ფეხბურთი

22:22 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

იკერის პირველი მარცხი, მესის ტრადიციული სტარტი, პსჟ-სთვის დათარსული აგვისტო

ევროპის თითქმის ყველა წამყვანმა ჩემპიონატმა სტარტი აიღო. იტალიის გარდა, საუკეთესო 5 ლიგიდან ყველა დაიწყო და არაერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა.

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ქვეყნის სუპერთასის განმეორებითი მატჩი გაიმართა. „ატლეტიკომ“ „რეალი“ საკუთარ კედლებში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა. შედეგად, „როხიბლანკოს“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდმა ესპანეთის სუპერთასი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით მოიგო. 2014-15 წლების სეზონი ზედიზედ მეექვსეა, რომელშიც „ატლეტიკო“ მინიმუმ ერთ ტიტულს იგებს.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა განსაკუთრებით სამწუხაროდ იკერ კასილიასისთვის დამთავრდა. „რეალის“ კაპიტანი „ატლეტიკოსთან“ დერბიში 29-ედ თამაშობდა და მან პირველად წააგო. წინა 28 დაპირისპირებიდან იკერს 21 მოგებული ჰქონდა.

კასილიასისგან განსხვავებით, მადრიდულ დერბიში დამწუხრება სიახლე არაა დიეგო სიმეონესთვის. „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი „რეალთან“ გამართულ ბოლო 3 მატჩში მოედნიდან მეორედ გააძევეს.

„ატლეტიკოსთან“ გამართულ მატჩში კვლავ აქტუალური იყო კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა. პორტუგალიელი მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა. მან, „რეალის“ ბოლო 9 ოფიციალური თამაშიდან სრულად მხოლოდ 5 ჩაატარა. არადა, წინა 40 მატჩიდან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა 39-ში 90 წუთი ითამაშა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ესპანეთის ჩემპიონატშიც, რომელმაც სტარტი 23 აგვისტოს აიღო.

ლიონელ მესიმ ლა ლიგის პირველ მატჩში გოლი ზედიზედ მე-5 სეზონში გაიტანა, ხოლო უკანასკნელ 4 შემთხვევაში მან თავი დუბლით გამოიჩინა. თუმცა, ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მესიმ „ბარსელონასთვის“ სეზონის პირველი გოლი გაიტანა. არადა, მის აქტივში კატალონიური გუნდის მაისურით გატანილი 356 ბურთია.

ლა ლიგის პირველ ტურში მესის სულ 10 გოლი აქვს გატანილი. ამ მაჩვენებლით ის არიეტას, პანიცოსა და პუშკაშს გაუთანაბრდა. ამ მხრივ რეკორდსმენი პაინიოს აქტივში 15 გოლია.

„ეიბარი“ პრიმერა დივიზიონში პირველად თამაშობს. ბასკებმა სადებიუტო თამაში იმავე ავტონომიის წარმომადგენელ „სოსიედადთან“ ჩაატარეს. ეს მატჩი განსაკუთრებული იმითაა, რომ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ესპანელი ფეხბურთელები იყვნენ. ლა ლიგაში ასეთი რამ უკანასკნელად 2010 წლის მარტში, „ხიხონსა“ და „ბილბაოს“ შორის გამართულ დაპირისპირებაში მოხდა.

ესპანეთის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო „ვალენსიას“ ახალწვეულისთვის, როდრიგო დე პაულისთვის. 20 წლის შემტევი „ღამურების“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩს ატარებდა. ფეხბურთელი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო 67-ე წუთზე მან წითელი ბარათი მიიღო. ეს, ლა ლიგის ისტორიაში, დებიუტანტისთვის ყველაზე სწრაფი გაძევებაა.

 

ინგლისის პრემიერლიგაში მე-2 ტური გაიმართა და ის „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კვლავ წარუმატებელი გამოდგა. პირველ ტურში წაგების შემდეგ, „წითელმა ეშმაკებმა“ ქულები კვლავ დაკარგეს. 2 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს, რაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა. თუმცა, ინგლისში მხოლოდ „მანჩესტერმა“ იცის, პირველ ორ ტურში ვერმოგების მიუხედავად როგორ უნდა გახდეს ჩემპიონი. „წითელმა ეშმაკებმა“ ეს 3-ჯერ - 1993, 1999 და 2008 წლებში მოახერხეს.

მე-2 ტურის წარუმატებლობა, შესაძლოა, კალენდრის ბრალიც იყოს. ფაქტია, რომ „მანჩესტერს“ ადგილობრივი დროით დღის 4 საათზე თამაში არ მოსდის. ამ დროს გამართული ბოლო 8 შეხვედრიდან „წითელმა ეშმაკებმა“ მხოლოდ 1 მოიგეს.

2014-15 წლების სეზონი ძალიან კარგად დაიწყო „ტოტენჰემის“ 20 წლის ახალწვეული მცველისთვის, ერიკ დაიერისთვის. მან თავი პრემიერლიგის ორივე ტურში გამოიჩინა. ამ ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მცველმა გოლი თავის პირველ ორ თამაშში გაიტანა. იმასაც აღვნიშნავთ, რომ მთელს გასულ სეზონში, „ტოტენჰემის“ არცერთ მცველს ერთზე მეტი გოლი არ გაუტანია.

„ტოტენჰემის“ მხრიდან თავი დუბლით გამოიჩინა ნასერ ჩადლიმ, რომლის მე-2 გოლიც 48 ზუსტი გადაცემის შემდეგ გავიდა. პრემიერლიგის მთელს გასულ გათამაშებაში არცერთ გოლს წინ არ უძღოდა კომბინაცია, რომლის დროსაც 24 პასზე მეტი გაკეთდა.

„ევერტონის“ ნახევარმცველმა, სტივენ ნეისმითმა თავი მე-2 ტურის მატჩშიც გამოიჩინა და წინა შეხვედრის მსგავსად, მან გოლი ამჯერადაც 45-ე წუთზე გაიტანა. პრემიერლიგის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

ნეისმითის გოლის წყალობით, „ევერტონი“ „არსენალთან“ 2:0 დაწინაურდა. 83-ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა, მაგრამ ლონდონელებმა ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. „მეთოფეების“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გუნდი პრემიერლიგის მატჩის 83-ე წუთამდე 2 ბურთით აგებდა, მაგრამ თამაში მაინც ფრედ დასრულდა.

 

აგვისტოს თვე ტრადიციულად წარუმატებელია „პარი სენ ჟერმენისთვის“, რომელმაც ლიგა ერთის პირველ 3 ტურში ქულები უკვე 2-ჯერ დაკარგა. პარიზელებმა, წლის მე-8 თვეში ჩატარებული ბოლო 17 თამაშიდან მხოლოდ 5 მოიგეს. თუმცა, „ევიანთან“ უგოლო ფრე მხოლოდ შვებულებიდან ახლახანს დაბრუნების ბრალი არაა. ლორან ბლანის გუნდს ხომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლდა. შვედის გარეშე პარიზელები მატჩების მხოლოდ 40 პროცენტს იგებენ, როცა მასთან ერთად ეს მაჩვენებელი 71%-ს უდრის.

გოლების სიმწირეს მხოლოდ „ევიანისა“ და პსჟ-ს მატჩი არ უჩიოდა. მთელს მე-3 ტურში მხოლოდ 14 გოლი გავიდა. ეს, 2010-11 წლების სეზონის მე-17 ტურის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ლიგა ერთში ასეთი ცოტა გოლის გასვლის ერთ-ერთ მიზეზი გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანებია. ფეხბურთელებმა 3 პენალტი გააფუჭეს. ერთ-ერთი მათგანი „მონაკოს“ კარში დაინიშნა. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი, მიმდინარე გათამაშებაში, მსაჯებმა უკვე მეოთხედ დასაჯეს და წინა 3 შემთხვევისგან განსხვავებით, სუბასიჩმა ბურთის მოგერიება მოახერხა.

„სენტ ეტიენის“ თავდამსხმელის, მევლუთ ერდინგისგან თერთმეტმეტრიანის გაფუჭება გასაკვირი არ ყოფილა. ბოლო 5 პენალტიდან მეკარეებმა მას 3 აუღეს.

 

იტალიის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უქმეებზე თასის თამაშები გაიმართა. „უდინეზესა“ და „ტერნანას“ დაპირისპირება ანტონიო დი ნატალეს კარიერაში განსაკუთრებულია. უდინელთა უბერებელ კაპიტანს, 18-წლაინი კარიერის განმავლობაში, 293 გოლი გაუტანია, მაგრამ ერთ მატჩში მეტოქის 4-ჯერ დამწუხრება მან პირველად მოახერხა.

 

ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების გამორჩეული ფეხბურთელი პსვ-ს შემტევი მემფის დეპაია. ეინდჰოვენელებმა, 3 ტურში, ზუსტად დარტყმა 19-ჯერ მოახერხეს და 12 გოლი გაიტანეს. ეს, უპირველესად, სწორედ 20 წლის ფეხბურთელის დამსახურებაა. მისი დარტყმული ჯერ არცერთ მეკარეს არ აუღია - დეპაიმ კარში ბურთი 5-ჯერ მოახვედრა და ხუთივეჯერ გაიტანა. ამას ერთი შედეგიანი გადაცემაც ემატება.

 

გერმანიის ბუნდესლიგის 2014-15 წლების სეზონის პირველ ტურში, „დორტმუნდსა“ და „ლევერკუზენს“ შორის გამართული შეხვედრა ტურნირის ისტორიაში შევიდა. მატჩი მხოლოდ 9 წამის დაწყებული იყო, როდესაც სტუმართა ნახევარმცველმა, ქარიმ ბელარაბიმ ანგარიში გახსნა. ეს გოლი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფია.

0.112441