ბლოგი

10:37 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ინფარქტი

უცებ ჩამობნელდა. ამას თითქოს ველოდი კიდეც და არ გამკვირვებია. მაგრამ გრძელ და უცნაურ გვირაბში რომ დავიწყე ქროლვა, მერეღა მივხვდი, რომ ჩემი საქმე იმაზე უფრო ცუდად იყო, ვიდრე მეგონა. ღმერთია მოწამე, იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მქონდა დაგეგმილი და ჩაფიქრებული. ყველაფერი თითქოს თავისით და თითქოს ერთ წამში მოხდა.

”ბაიერნმა” “კამპ ნოუზე” მესამე გოლი რომ გაგვიტანა, იმ დროს ტრიბუნაზე ვიჯექი და ჩემს მეგობარს ყურში ათას სისულელეს ვეჩურჩულებოდი. ასეთ დროს შოკში ჩავარდნები და მსგავსი ამბები არ მჩვევია და მიუხედავად იმისა, რომ ამ წაგებამ გული გვარიანად მატკინა, რაიმე ტრაგიკულის ჩადენას ნამდვილად არ ვაპირებდი. ჩემს უკან მჯდომი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები კი მეორე გოლის გაშვების შემდეგ, მთელი ხმით მოსთქვამდნენ და ისე ქვითინებდნენ, ლამის იყო ყურები თითით დამეცო.

მესამე გოლის გაშვების შემდეგ, სკამიდან წამოვდექი და მეგობართან ერთად ტრიბუნის დატოვება მინდოდა, მაგრამ უცებ მკერდში მარცხენა მხარეს ისეთი საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ჯერ ადგილზე გავშეშდი, შემდეგ კი ავკანკალდი და იმის გააზრებაღა მოვასწარი, რომ მძიმე ფორმის ინფარქტთან მქონდა საქმე. არადა, ხერარდ პიკე ვიყო, მანამდე საკუთარ გულს ჩემთვის ერთხელ მაინც თუ ეღალატოს...

მივქრივარ ამ გრძელ გვირაბში და სულ თვალწინ მიდგას საკუთარი წარსული. სადღაც წაკითხული მისტიური ამბებიდან ვიცი, რომ გვირაბის ბოლოს მწვანე მდელო უნდა გამოჩნდეს, სადაც გადაწყდება ჩემი ამბავი და იქ გაირკვევა სამარადჟამო ცეცხლში ჩავიხრუკები, თუ ბალახის ერთად მძოველ ცხვარსა და მგელს შორის გამამწესებენ. როგორც იქნა ეს გვირაბი დასრულდა, მაგრამ სად არის შენი ლამაზი მდელო და ეგეთი რამეები?!... გავიხედე-გამოვიხედე და მივხვდი, რომ “ბარსელონას“ გასახდელში მოვხვდი, მაგრამ ისეთი გამჭვირვალე ვარ, ფეხბურთელები რა თქმა უნდა ვერ მხედავენ. მე კიდევ კოხტად გავდი-გამოვდივარ მათ შორის და ისიც კარგად მესმის რას ლაპარაკობენ...

დაბღვერილმა ტიტო ვილანოვამ რომაელი სარდალივით ასწია ხელი და ჯერ ანდრეს ინიესტას, შემდეგ კი ლეო მესის შეხედა: ”ეს რა მიქენით კაცო, ეს რა მიქენით... აბა ეგაა თქვენი პირობა, თავს დავდებთ და გერმანელებს გავაბახებთო? ხვალ ქალაქში გასვლა აღარ გვინდა? ვინც კი ორი ღერი ესპანური იცის, ალბათ ყველა ჩვენ გვაგინებს. ანდა ესპანურის ცოდნა რად უნდა კაცს ჩვენს საგინებლად? გამეცით ახლა პასუხი - რა უნდა ვქნათ...“ სკამიდან ჩავი წამოდგა დაბეჩავებული და განადგურებული სახით. “ტიტო, ეს ხომ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. გვარდიოლა არასოდეს გვეტყოდა - ქუჩაში გასვლის მეშინიაო. ალბათ იმიტომაც ვიგებდით მაშინ.“ “რისი თქმა გინდა? ანუ ჩემი ბრალია ამ წაგებაში რამე“ - გადაირია ვიოლანოვა. ”რომ გითხრა ბებიაჩემის ვიოლეტას ბრალიაო – დამიჯერებ?” “ცოტა მეტის უფლებას ხომ არ აძლევ თავს?! მე მწვრთნელი ვარ თუ ვინ ვარ ბოლო-ბოლო” “ეეჰ, მე კი ვიცი ვინც ხარ, მაგრამ ეგ რომ ვთქვა, ჩხუბი ატყდება და...” და დაიწყო დიდი გაწევ-გამოწევა და მუშტთა კვეთება. მე ამას ვუცქერდი და მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ ამოვყავი თავი “ბარსელონას” გასახდელში და ამით რისი თქმა სურდა იმას, ვინც აქეთ გამამწესა. ვითომ, სწორედ ეს იყო ჯოჯოხეთი? იქნებ, რაღაცაზე ჩასაფიქრებლად გამომიშვეს აქეთ?!

სანამ მე ასეთ ბედშავ ფიქრებში ვიყავი, მანამდე ფეხბურთელები დაიშალნენ. ყველა რაღაცას ყაყანებდა და რაიმენაირად ცდილობდა საშინელი დამარცხების გამართლება. მხოლოდ სახედარდიანი ლეო მესი იყო ჩუმად, რომელიც უზარმაზარ საღეჭ რეზინს აღლაჭუნებდა და პირით ერთი-ორჯერ იმხელა ბუშტი გაბერა, მკვდარი რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი შენიშვნას საზოგადოებაში მოქცევისთვის საჭირო ეტიკეტთან დაკავშირებით.

თვალი რომ გავახილე, უკვე საავადმყოფოში ვიყავი. თავზე ჩემი გადარჩენით გაოგნებული ექიმები მადგნენ. როგორც მერე მითხრეს, ჩემი გადარჩენა მხოლოდ სასწაულს შეეძლო და ეს სასწაული მათი ხელობის ხალხისთვისაც კი დიდი იშვიათობა იყო. ამის შემდეგ, აბა. ის როგორ გამიკვირდებოდა, რომ ჩემს მკურნალ ექიმს სახელად ხოსეპი ერქვა და უცნაურად იღიმებოდა.

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.118094
სარეკლამო ადგილი - 99
X x X