გულშემატკივრის სვეტი

13:09 | 13.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

იმედი სახელად ვინჩენცო

“მოგვიტევეთ, სინიორ ვინჩენცო, რომ არ გვჯეროდა თქვენი. უნდა გაგვიგოთ... როდესაც ახალგაზრდა კაცი გუნდის მწვრთნელად ინიშნება, მოლოდინები, როგორც წესი, უფრო მცირეა, ვიდრე ასაკოვანი, ჭკუადამჯდარი და ცნობილი მწვრთნელის შემთხვევაში. ახლა კი ჩვენ ვამაყობთ თქვენით! იარეთ სულ წინ!” – სოციალურ ქსელში “ფიორენტინას” ერთ-ერთი ტიფოზის ეს წერილი ალბათ ყველაზე ნათლად ასახავს ფლორენციელი ტიფოზერიის ბოლოდროინდელ განწყობებს. მათი საყვარელი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ხომ ერთი შეხედვით შეუძლებელი შეძლო და ნაკლებად გამორჩეული გუნდითა და არცთუ ძლიერი შემადგნელობით “იებს” სატურნირო ცხრილში საპატიო მეოთხე ადგილზე მიუჩინა ადგილი. თან იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და არავინ იცის, კიდევ რა სიმაღლეებს წაეპოტინება ტოსკანელთა ახალგაზრდა მწვრთნელი.
ბოლო ორი სეზონია, “ფიორენტინა” “მილანს” გასვლაზე, “სან სიროს” ლეგენდარულ სტადიონზე ამარცხებს. “ფიორენტინას” შარშანდელი გამარჯვება სულ სხვა მწვრთნელის – დელიო როსის ხელში მყოფმა გუნდმა შეძლო, მაგრამ ამ ორ საამაყო გამარჯვებას შორის, მაინც დიდი განსხვავებაა.
შარშან, მილანში გამარჯვებით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ფაქტობრივად ხელიდან გამოეცალა იტალიის ჩემპიონობის არცთუ უმნიშვნელო შანსი. წელს კი, მონტელასეული “ფიორენტინას” გამარჯვება ალბათ მაინც ჩემპიონატის რიგითი შეხვედრის სტატუსს ატარებდა. ეს, რა თქმა უნდა, იოტისოდენადაც არ აკნინებს მონტელას შესაძლებლობებს, მაგრამ მას ტიფოზების უდიდესი სიყვარულის შესანარჩუნებლად გვარიანი ოფლისღვრა და გამართლებაც დასჭირდება. მით უმეტეს, რომ “ფიორენტიანას” კალიბრის გუნდებს აღმასვლის შემდეგ, დაღმასვლა სამწუხაროდ ძალიან სწრაფად ეწყებათ ხოლმე.
თუკი ფლორენციაში დიდი სიხარულია, სრულიად საპირისპირო განწყობაა დასადგურებული ვინჩენცო მონტელას მშობლიურ ქალაქსა და მშობლიურ კლუბში. “რომას” ბოლოდროინდელი წარუმატებლობები ნამდვილად არ ამართლებს იმ თანხებსა და მონდომებას, რაც გუნდის ახალმა მფლობელებმა ჯერ კიდევ გასული წლიდან მოყოლებული დახარჯეს. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ზდენეკ ზემანი “რომას” მწვრთნელად დაინიშნებოდა, იტალიურ პრესაში უკვე იწერებოდა, რომ ასაკთან შეუსაბამოდ თავქარიანი ჩეხი მწვრთნელი “მგლებს” კარგს არაფერს დამართებდა და ამის დასამტკიცებლად, იმ პერიოდს იშველიებდნენ, როდესაც წლების წინ, ზემანი “რომას” მთავარ მწვრთნელი იყო. შეგახსენებთ, რომ ზემანისეულ ძველ “რომაში” საკმაოდ კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ და გუნდიც მეტად სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა. მაგრამ “რომა” ზუსტად ისეთ სტილში მარცხდებოდა, როგორც ბოლო დროს მარცხდება. გაიტანდა პირველ გოლს და მერე წარმატებულად დაწყებული მატჩის შედეგის შენარჩუნება უჭირდა (მაგალითად, ერთ თამაშს 6:3 იგებდა, შემდეგ კვირას კი სხვა გუნდთან 2:5 აგებდა). სწორედ მაშინ, მარჩელო ლიპიმ “რომას” “არასერიოზული გუნდი” უწოდა. ვინჩენცო მონტელა მაშინდელ “რომაში” ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო და დელვეკიო-ტოტისთან ერთად, შესანიშნავ შემტევ ტრიოს ქმნიდა.
ახლა, როდესაც “რომას” ასე უჭირს, იტალიის დედაქალაქის ჩრდილოეთით (სადაც ძირითადად “რომას” ქომაგები სახლობენ), ვინჩენცო მონტელას გუნდში დაბრუნებაზე უკვე სერიოზულად დაიწყეს ფიქრი. იმ მონტელასი, რომელიც ორი წლის წინ თავად დაითხოვეს კლუბიდან და მანამდე არაერთხელ გამოფინეს “ოლიმპიკოს” ტრიბუნებზე ტრანსპარანტები წარწერით “ვინჩენცო, წაეთრიე!”, “მონტელა მოღალატეა” და მისთანანი... ახლა კი, რომშიც და მთლიანად იტალიაშიც, ბევრი მიხვდა, რომ მონტელა ნამეტანი გონიერი მწვრთნელი გამოდგა და ახალი თაობის იტალიელ მწვრთნელებს შორის თავის ადგილს თანდათან იკავებს.
მსაჯობისა არ იყოს, მწვრთნელობაც ძალიან უმადური საქმეა და არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც კარგი მწვრთნელისათვის პატარა შეცდომებიც კი არ უპატიებიათ და გუნდიდან დაუთხოვიათ. მაგრამ მონტელას შემთხვევა ყველაფერთან ერთად ალბათ მაინც პირდაპირ თავმოყვარეობას უკავშირდება. თუკი ასრულდა “რომას” ქომაგების სურვილი და “აეროპლანინომ” (ფეხბურთელობისას მონტელას გატანილი გოლების აღნიშვნის ორიგინალური სტილის გამო შეარქვეს ეს მეტსახელი) “ფიორენტინა” ამ ზამთარშივე მიატოვა და “რომაში” დაბრუნდა, ეს მისი მხრიდან, პირველ რიგში, საკუთარი პრინციპებისა და ღირსების, შემდეგ კი ფლორენციელი გულშემატკივრების ღალატი იქნება. მჯერა, რომ მონტელა ამ ნაბიჯს არ გადადგამს!
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

0.116669