"ინდიანამ" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მეორე მატჩში აღარ გაიმეორა წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები და მოქმედი ჩემპიონი "მაიამი" American Airlines Arena-ზე 4-ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 97:93. "პეისერსმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1) და საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოიპოვა.
სტუმრებმა შეხვედრა ტრადიციულად აქტიურად დაიწყეს და სცადეს, მათთვის კომფორტული დაბალი სათამაშო ტემპი და პოზიციური შეტევები მოეხვიათ მეტოქისთვის თავს, რაც საკმაოდ კარგადაც გამოუვიდათ. "ინდიანას" კალათბურთელებმა საწყისი 10 ტყორცნიდან 9 ზუსტად გამოიყენეს და 12-ქულიანი ჰანდიკაპიც შეიქმნეს - 24:12, თუმცა პირველი მეოთხედის ბოლოს ლებრონ ჯეიმსი ამუშავდა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო რთული სიტუაციიდან და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა - 22:28.
მეორე პერიოდში ემოციურმა მუხტმა იმატა. "პეისერსმა" 1:38 წუთის განმავლობაში 4 პერსონალური და 2 ტექნიკური ფოლი მიიღო არბიტრებისგან, თუმცა ფრენკ ვოგელის დამოძღვრილებმა ამას ყურადღება აღარ მიაქციეს და 14:1 გაქცევა მოაწყვეს, ისარგებლეს რა იმ მომენტით, როდესაც 5 წუთის განმავლობაში "მაიამი" ვერ ახერხებდა თამაშიდან ბურთის კალათში ჩაგდებას. 3-წამიან ზონაში ბრწყინავდა როი ჰიბერტი, რომელმაც არაერთხელ გადათელა მეტოქეები და მატჩის პირველ ნახევარში 19 ქულა გაიფორმა. "ჰიტმა" დიდ შესვენებამდე 2 წუთით ადრე ისევ მოახერხა მობილიზება, სათადარიგოთა სკამიდან შემოსული კალათბურთელების კარგი გარჯის შედეგად მათ ნელ-ნელა შეამცირეს ჩამორჩენა, ხოლო საფინალო სირენასთან ერთად მაიკ მილერის მიერ კუთხიდან ჩაგდებულმა სამქულიანმა მეორე მეოთხედი ფრედ დაასრულა 25:25 (47-53).
მესამე მეოთხედში მოქმედმა ჩემპიონებმა ტაქტიკა შეცვალეს და ძირითადი დატვირთვა მათაც 3-წამიან ზონაზე გადაიტანეს. გააქტიურდა კრის ბოში, რომელიც ცდილობდა სისწრაფეში დაეჯაბნა როი ჰიბერტი და რიგ მომენტებში ამასაც ახერხებდა ხოლმე. "რეპტილიამ" ახლო დისტანციებიდან ზედიზედ ორჯერ ჩააგდო, შემდეგ პერიმეტრიდანაც ზუსტად გაისროლა და შეხვედრაში ინტრიგაც დიდი დოზით დაბრუნდა. "პეისერსის" კალათბურთელებმა იგრძნეს რა მოახლოებული საფრთხე, დროულად გამოფხიზლდნენ. წლის ყველაზე გაუმჯობესებულმა მოთამაშემ - პოლ ჯორჯმა ჯერ დრიბლინგით ჩამოიცილა ჯეიმსი, შემდეგ სამწამიან ზონაში შეიჭრა, სადაც არ შეიმჩნია ანდერსენი და თავზე გადაატენა ბურთი "ბერდი-მენს".
უკანასკნელ პერიოდში "ჰიტი" მეთოდურად დაეუფლა უპირატესობას და 7:0 გაქცევის წყალობით 88:84 დაწინაურდა. "ინდიანამ" სერიის წინა მატჩში დაშვებული მწარე შეცდომები აღარ გაიმეორა და გაუვალი დაცვა დაუპირისპირა მეტოქეს, ჯერ ჰიბერტმა ჩააგდო რთული სიტუაციიდან, შემდეგ ჰილმა ჩასვა მარცხენა კუთხიდან 3 ქულიანი და სტუმრები კვლავ გალიდერდნენ. შეხვედრის ბოლო წუთზე ისევ ლებრონ ჯეიმსმა მიიღო ბურთი შეხვედრის გადასარჩენად. სტუმართა ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად 3 წამიანი ზონის დასაცავად ჰიბერტი დატოვა, რამაც გაამართლა. ლებრონ ჯეიმსმა ზედიზედ ორ შეტევაში პასის გაკეთება სცადა, თუმცა ორივეჯერ უგამოცდილესმა დევიდ ვესტმა კარგად წაიკითხა კომბინაცია და განხორცილებეული ჩაჭრებით უმნიშვნელოვანესი წამები მოუგო საკუთარ გუნდს. ჯორჯ ჰილმა მასზე აღებული ტაქტიკური ჯარიმები შესაშური ცივსისხლიანობით ესროლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 97:93 - "ინდიანას" დამსახურებული გამარჯვება.
როი ჰიბერტს საკუთარ საპლეიოფო კარიერაში საუკეთესო მატჩი ქონდა - 29 ქულა (10-15) და 10 მოხსნა, პოლ ჯორჯმა 22 ქულა შეაწია საკუთარ გუნდს, (მიმდინარე პლეიოფებში მან უკვე მერვედ გადალახა 20 ქულიანი ზღვარი), ხოლო ჰილმა თამაშიდან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით ისროლა 6-8 (18 ქულა). "მაიამის" დიდი ტრიოს ყველა წევრმა შეტევაში ორციფრიანი მონაგარი დააფიქსირა, თუმცა გამორჩეული კვლავ მაინც ლებრონი გახლდათ 36 ქულით და 8 მოხსნით.
"მაიამიმ" ბოლო 51 შეხვედრაში მხოლოდ 5 მარცხი იწვნია და აქედან ორი "ინდიანაზე" მოდის.
"პეისერსის" სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა უკვე ზედიზედ მეორე მატჩია 10 ან მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. დღევანდელ შეხედრაში "პეისერსის" 97 ქულიდან 92 სწორედ მათი მონაგარი გახლდათ (94,8%).
სემ იანგმა, ტაილერ ჰენსბრომ და ბრაიან შოუმ (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი) ტექნიკური ფოლები მიიღეს.
სემ იანგმა მესამე მეოთხედში იმ მხრის ტრავმა მიიღო, რომელიც მას სეზონის დასაწყისში აწუხებდა.
მაიამი - ინდიანა 93:97 (22:28, 25:25, 27:23, 19:21)
მაიამი: ჩალმერსი (6), ვეიდი (14), ბოში (17), ჰასლემი (1), ლებრონი (36); ბეტიე, კოული (3), ანდერსენი (7), ალენი (6), მილერი (3), ენტონი
ინდიანა: ჰილი (18), სტივენსონი (10), ჰიბერტი (29+10მ), ვესტი (13), ჯორჯი (22); იანგი (1), მაინმი (2), ტ.ჰენსბრო, ოგუსტინი (2), ჯონსონი
სერიაში ანგარიში 1:1