ფეხბურთი

19:00 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ილია კოკაია: “თუ მუნიციპალურ კლუბებს აფინანსებენ, კერძოებმა რა დააშავეს?”

“პროკურატურაში გამოძიებული გარიგებული თამაშების ტომები დევს, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო?”

 

ბოლო დღეებში ბევრი საუბარია მუნიციპალურ და კერძო კლუბებზე. მათ შესაძლო თანაურთიერთობაზე. ფაქტია, რომ ჩვენს სინამდვილეში სახელმწიფოს დახმარების გარეშე არაფერი გამოვა. მეორე მხრივ, ამბობენ, სახელმწიფოს მიერ კლუბების დაფინანსება მახინჯი მოვლენააო და მართალიცაა. მაგრამ, კიდევ გავიმეორებთ, ქართულ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. წლეულს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 5 მუნიციპალური გუნდია (გორის “დილა”, “ზუგდიდი”, ბოლნისის “სიონი”, ფოთის “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო”), ზაფხულიდან მათ პირველი ლიგიდან გადმოსული კიდევ ორი საბიუჯეტო გუნდი: ცხინვალის “სპარტაკი” და ლანჩხუთის “გურია” დაემატებათ. სხვა მხრივ, კერძო კლუბები საკუთარი უფლებების დაცვას და იდენტურ დაფინანსებას ითხოვენ. რაც ასევე სამართლიანია. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ “ზესტაფონის” პრეზიდენტმა, ილია კოკაიამ, გუნიას ქუჩაზე მდებარე კლუბის თბილისურ ოფისში მიგვიწვია.

ილია კოკაია: ქართულ ფეხბურთში შექმნილი კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე გადავწყვიტე გაგსაუბრებოდით. მთავარი საკითხი ისაა, რომ კვლავ გაურკვეველია მუნიციპალური და კერძო კლუბების თანაარსებობის საკითხი. ჩვენ ამაზე ადრც გვილაპარაკია 12-ის შეხვედრაზე და თითქოს გადაწყდა რომ გაისიდან მუნიციპალური გუნდები საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ დღეისათვის სიტუაცია ისევ გაურკვეველია და თუ ასე გაგრძელდა, ჩემთვის, როგორც კერძო ინვესტორისთვის, ამ ჩემპიონატში თამაში უინტერესო გახდება. მაგალიად, დღეს ორ ბიუჯეტს განვიხილავდი, ერთი გუნდის დაფინანსებისა, რომელიც საკმაოდ სერიოზული თანხაა, მეორე -  გუნდის დაშლის, სამაგიეროდ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და ბავშვთა გუნდის განვითარებისა. ახლა ამ ორს შორის უნდა ამოვირჩიო. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნება სახელმწიფოს ფეხბურის მიმართ,

ბოლო დროს მუნიციპალური გუნდების შესახებ ბევრი გვესმის. მაგალითად, ახლა აღმოჩნდა, რომ გორის “დილას” თურმე ფინანსური პრობლემები აქვს და თუ არ მოგვარდა, შესაძლოა ევროთასებზე ვერ ითამაშოს. ძალიან სამწუხარო ამბავია, გორში მართლაც კარგი გუნდი გააკეთეს და მისი დაშლა საცოდაობა იქნება, მაგრამ თავის დროზე რატომ მისცეს ლიცენზია? ამაში ფეხბურთის ფედერაციამაც ძალიან ცუდი როლი ითამაშა. დღეს ბატონი სიჭინავა ამბობს, რომ უეფას კონსულტაციების საფუძველზე დაუშვეს ლიცენზია, მაგრამ არა მგონია უეფას, გორის გამგებლისა თუ მისი მოადგილის წერილის საფუძველზე მიეცა კონსულტაცია, სად იყო საბანკო ან საბიუჯეტო გარანტიები? ნუთუ შეიძლება ფარატინა ქაღალდის საფუძველზე ლიცენზიის გაცემა? მაშინვე რომ აეტეხათ ხმაური და ნორმალური გარანტიები მოეთხოვათ, დღეს ამ ვითარებაში არ იქნებოდნენ. ჩვენ მაშინაც ვამბობდით ამ პრობლემის შესაებ, მგრამ სხვანაირად გაგვიგეს. კიდევ ვიმეორებ, გორს მართლაც კარგი გუნდი ჰყავს და თავის დროზე რომ ინვესტორი მოეძებნათ, ამ დღეში არ ჩავარდებოდნენ.

Aრა გამოდის, ზოგ კლუბს ძალიან რთულად აძლევენ ლიცენზიას, ზოგს კი რაღაც ფარატინა ქაღალდების საფუძველზე. ამიტომ მოვითხოვთ ყველასადმი თანაბარ დამოკიდებულებას. კი ბატონო, დაეხმარონ საბიუჯეტო გუნდებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ კერძო კლუბებმა რა დააშავეს? თუკი ჩემი გადახდილი გადასახადით კონკურენტს მიფინანსებ, მაშინ მეც მომეცი იმდენივე და ამით გასწორდება ყველაფერი. თუ არა და, ფეხბურთში ინვესტიორება უინტერესო ხდება. მაშინ გადავცემ მთელს ჩემს ინფრასტრუქტურას ზესტაფონის მუნიციპალიტეტს და თავად საერთოდ გავალ ამ ბიზნესიდან.

-“დილას” მენეჯერის, გია ისიანის პროექტზე რას გვეტყვით?

-გიას დიდ პატივს ვცემ. ნიჭიერი კაცია, მაგრამ დღევანდელ პირობებში ამ პროექტის განხორციელება არარეალურად მეჩვენება.

-გარიგებულ თამაშებზეც ვთქვათ.

-დიახ, ჩვენს ჩემპიონატში გარიგებული და “ჩაწყობილი” თამაშების რაოდენობამ რაღაც კატასტროფულ ზღვარს მიაღწია. ამ პრობლემის შესახებ შარშანაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ. ახლახან საგამოძიებო ორგანოში გახლდით და გაოგნებული დავრჩი, უკვე გამოძიებული საქმეების ტომებითაა ოთახი სავსე, კონკრეტულად იციან რომელმა ფეხბურთელმა თუ მსაჯმა როდის რა გააკეთა, რატომ არ რეაგირებს ამაზე სახელმწიფო?

0.135276