დღეს არ არსებობს ზუსტი მონაცემი, სხვადასხვა დროს თუ მთლიანად რამდენი ადამიანია დაღუპული ინგლისის სტადიონებზე. საუბარია გულშემატკივრებზე, რომლებიც საფეხბურთო მატჩების დროს სხვადასხვა მიზეზებით (უმეტესად კი ჩხუბის დროს) გარდაიცვალნენ.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ცოტა ხნის წინ, გარკვეული თანხა გამოუყო მკვლევართა ჯგუფს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა და როგორც ვარაუდობენ, 2-3 წელიწადში საბოლოოდ დადგინდება, ბრიტანეთის მიწაზე რამდენი ქომაგია დაღუპული. ამ მონაცემების დადგენის შემდეგ კი, სპეციალური წიგნის გამოცემაცაა დაგეგმილი.
ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელებს სურთ, რომ ამ გზით ინგლისის სტადიონებზე მოხშირებულ ჩხუბის შემთხვევებს იდეოლოგიური ბრძოლა გამოუცხადონ და აგრესიულ ქომაგებს აჩვენონ, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებისადმი უგუნურმა მტრობამ.