
– ალბათ, ჟურნალისტებზე ამბობთ. ჩვენთვის ეს მატჩი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი. ვთამაშობთ რიგით, ოღონდ ძალიან პრინციპულ მატჩს და ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს 2 ქულა.
gbf.ge