ფეხბურთი

18:54 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბი მშვიდობიანად და უგოლოდ დასრულდა

განახლებულ ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისის “ტორპედოს” ზედიზედ მეორე იმერული დერბის გამართვა მოუწია. ერთი კვირის წინათ “ჩიხურასთან” ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ ქუთათურები ზესტაფონს ეწვივნენ.

ამ გუნდების დაპირისპირებას დაძაბულობა და ინტერესი არასდროს აკლდა. ასე გახლდათ ამჯერადაც. მეტოქის მსგავსად, გორში “დილასთან” დამარცხებული “ზესტაფონისთვის” პაექრობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, ორივე გუნდი ევროპულ ტურნირებზე გასვლას ლამობს, ფეროელებს კი მეტოქისგან განსხვავებით მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული კარგი შედეგით შეუძლიათ ეს და ბუნებრივია, ევროზონას ქულებით საკმაოდ ჩამორჩენილი “ზესტაფონისთვის” თითოეულ მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება “ტორპედოს”, ქუთათურებს ევროპაზე გასვლის შანსი დავით ყიფიანის სახელობის თასზე წარმატებული გამოსვლითაც შეუძლიათ, ამასთანავე, მათ ჩინებული შანსი აქვთ ჩემპიონატშიც შეძლონ იგივეს გაკეთება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ისედაც დაძაბულ პაექრობას სპორტული ინტრიგა არც ამჯერად აკლდა. აქვე უნდა დავძინოთ ისიც, რომ თამაშს გარკვეული დაღი გადაუღებელმა წვიმამაც დაასვა, რომლის წყალობითაც გუნდებს ზუსტად თამაში უჭირდათ. თუმცა მატჩი მაინც საკმაოდ თვალსასეირო გამოდგა.

შეხვედრა გუნდებმა თითქმის ერთნაირი სათამაშო ტაქტიკური სქემით დაიწყეს. სტუმართა თავკაცმა დაცვაში ადგილი ისევ ნაცად ოთხეულს ანდო: ტაბატაძე-ჭელიძე-ონიანი-გურულის კვარტეტს მოწინააღმდეგე გუნდის შეტევების გაუვნებელყოფა ევალებოდათ. საყრდენებად გეგუჩაძემ გიგაური და დათუნაიშვილი განამწესა, ხოლო ფლანგებზე დოლიძეს და ტუღუშს მიანდო ადგილი. ოდნავ უკანდახეული თამაშობდა ბერიაშვილი, ხოლო წინ საბანაძე მოქმედებდა.

რაც შეეხება კახა კაჭარავას, მან დაცვაში თორნიკე გრიგალაშვილის-ლოსანოს-თედორე გრიგალაშვილისა და ღონღაძის კვარტეტი დააყენა. საყრდენებად გამოცდილმა სპეციალისტმა გორგიაშვილი და იელიჩი გამოიყვანა, ხოლო ფლანგებზე კუტალია და რაჟამაშვილი მოქმედებდნენ. წინ ეულ ფორვარდად კოტდივუარელი ბოტი დემელი თამაშობდა, რომლის პასებით მომარაგებას “ზესტაფონის” კაპიტანი აფციაური ცდილობდა.     

შეხვედრა კინაღამ ქუთაისელთა ავტოგოლით დაიწყო. ღონღაძის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ონიანმა მეკარეს დაუგდო. სველმა მინდორმა ბურთს ოდნავ სწრაფი მიმართულება მისცა და რომ არა მიგინეიშვილის თავგანწირული ნახტომი, გოლი გარდაუვალი იქნებოდა. ქუთაისელთა კაპიტანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ისე, საწყის წუთებში მასპინძლებმა სამჯერ ჩამოაწოდეს კუთხური, თუმცა შედეგი არცერთ მათგანს მოჰყოლია. საერთოდ, თამაშის დებიუტი და პირველი ტაიმის საწყისი ნახევარი საათი მასპინძლების იყო, გარდა ზემოხსენებული სტანდარტულებისა, მათ რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს მეტოქის კარს, მაგრამ საბოლოო დარტყმა შედეგიანად ვერ განახორციელეს.

მე-14 წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოსთან ჩინებულად ითამაშა აფციაურმა, რომელმაც ცრუმოძრაობით ორი მეურვე უსაქმოდ დატოვა და საჯარიმოსკენ წაიწია. თორნიკე ძლიერადაც ურტყამდა, მაგრამ გიორგი ონიანი ჩაუწვა ზესტაფონელთა გამთამაშებელს და საკუთარი გუნდის კარი აშკარა ხიფათისგან იხსნა.

მართალია, თამაში ისევ მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტის შექმნას მიგინეიშვილის კართან ვერ ახერხებდნენ.

რაც შეეხება “ტორპედოს”, რიონისპირელებმა პირველად როინ კვასხვაძის შეწუხება 27-ე წუთზე მოახერხეს. საბანაძის მიერ საჯარიმოს გარედან დარტყმული ზესტაფონელთა კიპერმა კუთხურზე მოიგერია.

სტუმრებმა თანდათანობით თამაში გაათანაბრეს და ტაიმის მიწურულს უპირატესობაც ჩაიგდეს ხელთ. ჯერ ბერიაშვილმა დაარტყა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად, მაგრამ არაზუსტად. თითქმის მაშინვე ტუღუშის დარტყმას გადაეფარნენ მასპინძელთა მცველები. მე-40 წუთზე კი “ზესტაფონი” აშკარა გოლს გადაურჩა. დოლიძე-ბერიაშვილის ორსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის საჯარიმოში შეჭრით დასრულდა. გიორგიმ ჩინებული განივი  გადაცემა გააკეთა კვასხვაძის კარის გასწვრივ, მაგრამ გიორგი დათუნაიშვილს წამის მეასედი არ ეყო ბურთზე შესახებად, თორემ ბურთიანად “შესრიალდებოდა” მასპინძელთა კარებში.

ტაიმის ბოლომდე სტუმრებს ისევ ხელთ ეპყრათ თამაშის სადავეები, მაგრამ საწყისი 45 წუთი მაინც უგოლოდ დასრულდა.   

მეორე ნახევარი წინამორბედის მსგავსად ისევ მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის განახლებისთანავე ბოტი დემელმა ქუთაისელთა საჯარიმოში შეჭრა და მახვილი კუთხიდან დარტყმაც მოახერხა, მაგრამ მიგინეიშვილმა იყოჩაღა და საკუთარი კარი გადაარჩინა.

54-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ენდელაძემ დაარტყა შორიდან და მიგინეიშვილმა ბურთის ხელებში შეკავება ვერ შეძლო, თუმცა დამატებაზე ზესტაფონელთაგან არავინ აღმოჩნდა.

წვიმის დიდი კვალი მატჩის მიმდინარეობაზე მეორე ტაიმშიც ნათლად აისახა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც კარგი გამჭოლი გადაცემები კეთდებოდა ორივე გუნდის ფეხბურთელების მხრიდან, მაგრამ დატბორილი მინდორის გამო პასი ადრესატამდე არ მიდიოდა.

66-ე წუთზე სახიფათო მომენტი ისევ ზესტაფონელებმა შექმნეს. ბოტი დემელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და მიგინეიშვილმა ისევ ვერ შეძლო ბურთის ხელებში შემაგრება. მისგან გადმოვარდნილ ბურთზე თავად მიგინეიშვილმა და ქუთაისელთა მცველმა შეუთანხმებლად ითამაშეს და ბურთი კუტალიას მიუვიდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა მეკარის გარეშე დარჩენილ კარში, თუმცა უზუსტოდ.

75-ე წუთზე მასპინძლებმა ისევ საშუალო მანძილიდან შეამოწმეს მიგინეიშვილის საიმედოობა, მაგრამ აფციაურის მცდელობის შემდეგ კიპერმა ეს “გამოცდაც” სუფთად ჩააბარა.

თითქმის მაშინვე, სტუმრები მოწინააღმდეგის ნახევარზე გადავიდნენ და ტუღუშმა დაარტყა ძლიერად, თუმც არაზუსტად.

საკმაოდ გაუჭირდათ თამაშში ჩართვა შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებსაც, მათ შორის მასპინძელთა ბულგარელ და ალჟირელ ლეგიონერებსაც, რომლებმაც თავიანთი შესაძლებლობები ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ უჩვენეს ზესტაფონელთა ქომაგებს.

მატჩის ბოლო წუთები პაექრობაში ყველაზე უსახური გამოდგა. მეტოქეებმა თამაშის ეპილოგში ვერცერთი სახიფათო მომენტის განხორციელება ვერ შეძლეს და შეხვედრაც ლოგიკურ ფრედ - 0:0 დასრულდა.

ფაქტია - მორიგ იმერულ დებიში ქულები ორივე გუნდმა დაჰკარგა.

გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): “ვფიქრობ არცერთ გუნდს აწყობდა ასეთი შედეგი. ბუნებრივმა პირობებმა არ მოგვცა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. მინდორზე ბურთის დამორჩილება და შეტევის განხორციელების საშუალება არ იყო. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ასეთ პირობებში ეს შედეგი ლოგიკური გახლდათ”.

კახა კაჭარავა (“ზესტაფონი”): “კარგია, როცა ასეთი თამაშები ტარდება. საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. უპირატესობას ვფლობდით და მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს დავთმეთ ის მცირე ხნით”.

“ზესტაფონი” – “ტორპედო” 0:0

17 მარტი. 15:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 3000 მაყურებელი

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ლოსანო, იელიჩი, თედორე გრიგალაშვილი, ღონღაძე, გორგიაშვილი (პეტკოვი, 63), აფციაური, რაჟამაშვილი (ენდელაძე, 46), კუტალია (რეკრუკი, 82), ბოტი დემელი.

მთვარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

“ტორპედო”: მიგინეიშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ონიანი, ტაბატაძე, გიგაური, გიორგი გურული, გიორგი დათუნაიშვილი, საბანაძე (კუხიანიძე, 79), ტუღუში,  დოლიძე (ფანცულაია, 55), ბერიაშვილი (ელგუჯა გრიგალაშვილი, 65).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაფრთხილება: ჭელიძე (38), რაჟამაშვილი (44), თედორე გრიგალაშვილი (54), ონიანი (59), ელგუჯა გრიგალაშვილი (85).

არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან

 

0.359413