ჭადრაკი

22:02 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილუმჟინოვი ყიფიანს შეუთანხმდა - 2015 წელს თბილისში 16 წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, თბილისში საქმიანი ვიზიტით მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი) იმყოფება. ილუმჟინოვი FIDE-ს 1993 წლიდან ხელმძღვანელობს და მისი თქმით, მიმდინარე წლიდან, FIDE-ს პარალელურად იგი ინტელექტუალური თამაშების ფედერაციას ჩაიბარებს.
25 თებერვალს, 18:00 საათზე, ილუმჟინოვმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში, აღნიშნული ორგანიზაციის მინისტრ ლევან ყიფიანთან, მის მოადგილეებთან – ზურაბ აზმაიფარაშვილთან, თამაზ თევზაძესთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად მედიისთვის ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგის ძირითადი თემა 2015 წელს თბილისში დაგეგმილი 16 წლამდე მოჭადრაკეთა ოლიმპიადა იყო, რომელიც ნაკრებ გუნდებს შორის ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი კატეგორიის მოჭადრაკეებს შორის ოლიმპიადა საქართველოში პირველად გაიმართება.
კირსან ილუმჟინოვი: “ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციისთვის, რომელიც პლანეტის 178 ქვეყანას აერთიანებს, თბილისი მშობლიური ქალაქია. ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ ამ ქალაქში, სადაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულები - ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე ცხოვრობენ. თბილისში ბატონი მინისტრის ლევან ყიფიანის მოწვევით ვიმყოფები. განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოში ჭადრაკის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”.
ლევან ყიფიანი: “საბოლოოდ მოვილაპარაკეთ და დავგეგმეთ, რომ 2015 წლის ბავშვთა საჭადრაკო ოლიმპიადას თბილისი უმასპინძლებს.
ილუმჟინოვმა შემოგვთავაზა, რომ 2016 წელს ინტელექტუალურ თამაშებში მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დიდი შანსია, რომ იგი თბილისში ჩატარდეს.”
26 თებერვალს დაგეგმილია ილუმჟინოვის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან.

0.484885