კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიან უელსში გრძელდება პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 5030408 ამერიკული დოლარია. გუშინ გვიან ღამით და დღეს გამთენიისას მამაკაცთა ბადეში ორი ნახევარფინალი ჩატარდა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ორივე ჩოგბურთელმა დამაჯერებლად დაიწყო და ყველანაირი პრობლემების გარეშე ახერხებდნენ საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმების მოგებას. თუმცა სეტის მეორე ნახევარში ესპანელმა აქტიურობას უმატა, მან მეშვიდე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რაც შემდეგ იმყოფინა კიდეც სეტის მოსაგებად 6:4.
მეორე პარტიაც უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. არცერთი ჩოგბურთელი არ აპირებდა ინიციატივის დათმობას, თუმცა ამჯერად მერვე გეიმში ბერდიხმა ერთი ბრეიკ პოინტი იკმარა მეტოქის ჩაწოდებაზე, რათა გეიმი მოეგო და დაწინაურდა 5:3. რაფაელი უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ, რადგან სეტი პრაქტიკულად წაგებული იყო, მაგრამ ნადალმა გაიბრძოლა, რამოდენიმეჯერ გარისკა და ამან გაამართლა კიდეც. მან მომდევნო გეიმშივე შეასრულა უკუბრეიკი, რის შემდეგაც ჯერ გაათანაბრა ანგარიში 5:5, მოიპოვა უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა და სეტის მიწურულს მეტოქის ჩაწოდების კიდევ ერთხელ აღებით ფინალის საგზურიც გაიფორმა, საბოლოოდ 6:4 7:5 ნადალის ბრწყინვალე გამარჯვება.
შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ტომაშ ბერდიხის ანგარიშზე 4 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა გახლდათ, თავისმხრივ "რაფამ" 2 ეისის წილ 1 ორმაგი დაუშვა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო წარსდგნენ. შეხვედრა ძალზედ დრამატული და სანახაობრივი გამოდგა.
პირველი სეტის სტარტზე ორივე ჩოგბურთელი წარმატებით თამაშობდა საკუთარ ჩაწოდებაზე და მეტოქეს წარმატებაზე ფიქრის არანაირ შანსს არ უტოვებდა, მერვე გეიმში სერბმა 4 ბრეიკპოინტი მიიღო, მაგრამ დელ პოტრო გამოძვრა რთული სიტუაციიდან და ანგარიში გაათანაბრა 4:4. ნოვაკმა ძალზედ დამაჯერებლად აიღო საკუთარი გეიმი, რის შემდეგაც უფრო მეტი ძალებით შეუტია ხუან მარტინს, ამჯერად დელ პოტრომ ორი სეტპოინტი მოიგერია, მაგრამ მესამე მცდელობაზე სეტი დათმო 4:6.
მეორე პარტიაში მამაკაცთა ჩოგბურთისთვის არადამახასიათებელი სურათი ვიხილეთ, მეტოქეებმა ჯამში ხუთჯერ შეძლეს ერრთმანეთის დაბრეიკება, გამარჯვებული კი დელ პოტრო გამოდგა, რომელმაც სამჯერ შეძლო ნოვაკის ჩაწოდების აღება, რის შედეგადაც ანგარიში სეტებს შორის გათანაბრდა 1:1 (4:6, 6:4).
მესამე, გადამწყვეტ სეტში ვითარება ძალიან დაიძაბა და კლუმინაციას უწია. სერბმა მშვენივრად დაიწყო და ერთი ბრეიკის შესრულების ხარჯზე 3:0 დაწინაურდა, მაგრამ არგენტინელი გიგანტი დროულად გამოფხიზლდა და ანგარიშში წონასწორობა აღადგინა 3:3. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯოკოვიჩს დაღლილობა დაეტყო და შეცდომებს უმატა, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა დელ პოტრომ მეცხრე გეიმში, მან 2 ბრეიკპოინტიდან ერთი წარმატებით გამოიყენა, რის შემდეგაც დამაჯერებლად ჩააწოდა მატჩზეც (4:6, 6:4, 6:4) და ფინალში ნადალს დაუპირისპირდება.
შეხვედრა 2 საათსა და 52 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში სერბმა 5 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა, თავისმხრივ ხუან მარტინმა 4 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგიც დაუშვა.