ინტერვიუები

10:51 | 26.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ილია კანდელაკი – ნაკრებში სულით და გულით

რაც უკვე გარდაუვალია, 3 მარტს საქართველო – ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთა მატჩში, “ჯვაროსნებს”  ჯაბა კანკავა დაკლდებათ. გეცოდინებათ, უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი ტრავმირებულია. სხვა დანაკლისზე კი, ჯერჯერობით, უცნობია – ყოველ შემთხვევაში, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე სოსო ჭედიამ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, არცერთ ფეხბურთელზე არ აქვს ინფორმაცია, რომ ჩამოსვლაზე პრობლემა ექმნებოდეს.
“გაზეთებში დაიწერა კახა კალაძის ტრავმაზე, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ერთიც, 27 თებერვალს, “ზესტაფონი” – თბილისის “დინამოს” მატჩს დავესწრებით და თემურ ქეცბაიაც მას შემდეგ შეარჩევს ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც დანაკლისის შემთხვევაში დაემატებიან ნაკრებს”, – განაცხადა ჭედიამ.
ტრავმირებული იყო ავსტრიული “შტურმის” მარცხენა მცველი ილია კანდელაკიც, თუმცა ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს გუნდთან ერთად და როგორც თავად განუცხადა “მსოფლიო სპორტს”, 1 მარტს თბილისში იქნება. კანდელაკს ავსტრიაში დავუკავშირდით და სანაკრებოს გარდა, საკლუბო და პირადულ ამბებზეც ვკითხეთ:
- ტრავმის გამო, “შტურმში” მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი გაგიცდა. ახლა როგორ გრძნობ თავს?
- სამი-ოთხი დღეა, რაც ვარჯიში დავიწყე. გუნდთან ერთად ვემზადები. საზარდულისა და პრესის შემაერთებელი კუნთი მაწუხებდა.   
- ავსტრიის მაქს-ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშებ?
- ყოველ შემთხვევაში, მზად ვარ. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.   
- “შტურმის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვა ხომ არ გემუქრება?
- კონკურენცია ყველა ნორმალურ კლუბშია. ჩემს პოზიციაზე ვინც თამაშობდა, ერთი ფეხბურთელი გაუშვეს, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს, რომელიც ასევე ტრავმირებული იყო. ბოლო შეხვედრაში მარცხენა მცველად  ახალბედამ ითამაშა. ვნახოთ, არა მგონია, თამაშის პრაქტიკა მომაკლდეს.
- რამდენადაც ვიცით, “შტურმთან” კონტრაქტი უნდა გაგეხანგრძლივებინა.
- “შტურმმა” გაუმჯობესებული ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, რადგან ამ ზაფხულს კონტრაქტი მიმთავრდება და თუ არ გავახანგრძლივებ, თავისუფალი აგენტი გავხდები. ჯერჯერობით, მოლაპარაკებებში ვარ ჩართული, ძალიან დიდხანს გაიწელა ეს ამბავი და არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ.
- ალბათ, პირობებზე ვერ თანხმდებით.
- დიახ, ასეა. ვნახოთ, ჩემი გადასაწყვეტია. ან გავახანგრძლივებ, ან თავისუფალი აგენტი გავხდები.
- და ეროვნულ ნაკრებზეც: თემურ ქეცბაიამ ესტონეთთან მატჩისთვის გამოგიძახა და ალბათ, გახარებული იქნები.
- რა თქმა უნდა. თუ თამაში მომიწია, სულსა და გულს ჩავდებ. ბოლოს, წელიწადნახევრის წინ ვითამაშე ნაკრებში და მომენატრა.
- რეალურად თუ გაქვს იმედი, რომ კლაუს ტოპმიოლერისა და ექტორ კუპერის დროინდელ ნაკრებზე უკეთესი შედეგი ექნება ქეცბაიას გუნდს?
- რეალურია, რომ ასე იყოს. მჯერა, ნაკრების თამაშის ხარისხი მოიმატებს, შემადგენლობაც გაცილებით ოპტიმალური იქნება ხოლმე და სწორედ ეს უნდა იყოს წინსვლის საწინდარი. ქეცბაიასთან ერთად არ მითამაშია, მაგრამ პირადად ვიცნობ - ესეც რომ არა, ყველამ იცის, როგორი მწვრთნელიცაა.

ილია ნანობაშვილი
 

0.126892