აზერბაიჯანულმა სპორტულმა ვებგვერდმა www.azerisport.com-მა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიას ინტერვიუ გამოაქვეყნა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს ჩემპიონი გუნდის შეფს ბაქოს “ნეფთჩისთან” მომავალი დაპირისპირების შესახებ ესაუბრა. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 17 ივლისს, ბაქოში გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი, ზესტაფონი 24 ივლისს უმასპინძლებს.
- წილისყრამ “ნეფთჩის” შეგახვედრათ. რას იტყვით?
- მშვენიერია! ბაქო ახლოსაა. დამღლელი მგზავრობის გარეშე ჩავალთ, ვითამაშებთ და უკან დავბრუნდებით.
- გამოდის, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონთან შეხვედრამ გაგახარათ?
- ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა მეტოქე გუნდის სახელის ცოდნა. ამ ეტაპზე სუსტი კლუბები არ არიან და ესაა მთავარი.
- რისი თქმა შეგიძლიათ “ნეფთჩის” შესახებ?
- ამ კლუბის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენი “ზესტაფონისგან” განსხვავებით, “ნეფთჩი” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაშობდა.
- გასულ სეზონში “ზესტაფონს” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე სულ ცოტა დააკლდა. როგორ შეაფასებთ შანსებს “ნეფთჩის” წინააღმდეგ?
- შანსებს ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ ვაფასებთ. შესაბამისად, “ზესტაფონი” ფავორიტია. ეს წილისყრამაც აჩვენა. ჩვენი გუნდი განთესილი კალათადან გამოვიდა.
- პირველი თამაშის ბაქოში ჩატარება თქვენთვის მომგებიანი იქნება?
- ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, “ნეფთჩის” მწვრთნელის სიტყვები იყო. მან განაცხადა, რომ ხელოვნურ საფარზე აპირებს საშინაო შეხვედრის ჩატარებას. ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად ფეხბურთისთვისაც ცუდია. წარმოიდგინეთ, როგორია აუტანელ, ორმოცგრადუსიან სიცხეში სინთეტიკაზე ბურთაობა.
- რა ამოცანას უსახავთ თქვენს გუნდს?
- შემადგენლობის გაძლიერებას ვგეგმავთ. ამოცანა კი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.