როგორც იუკვე იცით, კატალონიური “ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი – ანდრეს ინიესტა მეღვინეობას მისდევს და აგრძელებს თავისი მამა-პაპის ტრადიციას. ანდრესი 100 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახს უვლის და მაღალი ხარისხის კატალონიურ ვარდისფერ ღვინოებს აყენებს. აქამდე ანდრესის ღვინის ბიზნესი საკმაოდ მცირე მასშტაბებს მოიცავდა და მხოლოდ ოჯახური მეღვინეობის მასშტაბებს სწვდებოდა. რამდენიმე დღის წინ, ინიესტას მისივე სახელობის ღვინის კომპანია დიდ მასშტაბებზე ოფიციალურად გავიდა. ინიესტებმა ამჟამად აამოქმედეს 170 ტონა ღვინის შესანახი მარანი და დამატებით 10 ჰექტარი სავენახე მიწის ნაკვეთიც შეიძინეს.
ფუენტეალბილია – მხარე, სადაც ანდრეს ინიესტას ვენახები და მარანი მდებარეობს, გამოირჩევა ზომიერად მშრალი ჰავით და კარგად დაბალანსებული კლიმატით. მიწაც ქვიანია, რაც ასე აუცილებელია ვაზისგან მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად. ამ მხარეში ადგილობრივები ძირითადად წითელ და ვარდისფერ ღვინოებს აყენებენ და ამ ტრადიციას ანდრეს ინიესტას კომპანიაც აგრძელებს. თუმცა, მან და მისმა გუნდმა არც ნოვაციებს აუქციეს გვერდი და გერმანიიდან სპეციალურად თბილ კლიმატზე მოსარგებად კლონირებული რისლინგის ჯიშის ვაზი ჩაიტანეს. რისლინგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ევროპაში პოპულარული თეთრი ღვინოა, რომელიც გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში და იტალიაშიც კი მზადდება.
როგორც ანდრესის პარტნიორები ამბობენ, თავისი ღვინის ყველაზე კრიტიკული შემფასებელი თავად ინიეტა ყოფილა. ფეხბურთელი ყველა კასრიდან ჯერ თავად სინჯავს ღვინოს და ამის შემდეგ წყვეტს, ღირს თუ არა ამ ღვინის უფრო დიდ და მასშტაბურ დეგუსტაციებზე გატანა. ინიესტას გადაწყვეტილი აქვს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მთელი თავისი დრო და ენერგია მეღვინეობას მიუძღვნას, რადგან ახლადშეძენილი ვენახები და მარანი მისთვის ამ ბიზნესში სამუდამოდ დამკვიდრების გარანტიას იძლევა.