უეფას ევროპის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” საპასუხო მატჩში ნორვეგიულ “ტრომსიოს” შინ 1:0 კი აჯობა, მაგრამ სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული და გათამაშებას გამოეთიშა. ბაქოელთა რიგებში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. ბაჩანამ მეტოქის კარი 76-ე წუთზე აიღო, 84-ეზე კი ის “გააყვითლეს”.
“ინტერში” შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ. ამ უკანასკნელს ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა, რადგან მანამდე აზერბაიჯანულ კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 84-ეზე შეცვალეს.
ევროპის ლიგის მე-3 ეტაპზე გააღწია აგდამის “ყარაბაღმა”, სადაც ნიკა გელაშვილი გამოდის. აზერბაიჯანელებმა საკუთარ მოედანზე პირველი თამაში პოლონეთის “პიასტს” 2:1 მოუგეს, ხოლო საპასუხოს ძირითად დროში 1:2 დამარცხდნენ. “ყარაბაღმა” დამატებით დროში გოლი გაიტანა და ევროპის ლიგაში ასპარეზობას აგრძელებს. გელაშვილი აგდამელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე შეცვალეს.
ევროპის ლიგის მომდევნო რაუნდში ვერ გავიდა რიგის “სკონტო”, რომლის თავკაცი თამაზ პერტიაა. რიგელებმა შინ ჩეხეთის “ლიბერეცს” 2:1 კი აჯობეს, მაგრამ სტუმრად 0:1 წააგეს და ახლა მთელი აქცენტის გადატანა ლატვიის პირველობაზე მოუწევთ. “სკონტოში” ლაშა დვალს არ უთამაშია, ვინაიდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ირჯება. ირაკლი კლიმიაშვილი რიგელთა შემადგენლობაში 82-ე წუთზე გამოჩნდა. ლადო დათუნაშვილმა ორივე ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ლევან ჭაჭიაშვილი ლატვიელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო.
კიდევ ერთმა ლატვიურმა გუნდმა - “ვენტსპილსმა”, თავის მოედანზე ლუქსემბურგის “ჟენესს” პირველ მატჩში 1:0 სძლია, ხოლო საპასუხოში – 4:1 და მე-3 ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა. თარხნიშვილი “ვენტსპილსში” 71-ე წუთზე გამოჩნდა.
ყაზანის “რუბინმა” სერბულ “იაგოდინას” სტუმრად 3:2 აჯობა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, შინ 1:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზეა. სოლომონ კვირკველია ყაზანელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.
ევროპის ლიგა დასრულდა “ანორთოსისთვის”, რომლის ღირსებასაც შოთა გრიგალაშვილი დაიცავს. კვიპროსზე 3:0 მოგების მერე, “ანორთოსისი” შვედეთში “გეფლესთან” 0:4 დამარცხდა და მე-3 ეტაპს ვერ უწია. გრიგალაშვილი 18-კაციან განცხადში არც ამჯერად იყო, რადგან ტრავმირებულია.