იტალიური “მილანის“ უბერებელი ფორვარდი – ფილიპო ინძაგი ახალგაზრდა იტალიელმა რეჟისორმა – ანდრო ლაჩელამ თავის მძაფრსიუჟეტიან ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლზე მიიწვია. ფილმის გადაღებები 2012 წლის იანვრის ბოლოს, ანუ იმ დროს არის დაგეგმილი, როდესაც იტალიის ჩემპიონატში ზამთრის შესვენება იქნება და შესაბამისად, ვეტერან იტალიელსაც მეტი თავისუფალი დრო ექნება. “მილანის“ ფეხბურთელის მომავალი რეჟისორის თქმით, მას და მის ჯგუფს სურთ, რომ ფილიპომ მოხუცი იტალიელი მაფიოზის შვილის როლი შესასრულოს, რომელიც თავიდან თვითონ ჩაუდგება ბანდას სათავეში, მაგრამ შემდეგ მიხვდება, რომ აპენინებზე მაფიის დრო დასრულდა და გადაწყვეტს, თავი დაანებოს ამგვარ საქმიანობას. ანუ, ფილმში საჭიროა დაიხატოს გამოსწორებული იტალიელი მაფიოზის სახე. ფილიპო ინძაგი უმალ გამოეხმაურა რეჟისორის შეთავაზებას და ფილმში მონაწილეობაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა. “პიპოს“ თქმით, ბავშვობაში სხვა ბავშვების მსგავსად, ყოველთვის ოცნებობდა მსახიობობაზე და თუკი ახლა მაინც აუსრულდება ეს ოცნება, ძალიან ბედნიერი იქნება. რაც შეეხება განსასახიერებელ როლს, ინძაგი გვარწმუნებს, რომ ფილმში ასეთი როლის შესრულება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მიახლოებით მაინც ყველა იტალიელმა იცის, თუ როგორ ცხოვრობდნენ, დადიოდნენ, და საერთოდ რას აკეთებდნენ იტალიელი მაფიოზები.