მამობის სიხარული და გამშობლების თანმხლებმა ბედნიერების განცდამ გვერდი არც ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” გოლკიპერს, იკერ კასილასს აუარა. რამდენიმე დღის წინ, იკერი ვაჟიშვილის მამა გახდა და ეს სასიხარულო მოვლენა მას თითქმის მთელმა ესპანეთმა მიულოცა.
მიუხედავად იმისა, რომ იკერმა თავისი სატრფო, ცნობილი ჟურნალისტი, სარა კარბონერო, ვერა და ვერ მოიყვანა ცოლად, ამას წყვილისათვის ხელი არ შეუშლია, კასილასების გვარის გამრავლებაზე და შვილის ყოლაზე ეფიქრათ. მით უმეტეს, კასილასი შვილზე დაუფარავად ოცნებობდა.
როგორც ესპანური მედია იუწყება, სარა კარბონერომ, ბავშვისათვის სახელის შერჩევის პატივი მთლიანად მამას დაუთმო. იკერ კასილიასმა თავის ვაჟიშვილს სახელად მარტინი დაარქვა და სამშობიარო სახლიდან გამოსულმა, ცრემლების თანხლებით განაცხადა, რომ ასეთი გახარებული და ბედნიერი აქამდე არასოდეს ყოფილა.