სად ჩაეყარა საფუძველი და საიდან მოდის ფეხბურთი? ამ კითხვას პასუხი კარგა ხნის წინ გაეცა და წესით, ახლა ამაზე კამათი და სჯა-ბაასი საჭირო აღარ უნდა იყოს. თუმცა, წელი არ გავა ისე, რომ რომელიმე ქვეყანამ თავი ”ფეხბურთის ნამდვილ სამშობლოდ” არ გამოაცხადოს. ინგლისის გარდა, დღეს ამ წოდებაზე პრეტენზია შემდეგ ქვეყნებს: იტალიას, ესპანეთს, კორეას, ჩინეთს, მონღოლეთს, ეგვიპტესა და საბერძნეთს გააჩნიათ.
ყველა ზემოთდასახელებულ სახელმწიფოს, რასაკვირველია, გარკვეული მიზეზები გააჩნიათ იმისა, რომ თავი ფეხბურთის აკვნად გამოაცხადონ, თუმცა როგორც ადრეც ვწერდით, ინგლისელებს ვერავინ მოედავება იმაში, რომ საფეხბურთო წესები სისტემაში სწორედ მათ მოიყვანეს და დაწერილი სახით ფეხბურთის პრინციპები პირველად მხოლოდ და მხოლოდ ნისლიან ალბიონზე შემუშავდა.
2012 წლის აპრილში, ლონდონში დიდი გამოფენა მოეწყობა, სადაც ყველა ის ძველი წერილობითი წყარო გამოიფინება, რაც, ინგლისელთა აზრით, ამ სადავო საკითხს სათუოს აღარ გახდის. ჰერცოგებისა და ლორდების წერილები და ჩანაწერები, სტატიები ძველ გაზეთებში, ბრძანებულებები და განცხადებები – ყველა ამ გამოფენილ დოკუმენტში ირიბად მაინც იქნება ფეხბურთზე საუბარი. ბრიტანელებს სწამთ, რომ ამ გამოფენის შემდეგ, მსოფლიოში ფეხბურთის სამშობლოობასთან დაკავშირებით, მომავალში მაინც აღარ გაჩნდება კითხვები.