ინტერვიუები

17:47 | 10.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი: “საქართველოსთან უმძიმესი მატჩი გვქონდა”

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილიასმა Cadena Cope-ს მისცა ინტერვიუ. ჩატარებული მატჩების რაოდენობით “ფურია როხას” რეკორდსმენმა ჟურნალისტებთან როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო და პირად თემებზე ისაუბრა.

- უახლოეს დღეებში მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის მნიშვნელოვანი შესარჩევი მატჩების ჩატარება მოგიწევთ. რა განწყობით ხვდებით ბელარუსისა და საფრანგეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს?
- განწყობა საბრძოლოა და ყურადღების ოდნავადაც კი მოდუნებას მეტოქეები არ გვაპატიებენ. თავადაც ხომ ნახეთ, საქართველოსთან როგორი უმძიმესი მატჩი გვქონდა. 1:0 კი მოვიგეთ, მაგრამ თბილისში დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ეს არცაა გასაკვირი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ ნებისმიერი მეტოქე გაათმაგებული ენერგიით თამაშობს. ესპანეთის ნაკრებში სადღეისოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს და სავარაუდოდ, ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ “ფურია როხა” გაახალგაზრდავდება.
- ეს თქვენც ხომ არ შეგეხებათ?
- ვიმედოვნებ, ეროვნულ გუნდში კიდევ 4 წელი ვითამაშებ. ამის შემდეგ გზას უფრო ახალგაზრდა მეკარეებს დავუთმობ.
- რამდენიმე დღის წინათ ჩატარებულ “ელ კლასიკოს” გვერდს ვერ ავუვლით...
- პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და მეტის მიღწევაც თავისუფლად შეგვეძლო. თუნდაც, კარიმ ბენზემას მომენტი გავიხსენოთ. “ბარსელონამ” კი თავისი პირველივე ხელსაყრელი სიტუაცია გოლად აქცია და ანგარიში გაგვიყაიმა. ფრე ჩვენთვის ურიგო შედეგი არაა და ახლა არაა საიმისო დრო, იმაზე ვისაუბროთ, რა მოხდებოდა ამა თუ იმ ეპიზოდში უფრო მეტად ჩვენ ან “ბარსას” რომ გამართლებოდა.
- სადღეისოდ “რეალი” უკეთ გამოიყურება თუ “ბარსელონა”?
- ჩემი აზრით, არაკორექტული კითხვაა. პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს თუ გადავავლებთ თავს, ვნახავთ, რომ “რეალზე” უფრო მაღლა არა მარტო “ბარსელონა” დგას, არამედ “ატლეტიკოც” გვისწრებს და “მალაგაც”. თუმცა, ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. სეზონმა სტარტი ხომ არცთუ დიდი ხნის წინათ აიღო, ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ ბევრი მატჩის ჩატარება მოგვიწევს და ყოველმხრივ შევეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას. გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. მადრიდის “ატლეტიკოს” რაც შეეხება, ეს გუნდი შემთხვევით არ მიხსენებია. მას შემდეგ, რაც ჩვენ თანაქალაქელებს სათავეში არგენტინელი დიეგო სიმეონე ჩაუდგა, “ატლეტიკოს” ყველა უნდა უფრთხოდეს. სიმეონემ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შთაბერა.
- ტრადიციულად ქცეული კითხვა – ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ?
- არჩევანს კრიშტიანუს სასარგებლოდ გავაკეთებ. მას კარგად ვიცნობ და იმასაც მშვენივრად ვხედავ, როგორ ირჯება იგი წვრთნებისას და რამხელა საფეხბურთო ამბიცია აქვს.
- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ თქვენ “ოქროს ბურთის” მოპოვების რეალური კანდიდატი ხართ...
- კარგად ვიცი, რომელიმე სანაკრებო პარტნიორისთვის ხმის მიცემა შემიძლია, მაგრამ მაქვს საიმისო უფლება, კენჭისყრისას საკუთარი თავი პირველ ადგილზე დავაყენო? ეს ხუმრობით, რასაკვირველია. ნამდვილად არ ვიკადრებ, ხმა კასილიასს მივცე.
- ყოველწლიურად უამრავი მატჩის ჩატარება გიწევთ. არ იღლებით?
- ბოლო 3 წლის განმავლობაში შვებულება პრაქტიკულად არც კი მქონია. სეზონთშორისი დასვენებისთვის 15-20 დღეც რომ მქონდეს, ამ დროს მაინც სამომავლო ბატალიებისთვის მზადებას და ფიქრს მოვანდომებდი. ასეთია პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება. გარკვეულ საკითხებში პრივილიგირებულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ხშირად პირადულის შეწირვა გვიწევს საერთო საქმის საკეთილდღეოდ. სხვაგვარად დიდ ამოცანას ვერ გადაჭრი. ვიმედოვნებ, მომავალი წელი ოდნავ მაინც უფრო “წყნარი” მექნება.
- ბედნიერი ხართ?
- საკუთარ თავს ყოველთვის კრიტიკულად ვუდგები. ღოდესაც მადრიდის “რეალი” ან ესპანეთის ნაკრები გოლს უშვებს, მიზეზს საკუთარ თავში ვეძებ და არა პარტნიორებში. ამგვარი მიდგომა ხანდახან თამაშში ხელს მიშლის კიდეც. Aრასდროს მტოვებს განცდა, რომ მეტის გაკეთება შემეძლო. ზურგს მეტად წარმატებული საფეხბურთო კარიერა მიმაგრებს, მაგრამ გულშემატკივარს “მოკლე მეხსიერება” აქვს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მომავალზე ვარ ორიენტირებული და ვიმედოვნებ, წინ ბევრი გამარჯვება მელის.

გოჩა კაჭარავა

0.115801