ფინეთის საფეხბურთო ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, ტურკუს “ინტერის” გამარჯვებას სათავე ირაკლი სირბილაძემ დაუდო. ტურკუელებმა სტუმრად “კუოპიონ პოლოსეურას” 2:1 მოუგეს და ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა. მან შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში სირბილაძემ 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. “ინტერს” 40 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-9 ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, “როსტოვმა”, სადაც ჯანო ანანიძე ირჯება, საკუთარ მოედანზე სამარას “კრილია სოვეტოვთან”, რომელსაც ალექსანდრე ამისულაშვილი კაპიტნობს 1:2 წააგო.
ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ამისულაშვილმა სრულად ითამაშა. “როსტოვმა” ანგარიში 23-ე წუთზე გაცკანის დარტყმი შემდეგ გახსნა, მაგრამ ჯერ 78-ე წუთზე კაბაიერომ თანაფარდობა აღადგინა, ხოლო 90-ზე ელისეევმა სამარელებს 3 ქულა მოაპოვებინა. “როსტოვს” 16 ქულით 16 გუნდში მე-8 ადგილი უკავია, ხოლო “კრილია სოვეტოვი” 13 ქულით მეთორმეტეა.
მახაჩყალის “ანჟიმ” შინ მოსკოვის “სპარტაკთან” 0:1 წააგო. გია გრიგალავამ მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. მახაჩყალელები 6 ქულით ბოლო ადგილზე არიან.
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში, ლუგანსკის “ზორიამ” თავის მოედანზე “სევასტოპოლს” 3:0 აჯობა. ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. მის მსგავსად მათე ღვინიანიძეც მხოლოდ 18-კაციან განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. “ზორია” 19 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა, “სევასტოპოლი” კი, 13 ქულით მეთორმეტეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-12 ტურში აგდამის “ყარაბაღმა” სტუმრად “სუმგაითს” 3:0 აჯობა. აგდამელთა რიგებში ნიკოლოზ გელაშვილი თამაშში 83-ე წუთიდან ჩაერთო. “ყარაბაღი” 10 გუნდიან პრემიერლიგას 21 ქულით ლიდერობს.