დასასრულს მიუახლოვდა რუმინეთში მიმდინარე მარია ალბულეტის სახელობის მემორიალი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ნატო იმნაძე (2082) იცავს. ქართველ მოჭადრაკეს წრიულ შეჯიბრში ათ მონაწილეს შორის ყველაზე დაბალი რეიტინგი გააჩნია, თუმცა, ბოლო ტურის წინ ზურგს 4 გამარჯვება უმაგრებს და მე-5 ადგილზეა.
იმნაძემ ბერძენი მაკროპულო (2211) და რუმინელები – ჩიობანუ (2153), სანდუ (2259) და იონესკუ (2227) დაამარცხა, ჩეხ კაროლინა ოლსაროვას (2224) დაუზავდა, კიდევ ერთ ჩეხ ტერეზა ოლსაროვასთან (2296) და რუმინელებთან – ბულმაგასთან (2365) და გელიპთან (2102) კი წააგო.
უკანასკნელ ტურში იმნაძე შავი ფიგურებით რუმინელ ელენა-ლუმინიტა კოსმას (2333) ეთამაშება, ჩემპიონობა კი უკვე განაღდებული აქვს ფავორიტად მიჩნეულ ბულმაგას, რომლის აქტივშიც 7.5 ქულაა.
ბოლო ტურის პარტიები 11 სექტემბერს შედგება.